წერილები ამერიკიდან: 11 ივლისი

მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება, რაც ძალიან მიხარია! ფეხბურთი ძველებურად მიყვარს, ამ მხრივ ნამდვილად არაფერი შეიცვლება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახლა გაცილებით მეტი დრო მაქვს ნიუ იორკის ჩემ გემოზე დასათვალიერებლად, ამ მშვენიერ ქალაქში დიდხანს სასეირნოდ. ჰოდა, როგორ არ უნდა მიხაროდეს? ჯგუფური ტურნირის დროს, როცა დღეში ოთხი თამაში იმართებოდა, სასეირნოდ იშვიათად მეცალა, ახლა კი არსად მეჩქარება.

გუშინ დილით ცენტრალური პარკისკენ გავემართე. ამერიკაში ჩამოსვლის მეორე დღეს პირველად ვეწვიე „ნიუ იორკის ფილტვებს“. დიდხანს ვისეირნე, მაგრამ მხოლოდ ნახევარი, ჩრდილოეთი ნაწილი ვნახე, ამჯერად კი სამხრეთს „შევუტიე“. ბრუკლინიდან მანჰეტენზე მეტროთი მგზავრობას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა, კოლუმბის მოედნიდან პარკის შესასვლელამდე კი ერთი გზაჯვარედინია, ნახევარი წუთის გზა.

თუ პირველი სტუმრობის დროს მხოლოდ ვსეირნობდი, ამჯერად ზუსტად ვიცოდი სად მივდიოდი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოზაიკის მონახულება ჯერ კიდევ თბილისში დავგეგმე. Imagine-თან მისვლა და მასზე ერთი პატარა ყვავილის დადება მეგობარმა, ბითლზის დიდმა თაყვანისმცემელმაც მთხოვა, მას კი უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი. მეგობარს თხოვნა შევუსრულე, მოზაიკას ფოტოც გადავუღე და მესენჯერით გავუგზავნე.

ნიუ იორკის ცენტრალური პარკი უამრავ საინტერესო სკვერს აერთიანებს, მიხვეულ მოხვეულ გზებზე არაერთი ცნობილი ადამიანის თუ ცხოველის ძეგლსაც შეხვდებით. იქაურობა ისტორიების ნამდვილი სკივრია! ოფიციალურ მაღაზიაში, ათასნაირ სუვენირთან ერთად, რამდენიმე წიგნი-ალბომიც იყიდება, სადაც დეტალურადაა აღწერილი პარკში აღმართული ყველა ძეგლი თუ ბიუსტი.

მათზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ თავდაპირველად სწორედ ასე სურდათ პარკის გადაღმა, საკუთარი სახლის წინ მოკლული ჯონ ლენონის უკვდავყოფა. მაგრამ იქაურობის მესვეურებს და ნიუ იორკის მერიას იოკო ონომ სთხოვა, გარშემო ისედაც ბევრი მონუმენტია და იქნებ სხვა რამ მოვიფიქროთო. ლენონის მეუღლემ ცენტრალურ პარკს მილიონი დოლარიც შესწირა. საბოლოოდ მოზაიკის დაგება გადაწყდა, რომელიც იქაურობის მთავარმა კურატორმა, ლანდშაფტის დიზაინერმა ბრიუს კელიმ შეასრულა.

Imagine-ის მოზაიკა 1985 წლის 9 ოქტომბერს გაიხსნა, მუსიკოსის 45-ე დაბადების დღეზე. მას შემდეგ ის პატარა სკვერი, ბითლზის ერთ-ერთი ჰიტის სახელს რომ ატარებს – სთრობერი ფილდს, ცენტრალური პარკის ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა. ბუკლეტში ისიც წერია, რომ Imagine-თან ყველაზე მეტი ადამიანი 9 ოქტომბერს და 8 დეკემბერს იკრიბება, ლენონის დაბადების და მკვლელობის დღეს.

ვერ ვიტყვი, რომ იქ ცოტა ხალხი დამხვდა. ამ ფოტოებითაც დარწმუნდებით, რომ მოზაიკას მნახველები არ აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს ოქტომბერსა და დეკემბერში მართლა საოცარი ამბები ხდება. არ მიკვირს: ჯონმა, ჯორჯმა, რინგომ და პოლმა უკვდავი სიმღერები დატოვეს. პირველი ორი დღეს თავიანთ ჰიტებთან ერთად აგრძელებენ ცხოვრებას, რინგო და პოლი კი, როგორც ის ჩემი მეგობარი შესძახებს ხოლმე, ჯანზე იყვნენ.

ბითლზის რამდენიმე კომპოზიცია ძალიან მომწონს, ორი-სამი ჩემს ფავორიტებშიცაა, ჯონ ლენონის Imagine კი სულ სხვა მიზეზით მიყვარს. მასზე და ქუინის We are the Champions-ზე ძალიან არაფერი უხდება სპორტულ შეჯიბრებებს. ფრედის უკვდავი ხმა და მელოდია ფინალებისთვისაა შექმნილი, როცა ჩემპიონი ვლინდება, Imagine კი ზედგამოჭრილია გახსნის და დახურვის ცერემონიებისთვის.

2015 წელს, როცა ბაქომ ევროპის პირველ თამაშებს უმასპინძლა, საორგანიზაციო კომიტეტმა გახსნის ცერემონიისთვის ლეიდი გაგა მიიწვია.

სუპერპოპულარული მომღერალი რომ შეასრულებდა ლენონის Imagine-ს, სტადიონის მედიატრიბუნაზე შეკრებილ ჟურნალისტებს სპეციალური განცხადებით გვამცნეს, მანამდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ სანახაობას „ერთი ვინმე მომღერალი“ დაამშვენებდა. ქალბატონმა გაგამ ისე დიდებულად იმღერა, რომ ბაქოში მოსმენილი Imagine ჩემი ერთ-ერთი უტკბესი მოგონებაა.

იმავე 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა და Imagine ჩვენთანაც შეასრულეს, ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. იქაც არაფერი დაეწუნებოდა, ეგაა მხოლოდ რომ ლენონი რელიგიასაც ახსენებს, უფრო სწორად ერთგან ამბობს, წარმოიდგინეთ რელიგიები რომ არ ყოფილიყოო. ჰოდა, თბილისში ეს სიტყვები, რატომღაც გამოტოვეს. მეუცნაურა და ამიტომ დამამახსოვრდა.

ცენტრალურ პარკში კი დიდხანს ვისეირნე. წლების წინ ნიუ იორკში გადმოხვეწილი ორი მეგობარიც შემეხმიანა და ორივემ ისეთი წინადადებით მომმართა, უარი ვერ ვუთხარი. საინტერესო თავგადასავლები დავგეგმეთ და იმედია გამოგვივა.

ამასობაში ესპანეთის და ბელგიის ნაკრებთა მეოთხედფინალიც მოახლოვდა და მეც შესაფერისი დაწესებულების მოსაძებნად გავემართე. დიდი დრო არ დამიკარგავს, თაიმს სქვერთან ერთ კელტურ პაბს მივაგენი, თუმცა მანამდე მორიგი ორი ჟურნალით შევავსე ჩემი „ნიუ იორკული ბიბლიოთეკა“. ნიქსის ჩემპიონობას კიდევ ორი გამოცემა გამოეხმაურა სპეციალური ნომრით და მეც, როგორც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ძველმა ტრფიალმა, ორივე შევიძინე. ნიუიორკელთა გულშემატკივარი არ ვარ, ბავშვობიდან ლოს ანჯელეს ლეიკერსს ვქომაგობ, მაგრამ ეს ჟურნალები ჩემს არქივს აუცილებლად შემორჩება. კალიფორნიელებს კი მომავალ სეზონში განსაკუთრებულად ვუქომაგებ. გაიგებდით: სანდრო მამუკელაშვილმა ლეიკერსთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა…

გრილ პაბში მოკალათებულს, ამჯერად მიშელობი აღარ შემიკვეთია. მეუღლის რჩევით ბლუ მუნი მოვითხოვე, ამერიკული ლუდია, საკმაოდ პოპულარული, რომელიც ნინოს პირველი ამერიკული მოგზაურობის დროს ძალიან მოეწონა. ჩემ ფავორიტ ლეფეს არ შეედრება, მაგრამ მეუღლეს ხათრი ვერ გავუტეხე. თან, ლეფე არც იქ ჰქონდათ. როგორც ჩანს ნიუ იორკში ბელგიურ ლუდებს არ სწყალობენ.

პაბი ხალხით იყო სავსე, მაგრამ ესპანეთის ან ბელგიის ნაკრების მაისური არავის ეცვა. ბრიტანელები ჭარბობდნენ. სადაც ფეხბურთი და პაბია, ისინიც იქ არიან და რა დასამალია, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ყურება და მათზე დაკვირვება დიდი სიამოვნებაა. ასეთ უშუალო ქომაგებს არ ვიცნობ. ამაში გუშინაც დავრწმუნდი, როცა მეორე ტაიმს ერთ ხნიერ ბრიტანელთან ერთად ვუყურე. სანამ ერთი კათხა დავცალე (ჩემთვის სრულიად საკმარისია), მან ხუთი შესვა, არადა როცა მომიჯდა, სულაც არ იყო ფხიზელი. ცხადია ფეხბურთზე ვილაპარაკეთ. ჰო, მართლა, იმის თქმა დამავიწყდა, რომ ინგლისის ფანი, უეინ რუნის მაისური რომ ეცვა, ცენტრალურ პარკშიც შემხვდა. ბურთს მიაგორებდა თავისთვის და ინგლისი თასს ელისო, დროდადრო ღრიალებდა.

თამაშზე კი რა გითხრათ? ესპანელების გამარჯვებას ველოდი. რთული მატჩი რომ იქნებოდა, ესეც ვიცოდი. ლუის დე ლა ფუენტემ ძალიან ძლიერი გუნდი შეკრა და მისმა ბიჭებმაც სწორედ ერთობით გაიმარჯვეს. ევროპის ჩემპიონები გუნდური თამაშით არიან ძლიერნი, გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავთ და ბელგიასაც ამით აჯობეს. გოლებიც თითქმის ერთნაირად გაიტანეს, დამატებაზე, მეკარის მიერ ცუდად მოგერიებული ბურთები შეაგდეს კარში: 30-ე წუთზე ფაბიან რუისმა გახსნა ანგარიში, 88-ე წუთზე კი მიკელ მერინომ გაიტანა გამარჯვების გოლი. პირველმა ტიბო კურტუას კარი დალაშქრა, მერინომ კი ზენე ლამენსის შეცდომით ისარგებლა. ახალგაზრდა გოლკიპერმა 71-ე წუთზე შეცვალა ტრავმირებული კურტუა.

ესპანელებმა 36-მდე გაზარდეს დაუმარცხებელი სერია, ეს კი საუკეთესო შედეგია მათ ისტორიაში. უძლეველია ლუის დე ლა ფუენტეც: ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მისმა ბიჭებმა 12 თამაში მოიგეს და მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფრედ.

თუ მათ რაიმეს გამო დასწყებოდათ გული, ეს, ალბათ, დასრულებული „მშრალი სერიაა“: შარლ დე კეტელარმა 41-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და უნაი სიმონის სარეკორდო სვლაც 649-ე წუთზე შეწყდა.

საბოლოოდ 2:1 და დიდებული ნახევარფინალი 14 ივლისს, არლინგტონში: საფრანგეთი და ესპანეთი. საუკეთესო შეტევა უძლიერესი დაცვის წინააღმდეგ.

სხვათა შორის, ამ გუნდების ბოლო ორი დაპირისპირებაც ნახევარფინალი იყო. ევრო 2024-ზე, მიუნხენში, მომავალმა ჩემპიონებმა ურთულესი თამაში გადაარჩინეს – 2:1. იმ შეხვედრაში ლამინე იამალის მიერ გატანილი ზღაპრული გოლიც გემახსოვრებათ. დღეს ეს პატარა ბიჭი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შარშან კი ამ გუნდების გზა ერთა ლიგის ნახევარფინალში გადაიკვეთა. შტუტგარტში გამართული თამაში ესპანელებმა 5:4 მოიგეს, არადა 55-ე წუთისთვის 4:0-ს იგებდნენ.

ფავორიტი ამ წყვილშიც საფრანგეთი მგონია. იმიტომ, რომ უფრო მრავალფეროვანი გუნდია, ვიდრე ესპანეთი. შეტევაც, ჩემი აზრით, მეტოქეზე უკეთესი ჰყავთ, მბაპეს დონის მოთამაშეს კი დე ლა ფუენტეს რჩეულთა შორის კი არა, მსოფლიო ჩემპიონატს შემორჩენილ სხვა გუნდებშიც ვერ ვხედავ.

ლეო მესი არ ითვლება. ის თავადაა ფეხბურთი.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 11 ივლისი
ნიუ იორკი

ka_GEGeorgian