წერილები ამერიკიდან: 10 ივნისი

მონიტორი მამცნობს, რომ დაახლოებით გრენლანდიის თავზე ვარ, ატლანტიკის ოკეანის ზედაპირიდან ზუსტად 13113 მეტრზე, კაბინის გარეთ კი საშინლად ყინავს, მინუს 45 გრადუსია.

სანახევროდ სავსე ლუფტჰანზას ეარბასი თითქმის ექვსი საათია მიუნხენიდან ნიუ იორკისკენ მიმაქროლებს. რამდენიმე ათეულ მგზავრთან ერთად 6586 კილომეტრი უკან მოვიტოვე, მაგრამ წინ კიდევ 1961-ია. ეს მანძილი დროში 2 საათსა და 19 წუთს უდრის, ესე იგი, კიდევ ერთი ფილმის ნახვას მოვასწრებ.

ჩემს წინა რიგში, სავარძელში ჩამონტაჟებულ ეკრანზე დოკუმენტური ფილმების ჩამონათვალს ვათვალიერებ. „ერთი ზაფხული იტალიაში“, ასე ეწოდება გერმანულ ფილმს, რომელიც ბუნდესნაკრების მესამე მსოფლიო ტრიუმფზე მოგვითხრობს, 1990 წლის ზაფხულში იტალიაში მოგებულ ფიფას ოქროს თასზე და რაც ზედმიწევნით ზუსტად შეესაბამება ჩემს განწყობას.

მე მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრები. პირველად. სულ მალე ნიუ იორკში ვიქნები და ვხვდები, რომ ამ საოცარ ქალაქამდე დარჩენილ ორ საათს მშვენივრად გავატარებ. საფეხბურთო დოკუმენტური ფილმები ყოველთვის მხიბლავდა, იტალია 1990 კი ისეთი ტკბილი მოგონებაა, რომ ვერაფერს შევადარებ. იდეალური კომბინაცია გამოვიდა!

ჩემი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკა 1986 იყო. მესამე კლასის მოსწავლეს იმ დროს საფეხბურთო ტელერეპორტაჟებზე უფრო ფეხბურთის თამაში მიყვარდა, მაგრამ მაინც, იმ მუნდიალის რამდენიმე მატჩი თავიდან ბოლომდე ვნახე. მაგალითად საბჭოთა კავშირი-უნგრეთი, საბჭოთა კავშირი-საფრანგეთი, საბჭოთა კავშირი-ბელგია… კიდევ რამდენი მატჩი მახსენდება, ფინალი კი, დიეგო მარადონას არგენტინის და მწვანე ფორმით მოთამაშე გერმანიის დაპირისპირება სულაც ჩემ დაბადების დღეს დაემთხვა, 1986 წლის 29 ივნისს 8 წლისა გავხდი.

მე ფეხბურთს ვთამაშობდი, ის კი მეგობრებთან ერთად ფინალს უყურებდა ღვინისძიების თანხლებით. მახსოვს, რომ ფინალის ტელერეპორტაჟი შუადღით იყო. როცა მათთან შევირბინე, ბილარდოს ბიჭები ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ მალე გერმანელებმა ანგარიში გაათანაბრეს. სწორედ იმ დროს ერთ-ერთმა სტუმარმა მკითხა, ვინ მოიგებსო. რატომღაც, არგენტინა-მეთქი, ვუპასუხე. მერე კი ბურუჩაგას საჩემპიონო დარტყმა იყო, რასაც წითელი თუმნიანების ცვენა მოჰყვა.

ოთხი წლის შემდეგ, 1990-ის ზაფხულში უკვე გულშემატკივარი ვიყავი: მათემატიკის რვეულში შემადგენლობებს ვიწერდი, კედლის კალენდარს ვავსებდი, ჩემპიონატის ლამის ყველა მონაწილის საუკეთესო ფეხბურთელებს სახეზე ვცნობდი… ეგ კი არა, იმ დაუვიწყარი ტურნირის თამაშების პირდაპირ ეთერში ხილვის სანაცვლოდ ქორწილებსაც კი ვაცდენდი.

ჯადოსნური იტალიური ღამეების შემდეგ ლამის ოთხი ათეული წელიწადი გავიდა. ფეხბურთის სიყვარული იოტისოდენაზეც არ გამნელებია, ეს დიდებული თამაში წლებია რაც საქმედ იქცა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ვერ გავემგზავრე.

წელს კი, როგორც იქნა, ყველაფერს თავი მოვაბი და ამერიკისკენ გავფრინდი. მინდა რომ ბოლოს და ბოლოს საკუთარი თვალით ვნახო რა ხდება ყველაზე დიდი ტურნირის დროს მასპინძელ ქვეყანაში. არც მახსოვს რამდენი ფილმი მინახავს ამა თუ იმ მსოფლიო ჩემპიონატზე, მუნდიალების შესახებ წაკითხული წიგნების სათვალავი კარგა ხანია ამერია, მაგრამ ერთია როცა კითხულობ ან გიამბობენ და მეორე, როცა დაუვიწყარი თავგადასავლის მონაწილე ხარ.

ფიფას ოქროს თასის რიგით XXIII გათამაშების ოფიციალურ გახსნამდე ზუსტად ერთი დღეა დარჩენილი, თანამასპინძელ ამერიკაში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე კი თვითმფრინავში მშვენიერი საფეხბურთო ფილმი ვნახე. გულშემატკივრისთვის ამაზე უკეთესი, მგონი, ბევრი არაფერია.

„ერთი ზაფხული იტალიაში“ ძალიან კარგი ფილმი გამოდგა. მეგონა, რომ იტალია 1990-ის შესახებ ლამის ყველაფერი ვიცოდი, მით უმეტეს ჩემპიონებზე, მაგრამ… ლოთარ მათეუსი იმ გერმანიის ნაკრების კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი იყო; იურგენ კლინსმანი საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ; რუდი ფიოლერი იმ ჩემპიონატის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდის მთავარი მონაწილე; ანდრეას ბრემე – ფინალური მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი; გვიდო ბუხვალდი – დიეგო მარადონას მეურვე დრამატულ ფინალში; ბოდო ილგნერი – ნომერ პირველი გოლკიპერი; პიერ ლიტბარსკი – ბუნდესნაკრების სათადარიგო, მაგრამ უღალატო ჯარისკაცი; ანდრეას მიოლერი ამბიციური, თუმცა ჯერაც სათადარიგო მოთამაშე; თომას ჰესლერი და შტეფან როიტერი მთავარ ვარსკვლავებს არ მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ თავის სიტყვას ამბობდნენ.

ჰოდა, სწორედ ეს ხალხი იხსენებს 1990 წელს იტალიაში გატარებულ ზაფხულს, მილანში, ტურინსა და რომში ჩატარებულ შვიდ თამაშს, მუნდიალს, რომელიც მათი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. თან, რომ იცოდეთ რა მაგარი და გემრიელი კადრებია ფილმში, უმეტესობა თავად ფეხბურთელების მიერ სამოყვარულო ვიდეოკამერით გადაღებული: კომოს ტბისპირა ვილა, სადაც გერმანელები იმ ზაფხულს დაბანაკდნენ… დაფარული, გასახდელში დარჩენილი და აგერ, ამდენი ხნის შემდეგ გახმაურებული ამბები…

ფრანც ბეკენბაუერის, ანდრეას ბრემეს და ფრანკ მილის ხსოვნას – ასე მთავრდება „ერთი ზაფხული იტალიაში“. არ აქვს მნიშვნელობა გერმანული ფეხბურთის ქომაგი ბრძანდებით თუ არა, მსოფლიო ჩემპიონატები თუ გიყვართ, მაშინ ეს ფილმი უნდა ნახოთ. ასეთი დიდი ტურნირის წინ სათანადო განწყობის შესაქმნელად მისწრებაა!

ძალიან ვისიამოვნე! სულ რამდენიმე წუთში კი ლუფტჰანზას ეარბასი ნიუ იორკში, ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტში დაეშვა. მებაჟემ ამერიკაში სტუმრობის მიზეზი მკითხა. მსოფლიო თასზე უნდა დავწერო-მეთქი, ვუპასუხე. ამის პასუხად ჟურნალისტის მოწმობა მომთხოვა, საბუთების კარგად დათვალიერების შემდეგ კი ამერიკაში დროის სასიამოვნოდ გატარება მისურვა.

უახლოესი თვენახევრის განმავლობაში ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ესაა: ბევრი საინტერესო ადგილის მონახულება და ფეხბურთით ტკბობა. ამერიკული თავგადასავალი საუკეთესოდ დაიწყო, დანარჩენს კი დროგამოშვებით მოგიყვებით.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 10 ივნისი
ნიუ იორკი

ka_GEGeorgian