წერილები ამერიკიდან: 16 ივნისი
ნიუ იორკ ნიქსის ნანატრი ჩემპიონობის შემდეგ ეს ძალიან დიდი და ჭრელი ქალაქი ნელ-ნელა მშვიდდება. თუმცა, უფრო მართალი ვიქნები თუ დავწერ, რომ ნიუ იორკი არასდროსაა მშვიდი, უბრალოდ, საკალათბურთო სეზონის გიჟური დასასრულის შემდეგ საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დამსახურებულ ადგილს იკავებს ქალაქელების ცხოვრებაში. სულ უფრო ხშირად შეხვდებით მუნდიალის მონაწილე გუნდების ფორმებში გამოწყობილ ქომაგებს, ვიდრე ნიქსის ლურჯ-სტაფილოსფერ მაისურებით მოსიარულე ნიუიორკელებს.
აქაური პრესაც უფრო მეტ ადგილს უთმობს ფეხბურთს. ნიუ იორკ თაიმსის და სხვა გამოცემების სპორტის დამატებებში მსოფლიო ჩემპიონატი სხვადასხვა კუთხითაა განხილული. მაგალითად, ფინანსური თვალსაზრისით რამდენად მომგებიანია ასეთი დიდი საერთაშორისო შეჯიბრების მასპინძლობა? რა გავლენას მოახდენს ევროპული სოკერი ტრადიციულ, ამერიკაში უზომოდ პოპულარულ სახეობებზე? რა დარჩება ამერიკას მუნდიალის დასრულების შემდეგ?
მატჩების მიმოხილვები კი უფრო ევროპული გამოცემების საქმეა. დღევანდელი გაზეთებიდან ყველაზე მეტად ესპანური AS-ის და Marca-ს ნააზრევი მაინტერსებდა. ხუმრობა ხომ არაა, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარი ფავორიტია, თუმცა ევროპის ჩემპიონებს არცთუ დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდათ – 0:0 კაბო ვერდესთან. ეს გუნდი კი პირველადაა უდიდეს საფეხბურთო სცენაზე.
„გამანადგურებელი დარტყმა“ – ასე დაასათაურა Marca-მ თამაშის მიმოხილვა, AS-მა კი არანაკლებ შემაძრწუნებელი პირველი გვერდი მოამზადა: „ისტორიული დაცემა“. ამ ორთან შედარებით სხვა, რეგიონული გაზეთების შეფასებას არაფერი უშავს, თუმცა სანუგეშოს ვერც იქ იპოვის კაცი. მაგალითად კატალონიური სპორტის პირველ გვერდზე ამ სიტყვებს ამოიკითხავთ: „რა იმედგაცრუებაა“.
ესპანელი მიმომხილველებისთვის შედეგი ყოვლად მიუღებელია, ნანახი ფეხბურთი – მით უმეტეს, თუმცა ჟურნალისტები ჯერ მხოლოდ ფეხბურთელებს აკრიტიკებენ, თვლიან, რომ დე ლა ფუენტეს სადავეები კვლავაც მყარად უპყრია და მომდევნო მატჩებში სიტუაციას გამოასწორებს. ალბათ ასეც მოხდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გავიხსენოთ, რომ ესპანელებმა წელს მეხუთედ ითამაშეს და მესამე მატჩი დაასრულეს ფრედ. 31 მარტს ეგვიპტეს ვერ სძლიეს (0:0), 4 ივნისს კი ერაყს (1:1).
ყველაზე მძაფრი კრიტიკა მიკელ ოიარსაბალს დაატყდა თავს, რომელმაც საწყის ნახევარ საათში საერთოდ ვერ მიიღო ბურთი! არადა სან სებასტიანის რეალ სოსიედადის ლიდერი დე ლა ფუენტეს ფორმაციის ნაკრებში მთავარი თავდამსხმელია, ყოველ შემთხვევაში ბოლო წელიწადნახევარში ასეა. 2025 წლიდან მან 12 გოლი გაიტანა და ნაკრების მთავარი ბომბარდირია. აქვე ვთქვათ, რომ ამ 12 ბურთიდან 3 მან ჩვენი გუნდის კარში შეაგდო. მიუხედავად დიდებული სტატისტიკისა, კაბო ვერდესთან მატჩი ოიარსაბალმა აშკარად ჩააგდო და პრესამაც ძველი დამსახურებებისთვის ტაში აღარ დაუკრა. ბასკმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, თუმცა რა მოხდება მომდევნო შეხვედრის წინ, ეს მხოლოდ დე ლა ფუენტემ იცის.
ფიფას ყოვლისმცოდნე სტატისტიკოსებმა ამ მატჩის შესახებაც გვამცნეს რამდენიმე საინტერესო ფაქტი. ესპანეთმა 27-ჯერ დაარტყა კაბო ვერდეს კარი მიმართულებით, ბოლოს კი მათ ამდენჯერ პარაგვაელებს შეუტიეს 1998 წელს, საფრანგეთში. უცნაურია: ის თამაშიც 0:0 დასრულდა.
ესპანელებმა რომ გოლი ვერ გაიტანეს, ეს პირველ რიგში კაბოვერდელთა ვეტერანი მეკარის ჟოსიმარ ჟოზე ევორა დიაშის დამსახურებაა. მას მაისურზე მხოლოდ ვოზინია აწერია, მეტსახელის შესახებ კი უკვე დაიწერა ქართულ ონლაინ-გამოცემებში – ბებია. ეს თიკუნი ბავშვობასთანაა დაკავშირებული, მომავალი გოლკიპერის ნომერ პირველ გულშემატკივართან.
ლამაზი ისტორიაა და წლების შემდეგ, ეგებ, ფილმიც გადაიღონ კაბოვერდელი მეკარის შესახებ. და თუ ასე მოხდება, მაშინ იქ მეტსახელთან ერთად ეს ფაქტიც უნდა ახსენონ: ლეგენდარული გოლკიპერების, იტალიელი დინო ძოფის და ინგლისელი პიტერ შილტონის შემდეგ ვოზინია მესამეა, რომელმაც 40 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში გოლი არ გაუშვა! პაპა დინომ ეს ორჯერ მოახერხა 1982 წელს, ესპანეთში და ორივე შემთხვევაში პოლონეთთან მატჩში: ჯერ ჯგუფში (0:0), შემდეგ კი ნახევარფინალში (2:0). შილტონმა კი 1990 წელს, ძოფის სამშობლოში, თან სამჯერ! ჯგუფში ევროპის ჩემპიონ ნიდერლანდებთან (0:0) და ეგვიპტესთან (1:0), მერვედფინალში კი ბელგიასთან (1:0).
არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ ფურია როხამ ფინალურ ეტაპზე მიჯრით მესამედ ვერ დაამარცხა აფრიკელი მოწინააღმდეგე. 2018 და 2022 წლებში მაროკოსთან ჭიდილი 2:2 და 0:0 დასრულდა. ბოლო აფრიკული გუნდი, რომელსაც ესპანეთმა სძლია, ტუნისია. ოცი წლის წინ, გერმანიაში, რაულმა და კომპანიამ „კართაგენის არწივებს“ 3:1 სძლიეს.
ტუნისის ნაკრებმა კი ეს მუნდიალი შოკისმომგვრელი მარცხით დაიწყო, 1:5 შვედეთთან. ჩრდილოაფრიკული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში ბევრი არ უფიქრიათ და მთავარ მწვრთნელს საბრი ლამუშის კარისკენ მიუთითეს.
მსოფლიო ჩემპიონატების ლამის საუკუნოვან ისტორიაში სულ მეხუთედ მოხდა, რომ გუნდის თავკაცი მუნდიალის მსვლელობის დროს დაითხოვეს. პირველად ასეთი რადიკალური ნაბიჯი შოტლანდიელებმა გადადგეს 1954 წელს, როცა ენდი ბიტის ავსტრიასთან 0:1 წაგება არ აპატიეს, 1998 წლის მუნდიალიდან კი ერთაბაშად სამი მსგავსი შემთხვევა უნდა გვახსოვდეს, როცა საუდის არაბეთის, სამხრეთ კორეის და ტუნისის ნაკრები გუნდები დარჩნენ დამრიგებლების გარეშე. გავიდა 28 წელიწადი და ტუნისმა კიდევ ერთხელ გააოცა საფეხბურთო სამყარო.
ლამუშის შემცვლელი კი უკვე დასახელდა: 57 წლის ფრანგი სპეციალისტი ერვ რენარი, რომელსაც შავ კონტინენტზე დიდი ავტორიტეტი აქვს. სხვა თუ არაფერი, აფრიკის თასის ორგზის ჩემპიონია ზამბიის (2012) და კოტ დივუარის (2015) ნაკრებ გუნდებთან ერთად.
ის წინა მუნდიალიდანაც უნდა გვახსოვდეს. რენარი კატარში საუდის არაბეთის ნაკრებს წვრთნიდა და სწორედ ამ გუნდთან ერთად გახდა ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორი, როცა პირველივე შეხვედრაში 2:1 სძლია მომავალ ტრიუმფატორებს, ლეო მესის და კომპანიას. არგენტინელები მაშინ იტალიელების მსოფლიო რეკორდს უტევდნენ, დაუმარცხებელი სერია მაქვს მხედველობაში, მაგრამ მესის მიერ შეგდებული პენალტით მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 1:2 დამარცხდნენ. რეკორდიც სკუადრა აძურას დარჩა – მიჯრით 37 თამაში წაგების გარეშე, არგენტინას კი მწვერვალამდე ერთი შეხვედრა დააკლდა.
რენარის დებიუტი ტუნისის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე მეორე ტურში, იაპონიასთან მატჩში შედგება, მანამდე კი პირველი ტური უნდა დასრულდეს. დღევანდელ შეხვედრებში კიდევ ორ ფავორიტს ვიხილავთ, წინა მსოფლიო პირველობის ფინალისტებს: საფრანგეთი სენეგალს ხვდება (ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაში მგონია), არგენტინა კი ალჟირთან მატჩით დაიწყებს ტიტულის დაცვას.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 16 ივნისი
ნიუ იორკი
ფოტო: FIFA.com
