წერილები ამერიკიდან: 19 ივლისი

ეს დღეც დადგა, რამდენიმე საათიც და მსოფლიოს XXIII ჩემპიონატის ფინალს ისთ რუთერფორდის მეტლაიფი უმასპინძლებს. ევროჩემპიონი ესპანეთი სამხრეთ ამერიკის უძლიერეს გუნდს არგენტინას დაუპირისპირდება. ფიფას ოქროს თასის გათამაშება პირველად მთავრდება ორი კონტინენტის საუკეთესო ნაკრების ჯახით.

გამარჯვების შემთხვევაში არგენტინა მეოთხედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი, ოთხი წლით ადრე მოპოვებულ ტიტულს შეინარჩუნებს. ესპანეთს კი შანსი აქვს ფეხბურთის ფედერაციის ლოგოს მეორე ვარსკვლავი შემატოს.

27 მარტს მათ ფინალისიმას ეგიდით უნდა ეთამაშათ კატარში, მაგრამ ირანში გაჩაღებული ომის გამო ეს მატჩი გაუქმდა. ამ შეხვედრას უამრავი გულშემატკივარი ელოდა და, როგორც ჩანს, არსთა გამრიგესაც ძალიან აინტერესებდა კონტინენტების ჩემპიონთა პაექრობა, რადგან ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მსოფლიო პირველობის ბილიკები ისე გაკვალა, რომ ფინალში სწორედ ესპანეთი და არგენტინა შეახვედრა.

წლის მთავარ საფეხბურთო კითხვას რამდენიმე საათში გაეცემა პასუხი, გუშინ კი მესამეადგილოსანი გამოვლინდა: ბოლო ორი ევროპირველობის ფინალისტმა ინგლისმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთს სძლია და ზედიზედ მესამე ჩემპიონატზე მედლის მოგება არ დაანება. თავად კი პირველად მოხვდა პრიზიორთა შორის… 1966 წლის შემდეგ. ანგარიში კი სულაც არ გამოდგა საფეხბურთო, 6:4 ჰოკეიში უფრო ხშირად გვინახავს.

„მცირე ფინალის“ წინ საფრანგეთის ნაკრების წევრების კომენტარები წავიკითხე. მაგალითად დაიო უპამეკანომ თქვა, თამაშის სურვილი არ გვაქვს, ჩვენ ტურნირის სხვანაირად დასრულება გვსურდა, მაგრამ რადგან მესამე ადგილისთვის შეხვედრა გვიწევს, სხვა რა გზაა, მინდორზე გავალთო.

დაიწყო მატჩი და უცბად გაილია პირველი ტაიმი, მე კი, ანგარიშის შემხედვარეს, 1994 წელი გამახსენდა, როცა შვედეთმა მოტივაციადაკარგულ ბულგარეთს შესვენებამდე ოთხი უპასუხო გოლი მიართვა. ფინალზე ორიენტირებულ ფრანგებს შესაფერისი განწყობა რომ არ ექნებოდათ, ამას ველოდი, მაგრამ 0:4 მაინც ნამეტანი იყო: ჰარი კეინის არყოფნაში გუნდის კაპიტნად ქცეულმა დეკლან რაისმა მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში და ჩემი აზრით ამ ჩემპიონატის ყველაზე იოლი გოლი გაიტანა. მე-18 წუთზე ეზრი კონსამ გააორმაგა უპირატესობა, ტაიმის მიწურულს კი, 37-ე და 46-ე წუთებზე დუბლი შეასრულა ბუკაიო საკამ. მისი პირველი გოლი საიუბილეო, მე-300 გამოდგა ამ ჩემპიონატზე. ეს რა თქმა უნდა რეკორდია, 300 ბურთი აქამდე არცერთ მუნდიალზე არ გასულა.

ინგლისელები რომ ნანატრი მედლისთვის იბრძოლებდნენ, ეს იოლი გამოსაცნობი იყო, მაგრამ მე საფრანგეთის ნაკრებისა გამიკვირდა, ეს ბიჭები ხომ დიდიე დეშამს ეთხოვებოდნენ, მათი ასპარეზობა კი ნამდვილად არ იყო მოვლენის შესაფერისი.

ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა და მრავალმხრივ რეკორდსმენმა მწვრთნელმა კარგა ხნით ადრე თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატით დაასრულებდა ნაკრებში თოთხმეტწლიან მოღვაწეობას. დეშამის ხელში საფრანგეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდა, ნებისმიერი ტურნირის ფავორიტი იყო, ჰოდა, ამის ფონზე 0:4-ით გაცილება ძალიან ცუდად მეჩვენა.

არ ვიცი რა უთხრა მწვრთნელმა ბიჭებს, მაგრამ 66-ე წუთისთვის ინგლისელთა უპირატესობა ერთ ბურთამდე დავიდა: 48-ე და 66-ე წუთებზე კილიან მბაპემ შეასრულა დუბლი, 54-ე წუთზე კი ბრედლი ბარკოლამ დაარტყა ზუსტად. იმ წუთებში ფრანგებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ მაიკლ ოლისემ რამდენიმე ძალიან კარგი შანსი ვერ გამოიყენა.

უკანასკნელ ათ წუთში კიდევ სამი გოლი ვიხილეთ: 87-ე წუთზე საკამ პენალტი გამოიყენა და ჰეთ-თრიქით გამოეთხოვა მსოფლიო ჩემპიონატს, მე-6 დამატებულ წუთზე უსმან დემბელემ კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა, ხოლო ორ წუთში ჯუდ ბელინგემმა დიდებული იერიში ზუსტი დარტყმით დაასრულა – 6:4.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სულ მეექვსედ გავიდა ერთ მატჩში მინიმუმ 10 გოლი, მაგრამ პირველად ესპანეთი 1982-ის შემდეგ, როცა უნგრელებმა 10:1 გაანადგურეს სალვადორი. სხვათა შორის, ფრანგებს უკვე ჰქონდათ ათგოლიანი მატჩის გამოცდილება და გაცილებით სასიამოვნო შედეგით: 1958 წელს 7:3 სძლიეს პარაგვაის. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ ჩილე 1962-ის შემდეგ პირველად ვიხილეთ თამაში, სადაც მეტოქეებმა 4-4 გოლი გაუტანეს ერთმანეთს. 64 წლის წინ 4:4 დასრულდა კოლუმბიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთა შეხვედრა.

როცა 10 გოლი გადის, იქ ისტორიაც იწერება, ამიტომ მომდევნო რამდენიმე აბზაცს კონკრეტულ მოთამაშეებს დავუთმობ. ბუკაიო საკათი დავიწყებ, რომელსაც საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი მიშელობის ჯილდო გადაეცა. საკა მხოლოდ მეორე ინგლისელი გახდა 1966 წლის ფინალის გმირი ჯეფრი ჰერსტის შემდეგ, რომელმაც ფლეი ოფის თამაშში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ჯუდ ბელინგემმა კი, ინგლისელთაგან პირველმა, 7 გოლით დაასრულა ტურნირი. თავის დროზე გარი ლინეკერი და ჰარი კეინი 6-6 გოლით გახდნენ ბომბარდირები, მადრიდის რეალის ვარსკვლავი კი ამ შედეგით ძლივს მოხვდა სამეულში, მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს გაუთანაბრდა.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ოლისემ „ბრინჯაოს ფინალში“ არაერთი მომენტი გააცუდა და ჩემპიონატიც გოლის გარეშე დაასრულა, მან მაინც დაამყარა ერთი საინტერესო რეკორდი: 7 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც უმაღლესი მაჩვენებელია 1966 წლიდან. ფიფამ ამ სახის მონაცემების აღნუსხვა სწორედ ინგლისში გამართული მუნდიალიდან დაიწყო. ძველი რეკორდი თვით მეფეს, ედსონ არანტეს დუ სანიმენტუს ეკუთვნოდა 1970 წელს.

7 საგოლე გადაცემიდან ყველაზე მეტი – 5, ოლისემ მბაპეზე შეასრულა, კილიანი კი, თუ დღევანდელ ფინალში ლეო მესიმ სასწაული არ მოახდინა, ზედიზედ მეორედ გახდება ჩემპიონატის „ოქროს ბუცის“ მფლობელი. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. თამაშის შემდეგ მბაპემ თქვა, 10 გოლს ფინალში გასვლა მერჩივნაო, მაგრამ ამაზე რამდენიმე დღის წინ უნდა ეფიქრა, როცა არნახულად უნიათოდ გაისარჯა, თანაგუნდელების მსგავსად.

მისი 10 გოლი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მექსიკა 1970-ის შემდეგ, როცა ზუსტად ამდენი ბურთი გაიტანა ლეგენდარულმა გერმანელმა ცენტრფორვარდმა გერდ მიულერმა. ესეც საამაყოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 27 წლის ასაკში მბაპე უკვე არის მსოფლიო ჩემპიონატების ნომერ პირველი გოლეადორი: 48-ე წუთზე გატანილი გოლით ის მესის გაუთანაბრდა, 66-ე წუთზე კი გადაასწრო. ახლა მათ შორის ანგარიშია 22:21.

კიდევ შემიძლია რამდენიმე საინტერესო ამბის ჩამოწერა, მაგრამ ამით დავასრულებ: საფრანგეთმა მეოთხედ ითამაშა „ბრინჯაოს ფინალში“ და მეორედ დამარცხდა. ისე კი, მესამე ადგილისთვის მატჩები მათი მონაწილეობით ყოველთვის უხვგოლიანია: 1958 წელს ფრანგებმა 6:3 სძლიეს გერმანელებს, 1982 წელს 2:3 დამარცხდნენ პოლონელებთან, 1986 წელს კი 4:2 აჯობეს ბელგიელებს.

რაც შეეხება ნიუ იორკს, სადაც ამ ზაფხულის ლამის ერთი თვე გავატარე, ის ზედგამოჭრილია სპორტის მოყვარულებისთვის. „ამერიკულ“ სახეობებზე არაფერს ვიტყვი, დღე არ გავა ბეიზბოლის, ჰოკეის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ამერიკული ფეხბურთის ან ავტოსპორტის გულშემატკივრებისთვის რაიმე საინტერესო რომ არ მოხდეს. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში კი ევროპული სოკერის ტრფიალებმაც გაიხარეს. მაგალითად ორი დღის წინ, 17 ივლისს, რიცოლის წიგნის მაღაზიამ თვით „ღვთაებრივ ცხენისკუდას“ – რობერტო ბაჯოს უმასპინძლა.

გამომცემლობა რიცოლიმ 1 ივლისს დაადასტურა, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი გულშემატკივრებს მათ მაღაზიაში უმასპინძლებდა და წიგნს ავტოგრაფითაც დაამშვენებდა. ჩემდა სამწუხაროდ ანონსი გვიან ვნახე. როცა ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შეძენა დავაპირე (ის დაახლოებით 35 დოლარი ღირდა), ტელეფონის ეკრანზე ორი სიტყვა ამონათდა – Sold Out.

ბაჯოსთან შეხვედრამ დიდებულად ჩაიარა: რამდენიმე ასეულმა იღბლიანმა კალჩოს ლეგენდისგან ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინა, მასპინძელმა 1994 წელს როუზ ბოულზე გამართული ფინალიც გაიხსენა, ბოლოს კი თითოეულ სტუმარს წიგნზე ხელი მოუწერა. A Light in the Darkness – ასე ეწოდება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის ავტობიოგრაფიას. ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია 29 სექტემბერსაა დაგეგმილი.

16 ივლისს კი ამ ზაფხულის ყველაზე დიდი სპორტული ფესტივალი დაიწყო, Fanatics Fest დღეს, ფინალამდე დასრულდება. ეს მხოლოდ საფეხბურთო ღონისძიება არ არის, ოთხი დღის განმავლობაში გულშემატკივრები სხვადასხვა სახეობის სუპერვარსკვლავებს ესაუბრებიან. მაგალითად 17 ივლისის ბილეთის მფლობელები ლებრონ ჯეიმსს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, დიანა ტაურასის, დევიდ ბექემს და კაკას შეხვდნენ. საღამო კი საოცნებო გამოდგა: არგენტინის და ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელებს ლიონელ სკალონის და ლუის დე ლა ფუენტეს, ასევე ლეო მესის, დიბუ მარტინესს და როდრის რიო ფერდინანდმა და კევინ დურანტმა უმასპინძლეს. ეს უკანასკნელი გუშინაც იხილეს ქომაგებმა, სწორედ ის გაუძღვა დრეიმონდ გრინთან, კარლ ენტონი თაუნსთან, ნოა ლაილსთან და NBA-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშესთან, ჯეილენ  ბრანსონთან შეხვედრას.

კეთილი შურით მშურს ნიუიორკელების და მიხარია, რომ მსგავსი ღონისძიებები თბილისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდუბეში არაერთ დიდებულ სტუმარს ვუსმინე, მათ შორის კლარენს ზეედორფს, პატრიკ კლუივერტს, რობერ პირესს, დიმიტარ ბერბატოვს, ედვინ ვან დერ სარს… იმედი მაქვს თბილისური ფესტივალებიც უფრო მასშტაბური გახდება და სპორტის ქართველ მოყვარულებსაც მეტი კერპის ხილვის და მოსმენის შანსი გვექნება, თორემ ასეთი ამბებისთვის ნიუ იორკში ჩასვლა, რა დასამალია და რთულია.

როკფელერ ცენტრთან იგივე სურათია, რაც ჩემპიონატის დაწყებამდე იყო: პანინის კოლექციონერები კვლავაც გაცვლა-გამოცვლაში არიან, უკვე პლასტმასის კონტეინერებით დააქვთ სტიკერები, ცათამბჯენის წინ მილიონზე მეტი ნაწილით აწყობილი ლეგოს ოქროს თასი კი ერთგვარი ორიენტირია ქომაგებისთვის. იმიტომ, რომ მისგან მარცხნივ ფიფას გამოფენის შესასვლელია, მარჯვნივ კი ჩემპიონატის სპონსორების კარვები, სადაც გულშემატკივრები ათასნაირ სამახსოვრო ნივთებს იღებენ.

17 ივლისის საღამოს იქ ახლო წარსულის ორი ვარსკვლავი გამოჩნდა, ესპანელი ჩავი და არგენტინელი ხავიერ მაშერანო. არცერთს დაუმალავს, რომ ფინალში თავის გუნდს უგულშემატკივრებს. რაც შეეხება ლეო მესის, ორივე მარტივად შეთანხმდა, რომ ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მხოლოდ არგენტინელთა ათიანს ეკუთვნის. არ მეგულება ადამიანი, სხვა აზრზე რომ იყოს. არგენტინის ნაკრები რომ ფინალშია, ეს პირადად როსარიოელი ჯადოქრის დამსახურებაა.

მე თუ მკითხავთ, მესი „ოქროს ბურთს“ ესპანეთის ჩემპიონობის შემთხვევაშიც იმსახურებს, მაგრამ არ ვიჩქარებ და ფიფას გადაწყვეტილებას დაველოდები. განვლილი თვენახევრის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი სახლის შეფებმა იმდენი სიურპრიზი შემოგვთავაზეს, რომ სჯობს მოვლენებს არ გავუსწრო.

არნახულად ხანგრძლივ, ამერიკულ თარგზე მოჭრილ დიდ შესვენებას კი დიდი ინტერესით ველი. უკვე დაიწერა, რომ ტაიმებს შორის დაახლოებით ნახევარსაათიან შოუს ვიხილავთ. მაყურებლისთვის ეგებ საინტერესო და სახალისოც იყოს, მაგრამ მთავარი მაინც ფეხბურთია, ფინალისტებს კი, დიდი ეჭვი მაქვს, ეს გადაწყვეტილება დიდად არ ხიბლავთ.

უეფამ უკვე დაიწუნა ფიფას ნოვაცია. ალექსანდრ ჩეფერინი და მისი თანამოაზრეები არც სხვა სიახლეებით დარჩნენ კმაყოფილნი, თუნდაც ეგრეთ წოდებული წყლის შესვენებებით… ამ ამბებს, მგონი, გაგრძელებაც მოჰყვება, არცთუ უმნიშვნელო, მაგრამ ახლა მთავარი მაინც ფინალია: მსოფლიოს და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი არგენტინა ევროპის უძლიერესი გუნდის, ესპანეთის წინააღმდეგ.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 19 ივლისი
ნიუ იორკი
ფოტო: FIFA

ka_GEGeorgian