წერილები ამერიკიდან: 11 სექტემბრის მემორიალი

ოცდახუთი წელიწადი კი გავიდა, მაგრამ 2001 წლის 11 სექტემბერი გუშინდელი დღესავით მახსოვს.

ჟურნალ ფეხბურთში ვმუშაობდი. იმ სამშაბათს შედარებით ცოტა საქმე მქონდა და როგორც კი ყველაფერი მოვილიე, შუადღით შინ დავბრუნდი. საღამოს საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ვიყავი მიწვეული არმაზ მეტრეველის და ლაშა დვალიშვილის გადაცემა არენაში, სადაც საფეხბურთო ნაკრების ორ მატჩზე უნდა გვესაუბრა.

სექტემბრის დასაწყისში ჩვენებმა ორჯერ ითამაშეს თბილისში. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, 1 სექტემბერს, ჯერ უნგრელებს მოუგეს 3:1 და სულ ძმრად ადინეს, რაც თამაშამდე ილაპარაკეს, ოთხი დღის შემდეგ კი ბოლო წუთებზე გატეხეს ლიეტუველები – 2:0, ორივე გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა მატჩის ბოლო ათ წუთში. ალექსანდრე ჩივაძე ახალი დაბრუნებული იყო ნაკრებში, შესარჩევ თამაშებამდე ბიჭებმა ლუქსემბურგსაც მოუგეს…

როცა შენი საყვარელი გუნდი იმარჯვებს, ფეხბურთზე საუბარს არაფერი სჯობს, მაგრამ იმ ამბავმა, რაც გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, ფეხბურთი კი არა, ლამის ყველაფერი დაგვავიწყა.

ვისადილე, ტელევიზორი ჩავრთე და ტახტზე წამოვწექი, ვიფიქრე ტელევიზიაში წასვლამდე დავისვენებ და თან ერთი კარგი ფილმის ნახვასაც მოვასწრებ-მეთქი. პირველივე არხზე ნიუ იორკის „ტყუპები“ – მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბჯენი გამოჩნდა, ერთ-ერთი (მოგვიანებით წავიკითხე – ჩრდილოეთით მდგარს) კვამლი იყო გახვეული. მეგონა ფანტასტიკური ფილმი გადიოდა და რადგან სათანადო განწყობაზე არ ვიყავი, მომდევნო არხზე გადავრთე. იქაც იგივე კადრი იყო. ვახ, მეთქი როგორ დაემთხვა, რომ ორივეზე ერთი და იგივე ფილმი გადის-მეთქი, გავიფიქრე. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავრთე, მეორედ, მესამედ, მეოთხედ – ყველგან კვამლში გახვეულ ცათამბჯენს აჩვენებდნენ.

მივხვდი რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა და CNN მოვძებნე, რომლის წითელი მორბენალი სტრიქონი საშინელ ამბავს გვაუწყებდა. უცბად ქართულ არხებს ჩავუყევი, უკვე ჩვენებიც პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ, სხვადასხვა ამერიკული ტელეკომპანიების კადრებს აზიარებდნენ.

გავიდა კიდევ რამდენიმე წუთი და მეორე, სამხრეთით მდგარ ცათამბჯენსაც შეასკდა თვითმფრინავი. ის შემზარავი კადრი უკვე პირდაპირ ეთერში ვიხილე.

რამდენიმე წუთში CNN-მა გადმოსცა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჰაერო სივრცე დაიხურა, რომ პენტაგონის სიახლოვეს სხვა თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მალე ეზოდან მეზობლების ხმამაღალი გადაძახილიც გავიგონე, სასწრაფოდ ტელევიზორი ჩართეთო…

ტელევიზიის შენობასთან დათქმულ დროს მივედი. რამდენიმე კოლეგა და ვეტერანი დინამოელიც იქ დამხვდა. ნაკრების თამაშები არც გვიხსენებია, მისალმების შემდეგ მხოლოდ ნიუ იორკზე ვლაპარაკობდით. რამდენიმე წუთში ჩვენი მასპინძლები, არმაზი და ლაშაც შემოგვიერთდნენ, გვითხრეს, ჯერ არ ვიცით გავა თუ არა გადაცემაო. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და შენობიდან კიდევ ერთხელ გამოსულმა არმაზმა მოგვიბოდიშა, დღეს არენა აღარ გადაიცემა, მატჩების შესახებ ერთი კვირის შემდეგ ვისაუბროთო…

იმ საშინელი დღიდან ზუსტად 25 წელიწადი გავიდა. ამ ხნის მანძილზე „ტყუპების“ ტრაგედიის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფილმი ვნახე და უფრო მეტი წერილი წავიკითხე, ამ ზაფხულს კი პირველად მოვხვდი ნიუ იორკში და ტრაგედიის ეპიცენტრი, მუზეუმად ქცეული ეგრეთ წოდებული „გრაუნდ ზეროც“ მოვინახულე.

ოცდახუთ წელიწადში ომისგან განადგურებულ ქვეყანას აღადგენს კაცი, არათუ ქალაქის ქუჩებს მოაწესრიგებს, თუნდაც ასეთი შემზარავი ამბების და შედეგების შემდეგ. მანჰეტენის ის კვარტალიც, სადაც მეოთხედი საუკუნის წინ არნახული უბედურება დატრიალდა, დღეს ჩვეულებრივად გამოიყურება.

იქაურობის დასუფთავება-მოწესრიგებას წელიწადზე მეტი დასჭირდა. შემდეგ, როცა ყველაფერი შეამოწმეს და შეისწავლეს, ჯერ მეტროს მიწისქვეშა კვანძი გახსნეს – „ტყუპების“ ქვეშ 12(!) ხაზი კვეთდა ერთმანეთს; მოგვიანებით მეზობელ შენობებში შეუშვეს ხალხი, კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ კი მუზეუმის აშენება დაიწყეს.

ისტორიის კუთვნილებად ქცეული ცათამბჯენების საძირკვლები დღეს ოთხკუთხა მემორიალადაა ქცეული, სადაც ყველა მხრიდან წყალი ჩაედინება, ჯებირებზე კი, შავი ქვის ფილებზე იმ 2977 ადამიანის სახელი და გვარია ამოტვიფრული, რომლებიც შემაძრწუნებელ ტერორისტულ აქტს შეეწირნენ.

ახლახანს National Geographic-ში წავიკითხე: ნიუ იორკის დროით დილის 8:46 საათზე, როცა ჩრდილოეთ შენობას, 93-ე და 94-ე სართულებს შორის პირველი თვითმფრინავი შეასკდა, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსში დაახლოებით 18 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. შეჯახებიდან რამდენიმე წუთში უმრავლესობამ შენობები დატოვა, მეზობელ ქუჩებს შეაფარეს თავი, მაგრამ არ გაუმართლათ მათ, რომლებიც ზედა სართულებზე იმყოფებოდნენ და ბედის უკუღმართობით, ყველასგან მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ, შეჯახებამ ლიფტიც დააზიანა და კიბეებიც.

ტრაგედიის დეტალურად შესწავლის შემდეგ დადგინდა: 2977 დაღუპულიდან 2200 მსოფლიო სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი ან სტუმარი იყო, 400-ზე მეტი კი მაშველი, ნიუიორკელი პოლიციელები და ცეცხლფარეშები, რომლებიც პირველები შევარდნენ შენობებში, მაგრამ ვეღარ გამოასწრეს. კიდევ 157 იმ ორი გატაცებული თვითმფრინავით მგზავრობდა, 224 კი პენტაგონთან შეჯახების დროს და პენსილვანიის შტატის ქალაქს შენქსვილთან, მესამე თვითმფრინავში დაიღუპა.

როცა 11 სექტემბრის მემორიალს ვათვალიერებდი და ქვაში ამოტვიფრულ გვარ-სახელებს ვკითხულობდი, რამდენიმესთან ამერიკის დროშა და თეთრი ვარდი შევნიშნე. მუზეუმის თანამშრომელმა მითხრა: ასე მათ ხსოვნას მივაგებთ პატივს, რომელთა დაბადების დღეც დგებაო…

2001 წლის 18 სექტემბერს, ტრაგედიიდან ერთი კვირის თავზე, ისევ შევიკრიბეთ ტელევიზიის შენობასთან. იმ დღეს არენა კი გადაიცა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებებზე არავის უსაუბრია.

ერთი დღით ადრე, 2001 წლის 17 სექტემბერს, თბილისთან ახლოს მომხდარ ავტოავარიაში დავით ყიფიანი დაიღუპა. ის 50 წლის იყო.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 11 სექტემბერი
ნიუ იორკი

ka_GEGeorgian