წერილები ამერიკიდან: 28 ივნისი
ისტორიაში პირველი 48-გუნდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გუშინ დასრულდა. ზოგადი მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია: 72 მატჩი, 215 გოლი და 4 644 549 მაყურებელი! მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე გამართული მატჩებიდან არაერთმა გულშემატკივრის იმედები ვერ გაამართლა, 0:0-ის არაერთხელ ვიხილეთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საშუალო შედეგიანობა ძალიან მაღალია, ხოლო დასწრება 1994 წლის რეკორდს უახლოვდება.
დღეიდან ფლეი ოფი იწყება და როგორც არაერთი ჟურნალისტი აღნიშნავს, ნამდვილი მსოფლიო პირველობა მხოლოდ ახლა იწყება. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ვიზიარებ, მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მსურს. ფიფას ოქროს თასის XXIII გათამაშების მონაწილე 16 ევროპული ნაკრებიდან მხოლოდ სამმა ვერ დაძლია პირველი ეტაპი, რაც იმის ნიშანია, რომ ევროპული ფეხბურთი კვლავაც დომინანტია, ხოლო უეფა ფინალური ეტაპის მეტ საგზურს იმსახურებს.
როდესაც ფიფამ უდიდესი შეჯიბრების მონაწილეთა რიცხვი 48-მდე გაზარდა და კონფედერაციებს საგზურები გადაუნაწილა, არაერთმა ევროპულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ უეფასთვის მხოლოდ 16 ადგილის გამოყოფა უსამართლობა იყო. ახლა არ ჩამოვთვლი იმ არგუმენტებს, ამ თემასთან დაკავშირებით წლების წინ რომ ახსენეს ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის თუ იტალიის სპორტულ გამოცემებში. ასეც რომ არ ყოფილიყო, განა ფიფას რეიტინგი არ არის საკმარისი იმის დასანახად, რომ ევროპული გუნდები მოწინავენი არიან და საგზურები არასათანადოდ განაწილდა, კონფედერაციების „უფლებები“ ხელოვნურად გათანაბრდა?
დიდი იმედი მაქვს, რომ ფიფა კარგად შეისწავლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებს და ევროპული ფეხბურთის მმართველ სახლსაც მეტ პატივს მიაგებს. ჩემს სურვილს ამ ფაქტითაც გავამყარებ: 12 ჯგუფიდან ნახევარზე მეტი – 7, ევროპულმა გუნდებმა მოიგეს, პირველ-მეორე ადგილით კი ფლეი ოფში საერთო ჯამში 11 ევროპული ნაკრები მოხვდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. „ევროპელთა იმედები“ ვერ გაამართლეს მხოლოდ მარად უიღბლო შოტლანდიამ, რომელიც სამი ქულით ჩარჩა მესამეადგილოსნებს შორის; ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილმა თურქეთმა, რომელსაც საწყის ორ ტურში ძალიან არ გაუმართლა, მაგრამ თანამასპინძელ ამერიკასთან არაფრისმომცემ მატჩში ბოლომდე იბრძოლა და თავაწეულმა დატოვა მუნდიალი; და ჩეხეთმა, ობიექტურად ყველაზე სუსტმა ევროპულმა ნაკრებმა.
27 ივნისს გამართული თამაშების მიმოხილვას კი L ჯგუფში ხორვატია-განის დაპირისპირებით დავიწყებ, სადაც მეორეადგილოსანი ირკვეოდა. ეს მატჩი ფილადელფიაში გაიმართა და ზლატკო დალიჩის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 2:1. 73-ე წუთზე დერიკ ლუკასენმა გაათანაბრა ანგარიში და ვიფიქრე, რომ ხორვატები მესამე ადგილით თუ გავიდოდნენ ფლეი ოფში, მაგრამ 83-ე წუთზე ნიკოლა ვლაშიჩმა ჩინებულად ითამაშა და თავური დარტყმით მეორედ დააწინაურა ბოლო ორი მუნდიალის პრიზიორი ხორვატია.
ხორვატიის ნაკრების სამივე თამაში ვნახე და ჩემი აზრით, ეს ის გუნდი აღარაა, რაც რვა წლის წინ რუსეთში და 2022 წლის ზამთარში კატარში ვიხილეთ. თეთრ-წითლები მეთექვსმეტედფინალს 2 ივლისს გამართავენ ტორონტოში და დიდი შანსია ამ მატჩით დასრულდეს კიდეც ლუკა მოდრიჩის თვალისმომჭრელი კარიერა. მან ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის წინ განაცხადა, რომ უკანასკნელ შეჯიბრებაზე მიემგზავრებოდა. დღეს ლუკა, რომელიც 40 წლის და 291 დღის გახლავთ, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა შეასრულა.
მოდრიჩზე რამდენიმე წლით უმცროსი ივან პერიშიჩის მიღწევაც არანაკლებია. მან მეოცედ ითამაშა მუნდიალზე, ყველა შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში, ეს კი მესამე უმაღლესი მაჩვენებელია პაოლო მალდინის (23), უვე ზეელერის (21) და ლოთარ მათეუსის (21) შემდეგ.
პეტარ სუჩიჩის მიერ 31-ე წუთზე გატანილ გოლზე კი ფიფამ ასეთი რამ გვამცნო: ეს იყო საჯარიმოს გარედან შეგდებული 28-ე ბურთი, ამაზე მეტი გოლი შორი დისტანციიდან მხოლოდ 1994 წელს გავიდა, 30.
L ჯგუფი ინგლისის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ჯუდ ბელინგემის და ჰარი კეინის ზუსტი დარტყმებით სძლია პანამას – 2:0. ეს იყო მეტოქეთა მხოლოდ მეორე პაექრობა და კვლავ მსოფლიო ჩემპიონატზე. 2018 წელს, რუსეთში, ინგლისელებმა 6:1 გაიმარჯვეს.
თომას ტუხელის გუნდის კაპიტანმა რვა წლით ადრე მოგებულ თამაშში ჰეთ-თრიქი შეასრულა. კეინს პანამელების წინააღმდეგ ოთხი გოლი დაუგროვდა, ეს კი მეორე საუკეთესო მაჩვენებელია კონკრეტულ მეტოქესთან. რეკორდი კილიან მბაპეს და რუს ოლეგ სალენკოს ეკუთვნით. საფრანგეთის ნაკრების გუნდისთავმა ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 5-ჯერ დაამწუხრა არგენტინელები, სალენკოს ამბავი კი ფეხბურთის ქომაგებს კარგად გემახსოვრებათ, აქ აღარ გავიმეორებ.
კეინმა მეორე მწვერვალიც დალაშქრა, ჩემი აზრით გაცილებით ფასეული: მე-11 გოლი გაიტანა მთავარ ტურნირზე, ეს კი ინგლისის ნაკრების ახალი რეკორდია. აქამდე ლიდერი გარი ლინეკერი გახლდათ 10 ზუსტი დარტყმით.
ეს ცნობა კი BBC-ის სპორტულმა რედაქციამ გვამცნო: მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა ოთხი ისეთი მოთამაშე, რომელიც ინგლისს მიღმა, უცხოურ კლუბში ასპარეზობს. პანამელებთან შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ჯუდ ბელინგემი მადრიდის რეალის ვარსკვლავია; ჰარი კეინი – მიუნხენის ბაიერნის გოლეადორი; მარკუს რაშფორდი ბარსელონის ფორვარდი გახლავთ, ხოლო ჯარელ ქუანსა ლევერკუზენის ბაიერის მცველია.
შუადღით K ჯგუფის თამაშები დაიწყო. ატლანტაში, მერსედეს-ბენცის ეფექტურ სტადიონზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა 3:1 დაამარცხა ფაბიო კანავაროს მომზადებული უზბეკეთი და მესამე ადგილით მოხვდა მეორე ეტაპზე.
კონგო აფრიკის მე-11 გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია, მექსიკა-ამერიკა-კანადაში კი მეხუთე დებიუტანტი, რომელმაც უზომოდ გაახარა ქომაგები. შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში იგივე წარმატება იზეიმეს კაბო ვერდეს, კოტ დივუარის, ეგვიპტის და სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა გუნდებმა. კონგოელთა მომდევნო მეტოქე ინგლისია, აფრიკელები ტუხელის გუნდს კვლავ ჯორჯიის დედაქალაქში დაუხვდებიან.
კოლუმბია-პორტუგალიის დაპირისპირებისგან კი, რომელიც მაიამიში, ჰარდ როქ სთედიუმზე შედგა, უკეთეს სანახაობას ველოდი, მინიმუმ ერთ გოლს მაინც, თუმცა შეხვედრა 0:0 დასრულდა. კოლუმბიამ პირველი ადგილი დაიკავა და ახლა განასთან მეთექვსმეტედფინალზე გადაერთვება, მეორე ადგილზე გასულ პორტუგალიას კი მომდევნო მეტოქედ ხორვატია ერგო.
კრიშტიანუ რონალდუმ 170-ედ უკაპიტნა გუნდს(!). მართალია მან გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ 25-ედ ითამაშა ფინალურ ეტაპზე და ლოთარ მათეუსს გაუთანაბრდა. მათზე წინ მხოლოდ ლეო მესია 29 მატჩით.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი კი იორდანიასთან თამაშს სათადარიგოთა სკამზე შეხვდა, მხოლოდ ერთი საათის შემდეგ გამოჩნდა ლაუტარო მარტინესის ნაცვლად. მსოფლიოს ჩემპიონებმა მის გარეშეც დამაჯერებლად დაიწყეს თამაში და ორი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა როცა საპასუხო გოლი გაუშვეს, სკალონიმ მესის უხმო. კაპიტანმაც უმალ განმუხტა დაძაბულობა, მე-6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ორი ბურთით დაწინაურდა.
არგენტინამ საიუბილეო, 50-ე გამარჯვება იზეიმა მსოფლიო ჩემპიონატზე, ლეო კი გახდა პირველი, რომელმაც ზედიზედ 7 თამაშში გაიტანა გოლი. ოქროს თასის სამგზის მფლობელები ფლეი ოფს 3 ივლისს დაიწყებენ მაიამიში, მეტოქე კაბო ვერდეა.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 28 ივნისი
ლანკასტერი
ფოტო: FIFA.com
