წერილები ამერიკიდან: 2 ივლისი

მსოფლიო ჩემპიონატის სამივე მასპინძელი მერვედფინალშია. კანადის და მექსიკის ნაკრებ გუნდებს რამდენიმე საათის წინ ამერიკაც შეუერთდა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ცალკარა თამაშში 2:0 დაამარცხა ბოსნია-ჰერცეგოვინა. ამერიკელების მომდევნო მეტოქე ბელგიაა, მერვედფინალი 6 ივლისს გაიმართება სიეტლში.

ფოლარინ ბალოგუნის და მალიკ ტილმანის გოლებს ბოსნიელებმა ვერაფრით უპასუხეს. მართალია თამაშის მიწურულს რამდენჯერმე შეუტიეს მეტ ფრიზის კარს, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს და ამერიკაც მშვიდად გავიდა მერვედფინალში.

მასპინძლებმა ათი ფეხბურთელით დაასრულეს მატჩი. 64-ე წუთზე ბალოგუნმა ძალიან უხეშად ითამაშა და მსაჯმაც, VAR-ის ჩარევის შემდეგ, მეოცე ნომერი მინდვრიდან მიაბრძანა. მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, ბალოგუნმა სამი გოლის გატანა შეძლო, თუმცა პოჩეტინოს საკმაოდ ძლიერი ფორვარდები ჰყავს თადარიგში და წესით, უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებს გოლეადორს.

ამერიკის ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე სამი თამაში, თუმცა რამდენად შორს წავა, რთული სათქმელია. მართალია ბელგიამ დღეს მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ 28 მარტს, როცა ამხანაგურად ეთამაშა ამერიკას ატლანტაში, დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 5:2.

„ვინმეს რომ ეთქვა ბელგია 85-ე წუთამდე ორი ბურთით ჩამორჩება, მაგრამ მაინც გავა მერვედფინალშიო, გულიანად გავიცინებდი. დაუჯერებელია! ასეთი უპირატესობის განიავებას მოხერხება უნდა და სენეგალმა ეს შეძლო! ბრავო ბელგიელებს, ბრავო ლუკაკუს და ბრავო ტილემანსს, რომელიც დღეს სამაგალითო კაპიტანი იყო“.

ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა ეს სიტყვები BBC-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სიეტლში გამართული მეთექვსმეტედფინალის დასრულებისთანავე. ლუმენ ფილდზე ბელგიამ ერთი შეხედვით წარმოუდგენელი რამ შეძლო: 85-ე წუთზე ორი ბურთით აგებდა, მაგრამ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მეორე ექსტრა ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა! 3:2 და „წითელი ეშმაკები“ მერვედფინალში არიან.

სხვათა შორის, ბოლო ათ მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი რამ მხოლოდ მეორედ მოხდა და კვლავ ბელგიის ნაკრების შესრულებით. 2018 წელს, რუსეთში, მათ იაპონელები დაამწუხრეს, მათთანაც 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ 3:2 გაიმარჯვეს.

სენეგალის ნაკრები 25-ე წუთზე დაწინაურდა ჰაბიბ დიარას ზუსტი დარტყმით. სანდერლენდის ნახევარმცველმა ძელიდან ასხლეტილი ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. 51-ე წუთზე კი აფრიკელებმა ბრწყინვალე შეტევა განახორციელეს და მეორედ გაიხარეს. მუსა ნიახატეს მშვენიერი პასის შემდეგ ისმაილა სარმა დიდებულად მიიღო ბურთი მკერდზე და ერთი შეხებით დაარტყა – 2:0. კურტუამ ვერც იმ მომენტში იხსნა გუნდი.

სარის საგოლე დარტყმიდან რამდენიმე წამში სამმა მეგობარმა მომწერა, რომ 1998 წელს საფრანგეთში, ნიდერლანდების მიერ არგენტინელთა კარში გატანილი გოლი გაახსენდათ, დე ბური-ბერხკამპის შეტევა, ამ უკანასკნელის დაუვიწყარი ფინტით და ზუსტი დარტყმით რომ დაგვირგვინდა. ეს ორი გოლი ნამდვილად ჰგავს ერთმანეთს.

დიდი შანსი იყო თამაში 2:0 დასრულებულიყო. ვფიქრობდი კიდეც, რომ ბელგიელები უშანსოდ იყვნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუდი გარსიამ ჯერ შარლ დე კეტელარი გაიყვანა, მეორე გაშვებული გოლის შემდეგ კი კევინ დე ბრუინიც გაიხმო და ჯერემი დოკუც. სენეგალს რომ გაემარჯვა, ისმაილა სარი, ალბათ, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა. მან ხომ როჟე მილას მიერ 1990 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა: მხოლოდ მეორე აფრიკელი გახდა, ვინც მსოფლიოს ერთ ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა. მაგრამ ასე არ მოხდა და ლუდსახარშ მიშელობის ჯილდოც ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ჩაიბარა.

იური ტილემანსი მეოთხე წელია ბირმინგემის ასტონ ვილაშია, ნაკრების შემადგენლობაში 89-ედ ითამაშა, დუბლი კი მესამედ შეასრულა. 2024 წელს მან უემბლიზე დასაჯა ინგლისელები 2:2 დასრულებულ ამხანაგურ მატჩში, შარშან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ლიხტენშტაინს გაუტანა ორი გოლი.

„ტილემანსმა სწორედ ისე ითამაშა, როგორც კაპიტანს შეეფერება. რაც შეეხება პენალტს, იმ მომენტში ნათლად გამოჩნდა, რომ ის ტყუილად არ ატარებს სამკლავურს“ – ეს უკვე ვეტერანი ინგლისელი ფორვარდის დიონ დაბლინის სიტყვებია.

ფიფას ცნობით იური ტილემანსმა მუნდიალებზე ყველაზე გვიან გაიტანა გამარჯვების გოლი, 124:44 წუთზე. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა სახლმა ისიც გვამცნო, რომ სენეგალი მეორე აფრიკული გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ფლეი ოფის თამაშში ანგარიში გახსნა, მაგრამ მაინც დამარცხდა. პირველად ასეთი რამ 1994 წელს დაემართა ნიგერიას. „სუპერ არწივები“, რომლებიც იმ წელს პირველად მოხვდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალიასთან მერვედფინალში დაწინაურდნენ, მაგრამ რობერტო ბაჯოს ჯადოქრობით მაინც დამარცხდნენ – 1:2.

სხვათა შორის, 16 ივლისს ბაჯოს ახალი წიგნის პრეზენტაციაა ნიუ იორკში, გამომცემლობა რიცოლის მაღაზიაში. შეუდარებელი იტალიელის ავტობიოგრაფიის შესახებ რომ შევიტყვე, უმალ ბილეთის შეძენა ვცადე, მაგრამ დავაგვიანე. როგორც კი რიცოლიმ წიგნის მსურველები ბაჯოსთან შესახვედრად მიიწვია, ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა. გული კი დამწყდა, მაგრამ წიგნს აუცილებლად ვიყიდი.

1 ივლისის პირველი თამაში კი ატლანტაში გაიმართა, მერსედეს-ბენც არენაზე, რომელიც ამერიკის სტადიონებიდან ყველაზე ძალიან მომწონს. ბელგიელების არ იყოს, ინგლისელებმაც ბეწვის ხიდზე გაიარეს: მე-7 წუთზე ჩამორჩნენ და მხოლოდ ძირითადი დროის დასრულებამდე თხუთმეტი წუთით ადრე გაათანაბრეს ანგარიში, მსაჯის საფინალო სასტვენამდე კი მეორე გოლიც გაიტანეს.

თამაშის გმირი ორი გოლის ავტორი ჰარი კეინი გახდა. მიუნხენის ბაიერნის ცენტრფორვარდმა, რომელმაც გაზაფხულზე კიდევ ერთხელ მოიგო ევროპის „ოქროს ბუცი“, ორივე გოლი ენტონი გორდონის გადაცემებით გაიტანა. პირველად თავური დარტყმით დალაშქრა მესის სეხნიის, ლიონელ მპასის კარი, მეორედ კი მარჯვენა ფეხით.

„ის ზვიგენს მაგონებს, თუ გოლის „სუნი“ იგრძნო, მეტოქე უბრალოდ განწირულია“ – განაცხადა ინგლისელთა გერმანელთა თავკაცმა თომას ტუხელმა ჰარი კეინის შესახებ.

გარდა იმისა, რომ კეინი ბომბარდირთა დავაში ჩაერთო – უკვე 5 გოლი აქვს, მან ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს გადაასწრო, მსოფლიო ჩემპიონატებზე 13 გოლი დაუგროვდა, პელემ კი ერთით ნაკლები ბურთით დაასრულა კარიერა. კეინი ლეგენდარულ უნგრელ ფორვარდს, ფერენც პუშკაშსაც წამოეწია – 84 გოლი დაუგროვდა ნაკრებში, რაც მეცხრე უმაღლესი შედეგია.

ინგლისელთა მომდევნო მეტოქე თანამასპინძელი მექსიკაა. მერვედფინალი მეხიკოში, აცტეკაზე გაიმართება, იქ გამარჯვება კი ძალიან რთულია. ამაზე რიცხვებიც მეტყველებს: ამ ლეგენდარულ სარბიელზე გამართული ბოლო 90 თამაშიდან მექსიკამ მხოლოდ ორი დათმო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე მეხიკოში არასდროს დამარცხებულა – 8 მოგება და 2 ფრე.

ეკვადორთან მატჩის შემდეგ დატრიალებულ ტრაგედიაზე კი ალბათ შეიტყობდით: 30 ივნისის გამარჯვება ათიათასობით მეხიკოელმა აღნიშნა, რამდენიმე ქუჩაზე ჭყლეტვას კი ოთხი ადამიანი შეეწირა.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 2 ივლისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com

ka_GEGeorgian