წერილები ამერიკიდან: 12 ივნისი
1976 წლის 29 მარტს The New Yorker-ის გარეკანზე სოლ შტაინბერგის ნახატი დაიბეჭდა – „მსოფლიო ნიუიორკელის თვალით“. ეს უზარმაზარი ქალაქი დედამიწის ცენტრადაა წარმოდგენილი, საიდანაც „საუკეთესოდ მოჩანს“ მეცხრე და მეათე ავენიუები, მდინარე ჰუძონი და კუნძული ჯერსი, ატლანტიკის ოკეანის ბოლოს კი ბუნდოვნად ვხედავთ დანარჩენ მსოფლიოს.
დღეს ეს იუმორისტული ნახატი კლასიკად ითვლება და კერძო კოლექციაშია დაცული. ნიუიორკერის ის გარეკანი ადრე ვნახე ერთ კარგ ქართულ ჟურნალში და დამამახსოვრდა. ჰოდა, მგონია, რომ შტაინბერგის კარიკატურა კარგად გადმოსცემს რიგითი ნიუიორკელის ხედვას მსოფლიოზე. ამ უზარმაზარი ქალაქის მილიონობით მკვიდრისთვის მთავარია რა ხდება ნიუ იორკში და ნაკლებად, ან საერთოდ არ აღელვებთ დანარჩენი ამბები. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკასთან და კანადასთან ერთად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს, ნიუ იორკში კი ეს საერთოდ არ იგრძნობა. სამი დღეა მანჰეტენზე დავდივარ და კიდევ კარგა ხანს მომიწევს აქ ყოფნა, მაგრამ მეეჭვება, რომ ჩემი წარმოდგენა დიდად შეიცვალოს. ამერიკა რომ ამხელა შეჯიბრების თანამასპინძელია, მხოლოდ რამდენიმე ათეულ გულშემატკივართან შეხვედრით თუ მიხვდები, მეტწილად მექსიკელების, კოლუმბიელების ან კანადელების.
გუშინ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ჟურნალ-გაზეთებს ვეძებდი. ათამდე მაღაზია მოვიარე, კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი გაზეთი გადავფურცლე, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ათობით გამოცემას შორის ჩაკარგული სამი საფეხბურთო ჟურნალი ვიპოვე, ადგილობრივი პრესა კი…
მაგალითად The New York Journal ერთ, მაქსიმუმ ორ გვერდს უთმობს ფიფას ოქროს თასის გათამაშებას, სამაგიეროდ უნდა ნახოთ რამდენი და რამხელა სტატიებია დაბეჭდილი ნიუ იორკ ნიქსის შესახებ. გეცოდინებათ: მაიკ ბრაუნის გუნდი სუპერფინალშია, სან ანტონიო სფერზს გადამწყვეტ სერიას 3:1-ს უგებს და ხელის გაწვდენაზეა მსოფლიოს ჩემპიონის თასთან, რომელიც ბოლოს კლუბმა ნიუიორკერის ხსენებულ გარეკანზე კიდევ უფრო ადრე, 1973 წელს მოიგო. ერთმა გოგონამ, რომელმაც ნიქსის საკლუბო ჟურნალი შეიძინა, თვალებანთებულმა მირჩია 13 ივნისს ფეხი არ გაადგათ ქალაქიდან, მთელი ნიუ იორკი ქუჩებში იქნებაო!
მეც მგონია, რომ ნიქსი გახდება ჩემპიონი. მეოთხე მატჩში ისეთი სასწაული მოახდინეს, სუპერფინალს მეხუთე შეხვედრაში თუ არა, მომდევნოში მაინც მოიგებენ. ნიქსის ჟურნალიც ვიყიდე სამახსოვროდ, მაგრამ მე საკალათბურთოზე უფრო საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი მაღელვებს, რომელიც გუშინ ოფიციალურად დაიწყო აქაური დროით შუადღით, სამ საათზე.
გახსნის ცერემონიას და მექსიკა-სამხრეთ აფრიკის მატჩს ერთ-ერთ პაბში ვუყურე. თავიდან მე და ჩემი მეგობარი და კიდევ ოთხი მექსიკელი ვიყავით, მშვიდად მივირთმევდით ლუდს, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ ხალხმა მოსვლა დაიწყო და თამაში რომ დასრულდა, იქაურობა უკვე მექსიკელებით იყო სავსე. გამარჯვებით გახარებულებმა სიმღერებიც შემოსძახეს. უმრავლესობას ნაკრების ფორმა ემოსა და ბარემ აქვე დავწერ, რომ ის ძალიან მომწონს, მგონი, ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებს შორის.
მატჩზე კი რა გითხრათ? ფავორიტად მექსიკის ნაკრები მიმაჩნდა და მხოლოდ იმიტომ არა, რომ მუნდიალამდე გამართულ ამხანაგურ მატჩებში მხოლოდ ბელგიასთან ითამაშეს ფრედ, განას, ავსტრალიას და სერბეთს კი შთამბეჭდავად აჯობეს. სამხრეთ აფრიკაა ძალიან სუსტი და ეს აცტეკაზეც კარგად გამოჩნდა. ასეთი უხეში თამაში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში კარგა ხანია არ მინახავს, მსგავსი ასპარეზობა კი პირველ რიგში იმის ნიშანია, რომ ოსტატობა და კლასი არ გყოფნის, ვერც ტაქტიკურად ჯაბნი მეტოქეს და ვერც ფიზიკურად.
თამაშის შემდეგ რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ წავიკითხე. მაგალითად, ხულიან კუინიონესი პირველია კონკაკაფის ზონის ქვეყნებიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა, ხოლო სამხრეთ აფრიკის ნაკრები პირველი პორტუგალიისა და ნიდერლანდების შემდეგ, რომელმაც ფინალური ეტაპის თამაში ორი წითელი ბარათით დაასრულა.
პორტუგალია-ნიდერლანდების საქვეყნოდ ცნობილი „ნიურნბერგის ბრძოლა“ კი, 2006 წლის 25 ივნისს რომ გაიმართა მეოთხედფინალში, კარგად გემახსოვრებათ. იმ თამაშის რუსმა არბიტრმა ვალენტინ ივანოვმა მეტოქეებს 16 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა! ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა იხუმრა, ასეთი მსაჯობისთვის ივანოვიც ყვითელ ბარათს იმსახურებდაო, მაგრამ შემდეგ იფიქრა, ფიფას თავკაცს ასეთი ხუმრობა არ შემშვენისო და მოიბოდიშა, ავმჩატდიო…
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პირველი გოლის ავტორი ხულიან კუინიონესი დაასახელეს და ლუდის მწარმოებელი კომპანიის, მიშელობის ლამაზი თასითაც დააჯილდოვეს, მიმომხილველებმა კი აღნიშნეს, რომ მექსიკელთა გამარჯვებაში არანაკლებ დიდი წვლილი შეიტანა მე-19 ნომრით მოთამაშე გილბერტო მორამ.
ტიხუანას 17 წლის და 240 დღის შემტევი ნახევარმცველი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მასპინძელი ქვეყნის გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. მორა აქამდეც რამდენიმე ასაკობრივ რეკორდს ფლობდა, მაგალითად ყველაზე უმცროსი, 16 წლის და 257 დღის იყო, როცა პირველად იასპარეზა მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში. ის ასევე ყველაზე უმცროსია, რომელმაც მექსიკის ელიტარულ ლიგაში შეძლო გოლის გატანა: 15 წლის და 320 დღისამ გაახარა ქომაგები ლეონთან მოგებულ მატჩში.
ყოვლისმცოდნე ოპტას ანალიტიკოსების ინფორმაციით, მორამ სამხრეთაფრიკელებთან ყველა, თოთხმეტივე პასი ზუსტად შეასრულა და 1966 წლიდან დაწყებული (ოპტა ინგლისში გამართული მუნდიალიდან ითვლის მსგავს ამბებს) მხოლოდ მესამე თინეიჯერი გახდა, რომელმაც ფინალური ეტაპის შეხვედრაში მინიმუმ ათი ან მეტი ზუსტი გადაცემა მიითვალა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი სამხრეთ კორეის ნაკრებმა 2:1 სძლია ჩეხეთს. აზიელებმა მერვე თამაში მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატებზე და აქედან მეოთხე ანგარიშით 2:1, გუნდის კაპიტანმა ჰონ-მინ სონმა კი მთავარი მწვრთნელის, მიუნ-ბო ჰონის რეკორდი გაიმეორა. სამხრეთკორეელთაგან მხოლოდ ამ ორს უთამაშია მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე. გუნდის ამჟამინდელი თავკაცი 1990-2002 წლების მუნდიალებში მონაწილეობდა, სონი კი 2014 წლიდან უცვლელადაა ნაკრების შემადგენლობაში. ასეთი ფაქტები, ეგებ, საერთოდ არ გაინტერესებთ, მაგრამ მე ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ. ასე რომ, მომდევნო წერილებშიც არაერთს შემოგთავაზებთ.
დღევანდელ წერილს კი ერთ-ერთ ნიუიორკულ გამოცემაში ნანახი სახუმარო ფრაზით დავასრულებ: „სოკერნომიკა“, ასე მონათლეს უსაშველოდ მაღალი ფასები ბილეთებზე. ამერიკაში ცხოვრება დიახაც ძვირია, მაგრამ ჯგუფური ეტაპის ბილეთები რომ რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, ამას გამართლება არ აქვს და ლამის ყველა მიმომხილველი აკრიტიკებს ფიფას.
აი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კი სომალელ მსაჯთან დაკავშირებული სკანდალის გამო ლამის მიწასთან გაასწორეს. 34 წლის ომარ არტანი, რომელიც აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ შარშან კონტინენტის საუკეთესო მსაჯად აღიარა, ხოლო ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეარჩია, ამერიკაში არ შეუშვეს, ვიზა არ მისცეს! ფიფას პრეზიდენტი მომხდარს, რბილად რომ ვთქვა, უცნაურად გამოეხმაურა და რა გასაკვირია, რომ კრიტიკამაც არ დააყოვნა.
სამაგიეროდ უეფას თავკაცმა ალექსანდრ ჩეფერინმა მიიღო დიდებული გადაწყვეტილება: არტანი 12 აგვისტოს ზალცბურგში, ევროპის სუპერთასზე მიიწვია პარი სენ-ჟერმენის და ასტონ ვილას მატჩზე… მთავარ არბიტრად.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 12 ივნისი
ნიუ იორკი
