წერილები ამერიკიდან: 20 ივნისი

ამერიკული ჩანახატების დღევანდელ თავს პენსილვანიის შტატის ერთი პატარა ქალაქიდან, ჰერშიდან გწერთ. ნიუ იორკში გატარებული ათი დღის შემდეგ ფილადელფიას ვესტუმრე, მომდევნო ორ კვირას ამ მშვიდ და მწვანეში ჩაფლულ ქალაქში გავატარებ და საფეხბურთო წერილებსაც აქედან გაახლებთ.

ჰერში კი, რომელიც უგემრიელესი შოკოლადების მწარმოებელი კომპანიითაა ცნობილი, ქეფთენ ამერიკის – კრისტიან პულისიჩის მშობლიური ქალაქია. ამერიკის ნაკრების უდავოდ საუკეთესო მოთამაშე, ამ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი აქ დაიბადა და გაიზარდა და ის სკოლა დაასრულა, სადაც დღეს ისევ და ისევ ფეხბურთის გამო მოვხვდი. ჩემი მეგობრის და მასპინძლის ცხრა წლის შვილს დღეს აქ მორიგი ტურნირი აქვს, ჰოდა, მას ვგულშემატკივრობ.

ჰერშის სკოლის ათობით მოედანზე სხვადასხვა ასაკის ბიჭების და გოგონების ტურნირი ტარდება. პატარა დათოც მთავარი პრიზისთვის იბრძვის. იციან აქაურებმა საფეხბურთო შეჯიბრებების ჩინებულად ორგანიზება და ეს ტურნირიც ამის ნათელი დასტურია. მშობლები, ნორჩი ფეხბურთელების და-ძმები და გულშემატკივრები მინდვრის კიდიდან ვამხნევებთ მომავალ ვარსკვლავებს, ისინი კი გულიანად იხარჯებიან და გოლების გატანას ცდილობენ.

მინდა გითხრათ, რომ ამ პატარა მოედნებზე გამართულ ერთსაათიან თამაშებში (ტაიმები 25 და 30 წუთი გრძელდება, მონაწილეთა ასაკის მიხედვით), არანაკლები ცეცხლი ანთია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების უზარმაზარი სტადიონების მინდვრებზე.

არავინ იცის ჰერშის ტურნირის მონაწილეებიდან რომელიმე ითამაშებს თუ არა დიდ ფეხბურთს, მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ ამ პატარა გოგონებისთვის და ბიჭებისთვის დღევანდელი შეჯიბრება მსოფლიო ჩემპიონატიც არის და ეგებ გაცილებით მეტიც. ისინი ისეთი მონდომებით თამაშობენ, ფიფას ოქროს თასის გათამაშების რამდენიმე მონაწილეზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი.

გუშინ, 19 ივნისს მუნდიალის მეორე ტურის კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართა და ფლეი ოფის მორიგი მონაწილეები და ხელმოცარულები ვიხილეთ. მექსიკისა და კანადის ნაკრების მსგავსად, ფლეი ოფში თამაში გაინაღდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმაც, რომელმაც 2:0 სძლია ავსტრალიას. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი, ჩემი დაკვირვებით, საუკეთესოა მასპინძლებს შორის, კრისტიან პულისიჩი – ნაკრების ლიდერი, თუმცა რამდენად შორს წავა ამერიკა აქ, ამის თქმა მიჭირს, რადგან ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი ფლეი ოფის შესახებ. იქ კი თანამასპინძლებს, შესაძლოა, ისეთი მეტოქე ერგოთ, რომ…

აი, ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილი თურქეთი კი ავსტრალიის შემდეგ პარაგვაისთანაც დამარცხდა და უკვე გამოეთიშა მუნდიალს. უკანასკნელ ტურში მათ ამერიკელები რომც დაამარცხონ, ბოლო ადგილს თავს ვერ დააღწევენ, რადგან ფიფას წესდებით, თანაბარი ქულების მქონე გუნდებს შორის უპირატესი პირადი შეხვედრებია, თურქები კი ორივე კონკურენტთან უკვე დამარცხდნენ.

თურქეთი ორი ტურის შემდეგ თუ გამოეთიშებოდა მსოფლიო ჩემპიონატს, ნაღდად ვერ ვიფიქრებდი. ეგ კი არა, ეს გუნდი ამერიკელების მთავარი კონკურენტი მეგონა პირველი ადგილისთვის ბრძლაში, მათ კი ორივე შეხვედრა ისე დათმეს, რომ გოლიც ვერ გაიტანეს. არადა ამ გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მოთამაშეა, ბევრი გუნდი რომ ინატრებდა. თუნდაც ჰაქან ჩალჰანოღლუ, არდა გიულერი და ქენან ილდიზი, რომელიც ბოლო სეზონში ჩემი ფავორიტი იუვენტუსის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ.

ეს თურქეთის და პარაგვაის ნაკრებთა მხოლოდ მეორე დაპირისპირება იყო, პირველი 1995 წელს გაიმართა, ის ამხანაგური მატჩი იყო 0:0 დასრულდა. სამხრეთამერიკელთა გარემარბი მიგელ ალმირონი კი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უცნაური მიზეზით მოხვდა: თანაგუნდელებთან საუბრის დროს ხელი აიფარა, ფიფამ კი ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატამდე განაცხადა, რომ მსგავსი საქციელისთვის მოთამაშეები დაისჯებოდნენ. ჰოდა, სალვადორელმა არბიტრმა ივან ბარტონმაც პარაგვაელს პირველ ტაიმს დამატებულ მესამე წუთზე წითელი ბარათი აუფრიალა. ავსტრალიასთან მატჩს ალმირონი ყველა ვარიანტში გამოტოვებს, შემდეგ კი, თუ პარაგვაელებმა ფლეი ოფში გააღწიეს, განაცხადს დაუბრუნდება.

D ჯგუფის მატჩებზე უფრო მესამე ოთხეულის შეხვედრები მაინტერესებდა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, იმედგაცრუებული დავრჩი. შოტლანდია-მაროკოს მატჩისგანაც გაცილებით მეტს ველოდი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებისგანაც, რომლებმაც ჰაიტისთან მეორე ტაიმში, მგონი, დაისვენეს.

პირველი ტურის შემდეგ, როცა შოტლანდიელებმა 1:0 სძლიეს ჰაიტელებს, დავწერე, სქოთების ამბავი რომ ვიცი, გამარჯვების მიუხედავად შესაძლოა ჯგუფში ჩარჩნენ-მეთქი. დიდი შანსია მართლაც ასე მოხდეს. გუშინ ისინი მეორე წუთზევე ჩამორჩნენ და შემდეგ ვერაფერით გაათანაბრეს ანგარიში, უკანასკნელ ტურში კი ბრაზილიელებს ხვდებიან, მათთან კი ყოველთვის ძალიან უჭირთ. სხვათა შორის, 1998 წელს, საფრანგეთში, ეს სამეული – შოტლანდია, მაროკო და ბრაზილია, ერთ ჯგუფში იყო და ბრიტანელები მაშინ ორივე მეტოქესთან დამარცხდნენ: სელესაოსთან გახსნის მატჩში – 1:2, მაროკოსთან კი მესამე ტურში – 0:3.

ამ ჯგუფის გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა, ამ წუთისთვის კი პირველ ადგილზე კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი ბრაზილიელები არიან, რომლებმაც ჰაიტელებთან კარგად ივარჯიშეს – 3:0, ისიც მხოლოდ პირველ ტაიმში. თამაშამდე მეგობრებს მივწერე, მგონი ბრაზილია იმაზე დიდი ანგარიშით მოიგებს, ვიდრე გერმანია-მეთქი, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. არადა, შესვენების შემდეგ დიდი შანსი იყო ეს მატჩი ამ მუნდიალის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ყოფილიყო.

ბრაზილია ჰაიტის ნაკრებს სულ მეორედ შეხვდა. ამ ორი გუნდის გზა პირველად ზუსტად ათი წლის წინ გადაიკვეთა, როცა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის, იგივე კოპა ამერიკის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა. მაშინ ფავორიტებმა გაცილებით შთამბეჭდავად ითამაშეს და 7:1 მოიგეს…

სანამ ეს წერილი დავასრულე, ჩემი დათოს გუნდმა პირველი თამაში 3:0 მოიგო და არ გადავაჭარბებ: უფრო მეტი ჟინით ითამაშა, ვიდრე ბრაზილიამ გუშინ. დღეს ამ პატარა ბიჭს და მის თანაგუნდელებს მეორე ტურის მატჩიც აქვთ, რამდენიმე საათის შემდეგ სხვა სტადიონზე მომდევნო მეტოქეს გაეჯიბრებიან.

წარმატებები მათ! ვხედავ, რომ ისინი ბედნიერები არიან ასეთ ლამაზ გარემოში რომ ეჩვევიან შეჯიბრებებს, მე კი ის დრო მახსენდება, როცა მათი ასაკის ვიყავი და ნორჩი დინამოელის ბალახისსაფარიან სტადიონზე არ გვიშვებდნენ, მინდორს გააფუჭებენო…

საუკეთესო სურვილებით, ჰერშიდან.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 20 ივნისი
ჰერში

ka_GEGeorgian