წერილები ამერიკიდან: 11 ივნისი
მსოფლიოს XXIII ჩემპიონატის პირველ მატჩამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. არაერთი ფაქტის გამო ჯერ კიდევ დაწყებამდე გამორჩეული და რეკორდებით დახუნძლული მუნდიალი მექსიკის დედაქალაქში, ლეგენდარულ აცტეკაზე გაიხსნება ამ ქვეყნის რჩეული მოთამაშეების და სამხრეთაფრიკელების ჯახით.
დანარჩენი ორი თანამასპინძელი, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის ნაკრები გუნდები კი ხვალ, 12 ივნისს ითამაშებენ. ამერიკელთა პირველი მოწინააღმდეგე პარაგვაია, ხოლო კანადელები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაარკვევენ ურთიერთობას.
მექსიკა და მექსიკელები ფიფას ოქროს თასის გათამაშების რამდენიმე საინტერესო რეკორდს ფლობენ და მათ შორისაა ესეც: არავის უთამაშია მუნდიალის პირველ შეხვედრაში ამ გუნდზე უფრო ხშირად. მსოფლიოს 7(!) ჩემპიონატი დაიწყო მექსიკის ნაკრების მონაწილეობით, მათ შორის პირველი, 1930 წელს ურუგვაიში, კონკრეტულად კი დედაქალაქ მონტევიდეოში გამართული ტურნირი. 96 წლის წინ ელ ტრიკოლორი 1:4 დამარცხდა საფრანგეთთან. მთავარი საფეხბურთო ტურნირის პირველი თამაში პატარა არენაზე, პოსიტოსზე გაიმართა და თუ ფიფას ვენდობით, მას ზუსტად 4444 მაყურებელი დაესწრო.
მექსიკელებმა მომდევნო ოთხი „გახსნის მატჩიც“ წააგეს: 1950 და 1954 წლებში ბრაზილიასთან – 0:4 და 0:5, 1958 წელს შვედეთთან – 0:3, 1962 წელს კვლავ სელესაოსთან – 0:2 და მხოლოდ 1970 წელს მოახერხეს ქულის მოპოვება. იმ, რიგით IX მუნდიალს მაშინ პირველად უმასპინძლა მექსიკამ. ალბათ აცტეკის სავსე ტრიბუნები თუ დაეხმარა სამფეროვნებს საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ, რადგან იმ პერიოდის ევროპის ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა – 0:0.
ჩემთვის, როგორც ქართული სპორტის გამორჩეული თარიღებით და ამბებით დაინტერესებული ადამიანისთვის, ეს მატჩი იმითაა საინტერესო, რომ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყვითელი ბარათი პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების ქართველ ნახევარმცველს, თბილისის დინამოელ კახი ასათიანს უჩვენეს. ცხადია ეს სულაც არაა საამაყო ფაქტი, მაგრამ საინტერესო ნამდვილად მგონია.
ყვითელი და წითელი ბარათები უდიდესი ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად სწორედ 1970 წელს, მექსიკაში დაინერგა და ისე მოხდა, რომ მექსიკა-სსრკ ნაკრების მატჩის გერმანელმა არბიტრმა კურტ ჩეშნერმა პირველად სწორედ ასათიანი გააფრთხილა, თამაშის დაწყებიდან 30 წუთში.
ამ ფაქტის შესახებ ბევრმა ქომაგმა იცის, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი კი უკიდურესად იშვიათად მსმენია საინტერესო საფეხბურთო ამბების მოყვარულებისგან: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ყვითელი ბარათის „მფლობელიც“ ქართველია, ეს გივი ნოდია გახლავთ. თბილისის დინამოს და ნაკრების თავდამსხმელს კურტ ჩეშნერმა ასათიანის გაფრთხილებიდან რამდენიმე წამში აუფრიალა ყვითელი ბარათი.
თუმცა სჯობს ისევ მექსიკის ნაკრებს დავუბრუნდე, რადგან დღევანდელი ჩანახატის მთავარი თემა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის თამაშია და არა „ქართველები მუნდიალზე“.
ტურნირის პირველი შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა 1970 წლამდე განსაზღვრული არ იყო, 1974 წლიდან კი ფიფამ გადაწყვიტა, რომ მუნდიალის გახსნის მატჩში აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა ჩემპიონს. ასე გაგრძელდა 2002 წლის ჩათვლით, შემდეგ კი პირველ თამაშში ასპარეზობა ტრიუმფატორის ნაცვლად მასპინძელს „გადაულოცეს“. ამ ცვლილებების გამო, 1974 წლიდან დღემდე, მექსიკამ მხოლოდ ერთხელ ითამაშა გახსნის მატჩში და ისიც… დღევანდელ მეტოქესთან!
2010 წლის მუნდიალი, რომელიც გულისგამაწვრილებელი ვუვუზელათი და ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით მახსოვს, სწორედ ბაფანა ბაფანას და მექსიკელების მატჩით დაიწყო. თამაში 1:1 დასრულდა, დღევანდელი დაპირისპირება კი მეეჭვება ფრედ დამთავრდეს. რატომღაც მგონია, რომ მექსიკელები გაიმარჯვებენ.
ეს ჩანახატი 11 ივნისს ქვეყნდება, ტექსტს კი 10 ივნისს ვწერ უშველებელი ნიუ იორკის ერთი პატარა უბნის ერთ კოხტა სახლში. ხოლო 10 ივნისის ხსენებაზე ჩემი ფავორიტი იტალიის ნაკრები მახსენდება, რომელმაც „მოახერხა“ და ზედიზედ მესამედ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა.
10 ივნისი კი იმ შუაშია, რომ სკუადრა აძურამ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის პირველი ტიტულები სწორედ ამ დღეს მოიგო: 1934 წელს, მეორე მუნდიალის ფინალში რომში დაამარცხა ჩეხოსლოვაკია და პირველად ჩაიბარა ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება. 1968 წელს კი, ევროპის მესამე პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში, ისევ და ისევ მარადიულ ქალაქში, 2:0 მოუგო იუგოსლავიას და ანრი დელონეს სახელობის მოვერცხლილ თასს დაეუფლა.
ჯენარო გატუზოს მომზადებულ იტალიას მარტის მიწურულს უფრო მეტად რომ ევაჟკაცა, ხვალ, 12 ივნისს, თანამასპინძელი კანადა სწორედ სკუადრა აძურასთან შეხვედრით გახსნიდა მუნდიალს და არა ბოსნიელებთან დაპირისპირებით…
10 ივნისს, დილით, სანამ ნიუ იორკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის, ქალაქის ცენტრალური პარკის მოსანახულებლად გავყვებოდი ჩემს მასპინძლებს, ნიუ იორკ თაიმსის მიერ შედგენილი ერთი საინტერესო ჩამონათვალი ვნახე. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემის სპორტულმა რედაქციამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 20 ყველაზე გიჟური ამბავი გაიხსენა და საკუთარი შეხედულებისამებრ ჩამოწერა.
უკანასკნელი, მეოცე ადგილი 1998 წელს, არგენტინელებთან მერვედფინალში დევიდ ბექემის გაძევებას უჭირავს. მეორე ათეულში ზაირის ნაკრების სიგიჟეს (1974), 1966 წელს ლონდონში დაკარგულ და შემდეგ პიკლზის მიერ ნაპოვნ ნიკეს თასს, პოლ გესქოინის ცრემლებს (1990), ლუის სუარესის ხელით თამაშს (2010), ფრენკ ლამპარდის მიერ გერმანელების კარში წესების სრული დაცვით გატანილ, მაგრამ არჩათვლილ გოლს (2010) და კიდევ რამდენიმე გამორჩეულ ამბავს შეხვდებით.
ათეულის ბოლო პოზიციაზე 1998 წლის ფინალამდე რამდენიმე წუთით ადრე რონალდოს ავადმყოფობაა დასახელებული, შემდეგ ფრენკ რაიკაარდის და რუდი ფიოლერის დაპირისპირება იტალიაში, 1990 წელს, სიის პირველი სამეული კი ასეთია:
მესამე ადგილი: მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძლის, ბრაზილიის განადგურება გერმანიასთან – 1:7;
მეორე ადგილი: მარადონას „ღმერთის ხელი“ ინგლისთან მეოთხედფინალში 1986 წელს;
პირველი ადგილი: 2006 წლის მუნდიალის ფინალში ზინედინ ზიდანის თავური დარტყმა. ოღონდ ის კი არა, ჯანლუიჯი ბუფონმა რომ მოიგერია სასწაული ნახტომით. არა, მეორე, მარკო მატერაცის დავარდნა, დიადი ფრანგისთვის ნაჩვენები წითელი ბარათი და პირადად ჩემი აღქმით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ფოტოკადრი რომ მოჰყვა.
სენტრალ პარკი კი იმაზე გაცილებით შთამბეჭდავი და ლამაზია, ვიდრე წარმომედგინა. რამდენიმე საათი ვისეირნეთ, ერთგული ნიკონიც დიდხანს ვაჩხაკუნე, მაგრამ ამ მშვენიერი ადგილის ნახევარიც ვერ დავათვალიერეთ.
ეგ არაფერი, საბედნიეროდ დრო მაქვს და რამდენიმე დღეში იქაურობას აუცილებლად მივუბრუნდები. მანამდე კი მსოფლიო ჩემპიონატიც გახურდება და სათქმელ-დასაწერიც მოიმატებს.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 11 ივნისი
ნიუ იორკი
