წერილები ამერიკიდან: 13 ივნისი
საოცნებო! – ასე შეაფასა პარაგვაის ნაკრებთან მოგებული სასტარტო მატჩი ამერიკის ნაკრების თავდამსხმელმა ფოლერინ ბალოგუნმა. ნიუ იორკში, ნიგერიელი მშობლების ოჯახში დაბადებული ბიჭი, რომელიც წლების განმავლობაში ინგლისის ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში თამაშობდა, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დუბლის ავტორი გახდა. 31-ე წუთზე მან ქრისტიან პულიშიჩის პასით გაიტანა გოლი, პირველი ტაიმის მიწურულს კი მალიკ ტილმენის გადაცემით.
მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილი ამერიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს არცთუ დამაჯერებელი შედეგებით შეხვდა, ბოლო ხუთი ამხანაგური შეხვედრიდან გუნდმა სამი წააგო, სამივე შინ, მაგრამ სტარტი კი ნამდვილად დიდებული გამოუვიდა. მასპინძლები განსაკუთრებით ეფექტურად პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ, როცა პირველიდან უკანასკნელ შეტევამდე არ გაჩერებულან და სამი უპასუხო გოლიც მიართვეს მეტოქეს. პარაგვაის ნაკრების კარში კიდევ ერთი ბურთი გავიდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
მეორე ნახევარში კი მეტოქე შედარებით გამოცოცხლდა და 73-ე წუთზე ანგარიშიც შეამცირა, თუმცა საბოლოოდ მაინც დიდი ანგარიშით, სამი ბურთის სხვაობით დამარცხდა: მე-8 დამატებულ წუთზე ჯუზეპე რეინამ კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაუტანა ორლანდო ხილს…
საბოლოოდ 4:1 და ამერიკამ მეათე თამაში მოიგო ფინალურ ეტაპზე, სამი ბურთის სხვაობით კი მხოლოდ მესამედ გაიმარჯვა. და პირველად 1930 წლის შემდეგ, როცა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი, დღევანდელისგან განსხვავებით, მხოლოდ მონაწილეებს და რამდენიმე ათას გულშემატკივარს თუ აინტერესებდა.
96 წლის წინ, 1930 წლის 17 ივლისს, მონტევიდეოში, პარკ სენტრალზე, ამერიკელებმა სწორედ პარაგვაის სძლიეს 3:0. ყველა გოლი ბერტ პატენოდმა გაიტანა და დღეს ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორად ითვლება. იმ დღეს კი, ალბათ, ვერც ის და ვერც მისი თანაგუნდელები იფიქრებდნენ, რომ ამერიკელებს მომდევნო მატჩის სამი ბურთის სხვაობით მოსაგებად ლამის საუკუნე დასჭირდებოდათ.
მიშელობის სიმბოლური ჯილდო, როგორც თამაშის საუკეთესო ფეხბურთელს, დუბლის ავტორს ერგო, მაგრამ მე ქრისტიან პულიშიჩი უფრო მომეწონა. შესვენებამდე თეთრ-წითლებმა არნახულად რომ დაჯაბნეს სამხრეთამერიკელები, პირველ რიგში მის დამსახურებად მიმაჩნია. კაპიტან-ამერიკამ (პულიშიჩის მეტსახელია) მარცხენა ფლანგზე სისხლი გაუშრო პარაგვაელებს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბალოგუნზე არანაკლებ იმსახურებდა მიშელობის წითელ-ვერცხლისფერ თასს.
პულიშიჩმა ოფიციალურად მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით დაასრულა მატჩი, მაგრამ დემიენ ბობადილიას შეცდომა და ავტოგოლიც ხომ მის დაწყებულ იერიშს მოჰყვა? ამერიკელი დიდებულად გასცდა ორ მეურვეს, საჯარიმოში შეიჭრილმა დაცვა არია, რასაც პარაგვაელი მცველის ის შეცდომა მოჰყვა.
თამაშის შემდეგ წავიკითხე: ეს იყო მეოთხე ავტოგოლი, რომელიც ამერიკის ნაკრების სასარგებლოდ გავიდა მუნდიალებზე და ამ შედეგით აშშ-ის ნაკრები მეორე ყველაზე იღბლიანი გუნდია, ფრანგების სასარგებლოდ სტატისტიკოსებს 6 ავტოგოლი აქვთ დათვლილი. მეტოქეთა ხსენებული ოთხი შეცდომიდან ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული პირველია: 1994 წლის 22 ივნისს, როცა მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასპინძლებმა პასადენაში 2:1 სძლიეს კოლუმბიელებს. იმ თამაშშიც მეტოქე მცველის შეცდომით გაიხსნა ანგარიში, ანდრეს ესკობარმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. რაც იმ გოლს მოჰყვა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა კარგად იციან: კოლუმბიაში დაბრუნების შემდეგ ესკობარი ვიღაც გადარეულებმა პაბში ჩაცხრილეს…
დილით ამერიკულ ონლაინ-გამოცემებში რამდენიმე მიმოხილვას გავეცანი და ჟურნალისტები საფეხბურთო ამბებზე არანაკლებ დიდ ყურადღებას უთმობენ სტადიონზე შეკრებილ პატივცემულ საზოგადოებას. საპატიო სტუმრები კი ლოს ანჯელესის გარეუბან ინგლვუდში აგებულ ამ მშვენიერ სარბიელს ნამდვილად არ აკლდა: ლეგენდარული კალათბურთელი, დიადი ლეიკერსელი ქარიმ აბდულ-ჯაბარი, კინოვარსკვლავი ტომ კრუზი და ვარსკვლავი-რეჟისორი ჯორჯ ლუკასი, ამერიკული ფეხბურთის გამორჩეული მოთამაშეები…
სერ დევიდ ბექემიც იქვე იყო, ვისაც თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ჰოლივუდ ბულვარში ვარსკვლავი გაუხსნეს. ლოს ანჯელეს გელექსის ყოფილი მოთამაშე და მაიამის თანამფლობელი ცერემონიას ოჯახთან ერთად დაესწრო.
სტუმართა შორის ბრძანდებოდა პერის ჰილტონიც, რომელზეც CNN-ის ერთ-ერთმა ავტორმა დაწერა, ფეხბურთზე მეტად საკუთარი თავი აინტერესებდა და როგორც კი დიდ ეკრანზე ჩნდებოდა, უმალ ფოტოებს იღებდაო.
ლოს ანჯელესის ეს ზღაპრული არენა კიდევ შვიდ მატჩს უმასპინძლებს, მათ შორის ორ მეთექვსმეტედფინალს და ერთ მეოთხედფინალს. იმ თამაშებზე კიდევ უფრო მეტი ვარსკვლავი შეიკრიბება, ყველაზე დიდი სანახაობა კი სტადიონს ორი წლის შემდეგ ელის, 2028 წლის ზაფხულში, როცა ლოს ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. გახსნის ცერემონია სწორედ ინგლვუდშია დაგეგმილი…
ამერიკის ნაკრების მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი მსოფლიო ჩემპიონატი ტორონტოშიც „გაიხსნა“: კანადელებმა ბოსნიელებთან გაიყვეს ქულები – 1:1. კანადისთვის ეს ისტორიული ქულაა, რადგან 1986 და 2022 წლებში ფინალური ეტაპის ყველა, ექვსივე თამაში წააგეს.
ნიუ იორკში კი, სადაც მე გახლავართ, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი კვლავ NBA-ის სუპერფინალია. რამდენიმე საათში სან ანტონიოში სფერზის და ნიქსის მეხუთე ჯახი დაიწყება. სერიას ნიუიორკელები იგებენ, ანგარიში 3:1 მათ სასარგებლოდ და თუ დღესაც ივაჟკაცეს, ისედაც მარად მღვიძარე ეს ქალაქი ალბათ საერთოდ გადაირევა.
მაიკ ბრაუნის გუნდმა ტეხასში პირველი ორი სტუმრობა მოიგო, ასე რომ, დიდი შანსია საკალათბურთო სეზონი დღეს დასრულდეს. ხოლო თუ ასე არ მოხდა, 16 ივნისს მეტოქეები კვლავ ნიუ იორკში, მედისონ სქუერ გარდენში შეერკინებიან ერთმანეთს და აი, იქ კი…
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 13 ივნისი
ნიუ იორკი
ფოტო: FIFA.com
