წერილები ამერიკიდან: 12 ივლისი

ესეც ასე, მსოფლიო ჩემპიონატის ორივე ნახევარფინალური წყვილი გაირკვა: 14 ივლისს არლინგტონში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება, 15 ივლისს კი ატლანტა ინგლისი-არგენტინის მატჩს უმასპინძლებს.

ფიფამ 1993 წლიდან შემოიღო რეიტინგი და მას შემდეგ პირველადაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მოწინავე ოთხეულია გასული. ბოლო, 11 ივნისს გამოქვეყნებული ვარიანტის მიხედვით საფრანგეთი პირველია, მომდევნო ადგილებს კი არგენტინა, ესპანეთი და ინგლისი იკავებენ. რეიტინგი რვა დღეში, 20 ივლისს განახლდება. არავინ იცის როგორც დასრულდება ჩემპიონატის ბოლო ოთხი მატჩი, მაგრამ ვივარაუდებ: ლიდერი არ შეიცვლება, დანარჩენი სამი გუნდი კი ადგილებს გაცვლის.

გაზაფხულზე, როცა მონაწილეთა ოფიციალური განაცხადებიც არ იყო ცნობილი, მეგობრები კი მათ შანსებს ვაფასებდით, არგენტინაზე ვამბობდი, ერთადერთი არაევროპული გუნდია, რომელსაც ნახევარფინალში გასვლა შეუძლია-მეთქი. საუკეთესო ევროპული სამეულიც ზუსტად ამ სახით წარმომედგინა: საფრანგეთი შემადგენლობითაც ყველაზე ძლიერია და საუკეთესოდ თამაშობს; ესპანეთი კვლავ ანგარიშგასაწევი ძალაა; ინგლისმა კი, ბოლოს და ბოლოს, უარი თქვა გარეთ საუთგეიტზე და ენდო კაცს, რომელსაც ნიჭიერ თაობასთან ერთად გამარჯვება შეუძლია.

11 ივლისს ზუსტად ერთი თვე გაილია ჩემპიონატის დაწყებიდან. ფიფას ოქროს თასისთვის ამ წუთისთვის ყველაზე ძლიერი ოთხეული იბრძვის. სხვათა შორის, სულ მესამედაა, რომ ყველა ნახევარფინალისტი მსოფლიოს ჩემპიონია. პირველად ასეთი რამ 1970 წელს მოხდა მექსიკაში (ბრაზილია, იტალია, გერმანია, ურუგვაი), მეორედ კი 1990 წელს, იტალიაში, სადაც ნახევარფინალში წინა მუნდიალის ფინალისტები გერმანია და არგენტინა, მასპინძელი სკუადრა აძურა და ინგლისი მოხვდნენ.

მაგრამ ერთია ადრე მოპოვებული ტიტულები და მეორე, თუ ვინ როგორ ხვდება ნახევარფინალს. არგენტინა მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ აშკარად უჭირს და მგონი, შვეიცარიასთან გუშინ დრამატულად მოგებული შეხვედრა ამ გუნდის მაქსიმუმია. სკალონის ბიჭები ფლეი ოფში ბეწვის ხიდზე დადიან, გაიხსენეთ კაბო ვერდესთან და ეგვიპტესთან გამარჯვებები, თუნდაც გუშინდელი 3:1 და ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი ფეხბურთით თეთრ-ცისფრებს კატარში მოგებული თასის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. მეტიც, თომას ტუხელი ინგლისი მგონია ნახევარფინალის ფავორიტი.

ხოლო ბრილ ემბოლოს ბრიყვული საქციელი რომ არა, კაცმა არ იცის არგენტინა გავიდოდა თუ არა ნახევარფინალში. ლამის ორმოცი წელიწადია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი სულელური საქციელი არ მახსენდება. 72-ე წუთზე მომხდარ ამბავს ვგულისხმობ, როცა ლეანდრო პარედესთან ორთაბრძოლის დროს ემბოლო აუტის ხაზთან დავარდა, თან ისე არტისტულად რომ და პორტუგალიელ მსაჯს არგენტინელი გააფრთხილებინა.

იმ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო, დენ ნდოიემ გაქვითა კარლოს მაკალისტერის მიერ მე-10 წუთზე გატანილი თავური გოლი. შვეიცარია უტევდა და ვფიქრობდი, რომ არგენტინა ვეღარ გაუძლებდა, მაგრამ შემდეგ ემბოლო გამოვიდა სცენაზე და…

მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელის პიერლუიჯი კოლინას ინიციატივით ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ რამდენიმე წესი შეცვალა. მათ შორის ერთ-ერთია ეგრეთ წოდებული „მცდარი იდენტიფიცირება“. სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ თუ მოთამაშემ ყვითელი ან წითელი ბარათი მიიღო, ხოლო წესი აშკარად მეტოქემ დაარღვია, არბიტრს გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია. ეს წესი პირველად ჯგუფურ ეტაპზე, ამერიკის და პარაგვაის ნაკრებთა შეხვედრაში ამოქმედდა, გუშინ გამართულ ნახევარფინალში კი ფიფას სიახლემ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მას შემდეგ, რაც ჟოაუ პინეირუმ პარედესს ყვითელი ბარათი აუფრიალა, მომენტი VAR-ის ოთახში შეკრებილებმაც შეამოწმეს. ვიდეოგამეორებაზე აშკარად გამოჩნდა ემბოლოს სიმულანტობა. ჰოდა, თანაშემწეების რჩევის შემდეგ მონიტორთან მისულმა პინეირუმაც, როცა დარწმუნდა რომ შვეიცარიელი მის მოტყუებას ცდილობდა, გადაწყვეტილება შეცვალა. პარედესს ყვითელი ბარათი გაუუქმა და შვეიცარიელთა ცენტრფორვარდი გააფრთხილა. იქიდან გამომდინარე, რომ ემბოლოს 44-ე წუთზე უკვე ჰქონდა ერთი ყვითელი ბარათი, პინეირუმ ის გააძევა.

ფრანჩესკო ტოტის (იტალია, 2002), ლუის პერესის (მექსიკა, 2006) და ასამოა გიანის (განა, 2006) შემდეგ ემბოლო მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელიც ცრუპენტელობის გამო მეორე ყვითელი ბარათით და შესაბამისად, გაძევებით დაისაჯა. დღევანდელი წერილის თემა არ არის, მაგრამ როგორც იტალიის გულშემატკივარი, აღვნიშნავ რომ ამ ოთხეულში ტოტის ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ უნამუსო ეკვადორელი არბიტრის, ბაირონ მორენოს ბრალია. გემახსოვრებათ კორეა-იტალიის მერვედფინალი 2002 წელს…

არგენტინა-შვეიცარიის ნახევარფინალის ბედი, ვფიქრობ, ემბოლოს გაგდებით გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დარჩენილ დროში ინიციატივას არგენტინელები დაეუფლნენ და მეორე დამატებით ტაიმში გატეხეს კიდეც მეტოქე. ულამაზესი გამოდგა ხულიან ალვარესის გოლი, მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა „მოჭრილი“ დარტყმით შეაგდო ბურთი გრეგორ კობელის კარის ზედა შორეულ კუთხეში. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ალვარესმა პირველად გაახარა გულშემატკივრები, ოთხი წლით ადრე, კატარში, მან ოთხი გოლი გაიტანა.

სულ ბოლოს, 121-ე წუთზე არგენტინელთა კონტრშეტევა ვიხილეთ, რომელიც ლაუტარო მარტინესის ზუსტი დარტყმით დასრულდა – 3:1. ლიონელ სკალონის გუნდმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო ფინალურ ეტაპზე, რაც არგენტინის ნაკრების ახალი რეკორდია.

ზევით დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მგონია, ეს სამხრეთამერიკელთა მაქსიმუმია. ატლანტაში დანიშნული ნახევარფინალის ფავორიტად ინგლისის ნაკრებს ვთვლი, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე ასევე რთულ ბრძოლაში და დამატებით დროში სძლია ნორვეგიას – 2:1.

ინგლისელთათვის მეოთხედფინალი დანავსულია, არავინ დამარცხებულა მსოფლიო ჩემპიონატის ამ ეტაპზე მათზე ხშირად, შვიდჯერ! FOX Sports-ის კომენტატორი ამ ფაქტს ხშირად იმეორებდა და ოთხი წლის წინანდელ შეხვედრასაც გვახსენებდა, საფრანგეთთან 1:2 წაგებულ პაექრობას.

მაგრამ თომას ტუხელის ხელში ინგლისი გაცილებით ძლიერი, მებრძოლი და შთამბეჭდავი გუნდია, ვიდრე გარეთ საუთგეიტის დროს იყო. ჰოდა, არ გამკვირვებია, რომ ჩამორჩენის მიუხედავად ინგლისელებმა ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, დამატებით დროში კი გაიმარჯვეს კიდეც. ბრიტანელებმა ზედიზედ მეორედ მოიგეს შეხვედრა, რომელშიც მეტოქემ გახსნა ანგარიში, არადა წინა ოცდასამ მსგავს შემთხვევაში მათ მხოლოდ ერთხელ გაიხარეს.

ნორვეგია ანდრეას შელდერუპის დიდებული დარტყმით დაწინაურდა 36-ე წუთზე. ლისაბონის ბენფიკის გარემარბმა, რომელიც აპრილში პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, პიკფორდს შანსი არ დაუტოვა, ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი შეაგდო.

ინგლისელთა გოლკიპერმა კი გუშინ მეთვრამეტედ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და ლეგენდარულ გერმანელ ზეპ მაიერს და ბრაზილიელ კლაუდიო ტაფარელს გაუთანაბრდა. მეკარეებს შორის მათზე წინ მხოლოდ ფერნანდო მუსლერა (ურუგვაი, 19), უგო ლორისი (საფრანგეთი, 20), ტიბო კურტუა (ბელგია, 21) და მანუელ ნოიერი (გერმანია, 23) დგანან.

ანგარიში პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გათანაბრდა, როცა ჯუდ ბელინგემმა გაიბრწყინა. ინგლისელთა მეათე ნომერი ჩინებულად გასცდა ორ მცველს და ბურთი მინდორზე გაასრიალა – 1:1.

მეორე ნახევარი დაძაბული გამოდგა, ნორვეგიელებმა გოლიც გაიტანეს, მაგრამ ფრანგმა მსაჯმა კლემენ ტურპინმა ის არ ჩათვალა, რადგან მანამდე ერლინგ ჰოლანდმა საჯარიმოში მეურვეს ხელი ჰკრა. ნორვეგიელთა მთავარი გოლეადორი აშკარად ძალაგამოცლილი იყო და დამატებით დროში შეცვალეს კიდეც.

ჰოლანდმა 106-ე წუთზე დატოვა მინდორი, მანამდე კი ინგლისელებმა მეორე ბურთი გაიტანეს. კვლავ ბელინგემმა იყოჩაღა, რომელმაც ამჯერად დასწრებაზე ითამაშა.

ფიფამ გვამცნო, რომ პელეს შემდეგ (1958) ბელინგემი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ფლეი ოფის მიჯრით ორ შეხვედრაში გაიტანა გოლი, დიეგო მარადონას შემდეგ კი (1986) სულაც პირველი.

დღეს დილით ბრიტანულ ონლაინ-გამოცემებში თამაშის მიმოხილვებს გავეცანი და ბელინგემს რამდენიმე ჟურნალისტი პელეს, მარადონას და მესის გვერდით აყენებს. აქაოდა ჯუდი ჩვენი გუნდისთვის ისეთივე ძალაა, როგორც ის დიდი სამეული იყო თავიანთი საჩემპიონო შემადგენლობისთვისო. იმასაც წერენ, თუ ვინმე მიგვიყვანს ოქროს თასამდე, პირველ რიგში სწორედ ჯუდიო.

ყველა დროის გოლეადორი ჰარი კეინი კი არავის უხსენებია. მერე რა რომ კაპიტანი გუშინ შეუმჩნეველი იყო, ბოლოს და ბოლოს 120-ედ ითამაშა ნაკრებში, უეინ რუნის გაუთანაბრდა და ახლა მხოლოდ რეკორდსმენ პიტერ შილტონს ჩამორჩება (125).

პირველ რიგში სწორედ ჰარი კეინის და ჯუდ ბელინგემის გამო მიმაჩნია ინგლისი ფავორიტად. ხოლო არგენტინელებთან მათ დაპირისპირებას კიდევ რა დატვირთვა აქვს, ამას აღარ შეგახსენებთ. ერთი სიტყვით, ძალიან საინტერესო თამაშს ველი.

დღევანდელი ჩანახატი მხოლოდ ფეხბურთზე გამოვიდა. არადა, ჩემი მეგობრის, ძველი თანაგუნდელის და უბრალოდ კარგი კაცის წყალობით გუშინ ნიუ იორკის სამი ისეთი საინტერესო ადგილი მოვინახულე, რომ მხოლოდ ის ამბები მეყოფოდა ამ ჩანახატისთვის. მისივე ინიციატივით, პირველი ნახევარფინალი მანჰეტენზე მდებარე გერმანიის ნაკრების ოფიციალურ სახლში ვიხილე ინგლისელ და ნორვეგიელ გულშემატკივრებთან ერთად, არგენტინა-შვეიცარიის სანახავად კი გემრიელ ესპანურ რესტორანში გადავინაცვლეთ.

ამჯერად მხოლოდ ფეხბურთი იყოს და 11 ივლისის სხვა ამბებზე ამ დღეებში იყო. სხვა თუ არაფერი, კვირას და ორშაბათს მსოფლიო ჩემპიონატისგან ვისვენებთ.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 12 ივლისი
ნიუ იორკი
ფოტო: არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian