წერილები ამერიკიდან: 22 ივნისი

მამის დღეს გილოცავთ!
ამერიკის შეერთებულ შტატებში ივნისის მესამე კვირას მამის დღეს აღნიშნავენ და რადგან კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული 21 ივნისს დაემთხვა, ხოლო მე წლევანდელ „საფეხბურთო ზაფხულს“ სწორედ ამ მშვენიერ ქვეყანაში ვატარებ, 21 ივნისის თამაშების მიმოხილვას ასეთი მოლოცვით დავიწყებ.

ასევე ვულოცავ ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებმაც მჯერა, რომ ფრიად ისიამოვნეს ატლანტაში, მერსედეს-ბენცის არენაზე გამართული თამაშით. ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა ევროპის ჩემპიონებმა, ვისაც ამ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ვთვლი, შანსი არ დაუტოვეს საუდის არაბეთის ნაკრებს და კაბო ვერდესთან 0:0-ის შემდეგ 4:0 გაიმარჯვეს.

ესპანელთა დაუმარცხებელი სერია უკვე 32 მატჩს ითვლის. ისინი კიდევ უფრო მიუახლოვდნენ იტალიის მსოფლიო რეკორდს, თუმცა ვეჭვობ, რომ დე ლა ფუენტეს სკუადრა აძურას ის მიღწევა არც ახსოვს, მისთვის მთავარი ისაა, რომ ორი ტურის შემდეგ გუნდი ჯგუფის ლიდერია და 26 ივნისს დანიშნულ არცთუ იოლ მატჩს ურუგვაის ნაკრებთან საკმაოდ მომგებიან პოზიციაში ხვდება. ესპანელებს ჯგუფის მოსაგებად ფრეც ჰყოფნით, თუ, რა თქმა უნდა, კაბოვერდელებმა უკანასკნელ ტურში ოთხზე მეტი ბურთით არ დაამარცხეს არაბები.

დე ლა ფუენტეს ფორმაციის ნაკრებში, ბოლო წელიწადნახევარია მიკელ ოიარსაბალი ძირითადი თავდამსხმელია. სასტარტო შეხვედრაში მან იმდენად ცუდად ითამაშა, რომ პრესამ მიწასთან გაასწორა. იმ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე გაზეთმა მისი ფოტო პირველ გვერდზეც გაიტანა და ისე დაასათაურა, რბილად რომ ვთქვა გასაკვირი იყო. საშინელი დებიუტის მიუხედავად, დე ლა ფუენტე კვლავ ენდო ბასკ ფორვარდს და მანაც გაიბრწყინა: 55-ე სანაკრებო შეხვედრაში დუბლი შეასრულა, 21-ე და 24-ე წუთებზე დალაშქრა საუდელთა კარი.

ამ ორი გოლით რეალ სოსიედადის კაპიტანი ფერნანდო მორიენტესს გაუთანაბრდა, ორივეს აქტივში 27 სანაკრებო გოლია, რაც მეშვიდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ისტორიაში.

ფიფამ უფრო საინტერესო ამბავი გვამცნო: 1966 წლიდან დღემდე მიკელ ოიარსაბალი მხოლოდ მეორეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, საწყის 25 წუთში სამ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა. დუბლის გარდა ბასკმა ფორვარდმა საგოლე გადაცემაც მიითვალა, როცა მე-10 წუთზე ლამინე იამალმა გახსნა ანგარიში.

პირველი, ვინც ასე დიდებულად დაიწყო მუნდიალის მატჩი, უნგრელი ლასლო ფაზეკაში ყოფილა. 1982 წელს, ესპანეთში, სალვადორთან 10:1 მოგებულ შეხვედრაში ფაზეკაშს ერთი ბურთი თავად გაუტანია, სამაგიეროდ ორი საგოლე გადაცემა მიუთვლია.

ესპანური ფეხბურთის მომავალი ლამინე იამალი კი ცალკე უნდა ვახსენო. 18 წლის ბიჭმა თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ გაიტანა სანაკრებო გოლი და… პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის თამაშში ანგარიში გახსნა. აწ გარდაცვლილმა ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ იგივე 1958 წელს, შვედეთში გააკეთა უელსის წინააღმდეგ, როცა 18 წლისაც არ იყო.

2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში მოგებული ფიფას ოქროს თასის შემდეგ ესპანელებს მუნდიალი არ გამოუტოვებიათ, მაგრამ მას შემდეგ გამართულ ოთხ ტურნირში მხოლოდ მეოთხე თამაში მოიგეს. რაც შეეხება საუდელებთან დაპირისპირებას, პირენეელებმა მათ წინააღმდეგ ყველა, ოთხივე შეხვედრაში გაიმარჯვეს.

H ჯგუფის მეორე მატჩშიც ოთხი ბურთი გავიდა, თუმცა თითოეულის კარში თანაბრად, ურუგვაიმ და კაბო ვერდემ ქულები გაიყვეს – 2:2. ეს შედეგი, ვფიქრობ, აფრიკელებს უფრო გაახარებდა, რადგან ბოლო ტურში ისინი საუდის არაბეთს ხვდებიან, მარსელო ბიელსას გუნდს კი ესპანეთთან გამოცდა ელის.

მაიამიში, ჰარდ როკ სთედიუმზე გამართულ მატჩში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როცა კევინ პინამ ყუმბარისებურად დაარტყა და ფერნანდო მუსლერას შანსი არ დაუტოვა. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ იმ მომენტში აშკარად შეცდნენ ურუგვაელი მცველები, რომლებმაც „ცოცხალი კედელი“ კი აღმართეს, მაგრამ დარტყმის დროს გაიშალნენ და ბურთიც მათ შორის გაფრინდა.

ეს იყო სტანდარტული მდგომარეობიდან გატანილი პირველი გოლი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამის შესახებ აბსოლუტურად ყველა მიმომხილველმა დაწერა. ხოლო ფიფას სტატისტიკოსებმა გვამცნეს, რომ კაბო ვერდე ერთადერთია ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ფინალურ ეტაპზე პირველი გოლი ჯარიმით შეაგდო.

ურუგვაელებმა შესვენებამდე შეძლეს ორი გოლის გატანა, რასაც ბიელსას გულწრფელი სიხარულიც მოჰყვა, თუმცა 61-ე წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა ვეტერანმა ფერნანდო მუსლერამ და კაბო ვერდემაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, ჰელიო ვარელამ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.

40 წლის მუსლერა ორწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ნაკრებს, თანამემამულე ჟურნალისტებმა კი ის ძალიან გააკრიტიკეს. ხოლო მე გეტყვით, რომ დღეს ის გუნდის რეკორდსმენია მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ჩატარებული მატჩებით, მე-18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აქამდე მუსლერა ედინსონ კავანისთან იყოფდა რეკორდს, 21 ივნისის შემდეგ კი ერთპიროვნული ლიდერია.

არ ვიცი რამდენად ანუგეშებს მას ეს ფაქტი, მაგრამ მაინც დავწერ: სამხრეთამერიკელ გოლკიპერთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების 18 შეხვედრაში მხოლოდ მას და კლაუდიო ტაფარელს უთამაშიათ. ეს უკანასკნელი, მუსლერასი არ იყოს, წლების წინ სტამბოლის გალათასარაიში თამაშობდა. ურუგვაელი კი, გეცოდინებათ, თურქეთის ყველაზე პოპულარული კლუბის ლეგენდაა: 14 სეზონი გაატარა გალათასარაიში და 19 ტიტული მოიგო, მათ შორის 8-ჯერ სუპერლიგა.

G ჯგუფში კი ორი ტურის შემდეგ ეგვიპტის ნაკრებია ლიდერი, რომელიც ვანკუვერში, ახალ ზელანდიასთან მატჩს აგებდა, მაგრამ შემდეგ სამი უპასუხო გოლი გაიტანა – 3:1. „ფარაონებმა“ პირველი თამაში მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატებზე, ახალი ზელანდიის ნაკრები კი, რომელიც მუნდიალის მონაწილეთაგან ყველაზე დაბლა დგას ფიფას რეიტინგში, ამაოდ ცდილობს გამარჯვებას.

რაც შეეხება მოჰამედ სალაჰს, რომელმაც 67-ე წუთზე 68-ე სანაკრებო გოლი გაიტანა, ის ყველაზე ასაკოვანი ეგვიპტელი მეგოლე გახდა მუნდიალებზე, ენფილდ როუდის ლეგენდა 34 წლის და 7 დღის გახლავთ.

სალაჰს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორობამდე მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა აშორებს, „ეგვიპტის მეფეს“ მხოლოდ ჰოსამ ჰასანი უსწრებს, რომელმაც თავის დროზე 69 გოლი გაიტანა, დღეს კი… გუნდის თავკაცი გახლავთ.

22 ივნისს გაცილებით საინტერესო მატჩები გველის. ამ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი ლეო მესი და მისი თანაგუნდელები ავსტრიელებს გამოცდიან, I ჯგუფში კი ფრანგები ერაყელებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ნორვეგიელები სენეგალელებს.

არაა გამორიცხული მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის ახალი საუკეთესო გოლეადორი დღესვე ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ მესი მიროსლავ კლოზესთან ერთად ფლობს რეკორდს (16 გოლი), თუმცა ძალიან შორს არც კილიან მბაპეა, რომელსაც ლიდერებამდე ორი ზუსტი დარტყმა აშორებს.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 22 ივნისი
ჰერში
ფოტო: FIFA.com

ka_GEGeorgian