წერილები ამერიკიდან: 17 ივნისი

ამ ცოტა ხნის წინ ერთი კარგი საფეხბურთო წიგნი წავიკითხე და ლეო მესის გუშინდელი თამაშის შემხედვარე, იქ ამოკითხული წინადადება გამახსენდა, არგენტინის ნაკრების ქომაგის მიერ ნათქვამი სიტყვები: დიეგო მარადონა ისაა, რანიც ვართ არგენტინელები, ხოლო ლეო მესი კი ის, ვინც გვინდა რომ ვიყოთო.

თეთრ-ცისფრების კაპიტანმა და ათიანმა, რომელიც ლამის ყველა საფეხბურთო რეკორდს ფლობს, ალჟირის ნაკრების წინააღმდეგ უბრალოდ უნაკლოდ ითამაშა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონატების კიდევ ერთი მწვერვალის მფლობელია: ზინედინ ზიდანის შვილის კარში გატანილი სამი გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა, ორივეს 16 გოლი აქვს გატანილი.

შთამბეჭდავი რიცხვია და სამუდამოდ დარჩება ისტორიას, ისევე როგორც ის ფეხბურთი, რაც ლეომ გუშინ გვიჩვენა. როგორ მსუბუქად იღებდა პასებს ან თავად როგორ გასცემდა! საიდან ურტყამდა კარში? რა კომბინაციებს იგონებდა! მისი თამაშის შემხედვარე, ალბათ, ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა იფიქრა, რომ მესიმ ევროპიდან წასვლა იჩქარა. მეც მათ შორის ვარ. ის რომ დღეს ამერიკის ჩემპიონატში ბურთაობს და არა, ვთქვათ, ლა ლიგაში, მას რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვხედავთ, მგონი, დანაშაულია.

ვიცით, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატია მესის კარიერაში. სევდიანი ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რადგან ალჟირის ნაკრებთან შეხვედრა მხოლოდ პირველი თამაში იყო ამ საოცარი ფეხბურთელის გამოსათხოვარ მუნდიალზე. წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს, უფრო სწორედ მინიმუმ ორი შეხვედრა, ჯერ ავსტრიის, შემდეგ კი იორდანიის ნაკრებ გუნდებთან. გული მიგრძნობს, დიადი ათიანი მათთანაც საოცარ სანახაობას შემოგვთავაზებს. ხოლო რამდენად შორს წავა არგენტინა და ჯგუფური ეტაპის შემდეგ კიდევ რამდენჯერ ვნახავთ მესის მწვანე მინდორზე, ეს, ვფიქრობ, მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. აქამდე გამართული მატჩების გათვალისწინებით ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მათი შემჩერებელი არავინაა. მაგრამ…

ლეო მესის მესამე გოლის შემდეგ, სულ რამდენიმე წამით 1994 წელი, ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატი, ალფიო ბასილეს გაწვრთნილი და დიეგო მარადონას ლიდერობით მოთამაშე არგენტინის ნაკრები გამახსენდა. იმიტომ, რომ 32 წლის წინ, ამერიკაში პირველად გამართული მუნდიალი იმ გუნდმა დიდებულად დაიწყო, 4:0 გააცამტვერა საბერძნეთი. იმ მატჩშიც ვნახეთ ჰეთ-თრიქი, არგენტინელთა ათიანი იმ შეხვედრაშიც ვერავინ შეაჩერა, მედიამ კი ბასილეს ბიჭები სამართლიანად მონათლა ოქროს თასის გათამაშების ნომერ პირველ ფავორიტად.

მაგრამ იმ ნაკრების მეორე შეხვედრას, ნიგერიასთან 2:1-ს მარადონას სამედიცინო შემოწმება, დოპინგ-კონტროლზე ჩავარდნა და დისკვალიფიკაცია მოჰყვა. ის გუნდი მარადონასთან ერთად დასრულდა. ჯგუფის უკანასკნელ მატჩში ბულგარეთის წინააღმდეგ ალბისელესტე საკუთარი თავის არჩდილი იყო, მერვედფინალში კი რუმინეთთან წაიქცა.

ლიონელ სკალონის გაწვრთნილ მსოფლიოს ჩემპიონებს იგივე სცენარი ნამდვილად არ ემუქრებათ. იმიტომ რომ მათი ლიდერი ლეო მესია და არა დიეგო მარადონა. მესი გაცილებით მაღალი დონის სპორტსმენია და ის არასდროს დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც თანაგუნდელებს და ნაკრებს აზარალებს. დიეგო კი ნამდვილად არ იყო სამაგალითო სპორტსმენი და ალბათ, სწორედ ამიტომ თქვა იმ ჩემთვის უცნობმა არგენტინელმა ქომაგმა ის სიტყვები, წერილის დასაწყისში რომ გავიხსენე.

ხოლო არის თუ არა ლიონელი უკეთესი ფეხბურთელი, ვიდრე დიეგო ჩიტოროს ძე იყო, ამ კითხვაზე სჯობს სხვებმა იკამათონ. პირადად ჩემთვის დიდი ხანია ყველაფერი ნათელია და ალჟირის ნაკრებთან მოგებულმა შეხვედრამ და მესის მორიგმა ზღაპრულმა წარმოდგენამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წლების წინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

დღეს დილიდან სხვადასხვა გამოცემების მიმოხილვებს გავეცანი და უმრავლესობა მხოლოდ იმ ფაქტს ახსენებს, რომ ლეო, რომელსაც მუნდიალების ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტ შეხვედრაში უთამაშია (27), მე-16 გოლით გოლეადორ კლოზეს გაუთანაბრდა. არადა არგენტინელთა კაპიტანმა კიდევ რამდენიმე რეკორდი მიითვალა, რომელიც მინდა რომ ამ წერილების ციკლში დარჩეს. პირველი ისაა, რომ მესი ჯერ კიდევ მაშინ გახდა რეკორდსმენი, კანზას სიტის სტადიონის მინდორზე როცა შეაბიჯა: ოფიციალურად ჩაერთო მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატში, ასეთი რამ კი სხვას არ გაუკეთებია.

მე-16 წუთზე, როცა პირველი ბურთი გაუტანა ლუკა ზიდანს, ის გახდა პირველი არგენტინელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ხუთ მატჩში გაახარა გულშემატკივრები. მანამდე გილერმო სტაბილეს მიერ 1930 წელს დამყარებული რეკორდის თანამფლობელი გახლდათ. იმავე გოლით მან კრიშტიანუ რონალდუს ერთი მიღწევა გაიმეორა: მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატზე გაიტანა გოლი, ასე რამ მხოლოდ ამ ორმა ფენომენალურმა მოთამაშემ მოახერხა.

თამაშის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში მესის აქტივში დუბლი იყო. 38 წლის და 357 დღის ლეო ყველაზე ასაკოვანი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში ორი გოლი გაიტანა. მან დიდებული კამერუნელის, როჟე მილას მიღწევა გააუმჯობესა. 1990 წელს, იტალიაში, აფრიკის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დუბლი რომ შეასრულა, 38 წლის და „მხოლოდ“ 34 დღის გახლდათ.

76-ე წუთზე ლეომ ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ყველაზე ხნიერი გახდა, ვინც ეს შეძლო. ამასთანავე, ის აღმოჩნდა მხოლოდ მეორე ისტორიაში, რომელმაც 5 გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან დარტყმით. პირველი, ვინც ეს შეძლო, დიდებული ბრაზილიელი რიველინოა. აქვე დავაზუსტებ, რომ ფიფა ამ სახის მონაცემებს 1966 წლიდან ითვლის.

და ბოლოს, ორი არგენტინული „მწვერვალიც“ უნდა ვახსენო: ალჟირთან მატჩი მესის სანაკრებო კარიერაში მე-200 იყო, ჰეთ-თრიქით კი გოლების რაოდენობა 120-მდე დაამრგვალა. ცხადია, ორივე ეს შედეგი რეკორდია.

გუშინ კიდევ სამი თამაში გაიმართა. საინტერესო ამბები და მიღწევები საფრანგეთი-სენეგალის და ნორვეგია-ერაყის მატჩების მიმოხილვებშიც წავიკითხე, მაგრამ მოდით დღევანდელი ჩანახატი მხოლოდ ლეო მესის და არგენტინის ნაკრების შესახებ იყოს. მსგავსი ფეხბურთი აქ ჯერ არავის უჩვენებია და იმედია სხვები არ მიწყენენ, თუ მათ დღევანდელ ჩანახატში არ ვახსენებ.

ფიფას ამ ცნობას კი აუცილებლად მოვიშველიებ: 16 ივნისი მაყურებელთა დასწრების მხრივ სარეკორდო აღმოჩნდა, ოთხ მატჩზე 281 223 ბილეთი გაიყიდა! მხოლოდ კანზასის სტადიონი რომ ყოფილიყო ასეთი ტევადობის, მაინც ყველა ბილეთი გასაღდებოდა, რადგან სადაც მესია, ფეხბურთიც იქ არის.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 17 ივნისი
ნიუ იორკი
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian