წერილები ამერიკიდან: 7 ივლისი

ვიცოდი რომ ფიფას იმ, რბილად თუ ვიტყვი ღიმილისმომგვრელ გადაწყვეტილებას სასურველი შედეგი არ მოჰყვებოდა. იმიტომ, რომ უსამართლობა იყო, ძალიან დიდი უსამართლობა. და ეს ყველამ იგრძნო ფიფას გარდა. არადა, პირველ რიგში თავად ფიფას უნდა დაეცვა მსაჯის ვერდიქტი. მაგრამ ასე არ გააკეთა, ჰოდა, ყოველივეს გათვალისწინებით, ძალიანაც გამეხარდა ბელგიელთა გამარჯვება.

ფოლერინ ბალოგუნი, ამერიკის ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებულ მატჩში სამართლიანად მიიღო წითელი ბარათი, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დასჯილიყო. მეთექვსმეტედფინალის შემდეგ დაიწერა კიდეც, რომ ის მერვედფინალში ვერ ითამაშებდა. მაგრამ 6 ივლისს მისი განაჩენი „გადაიხედა“ და „აღმოჩნდა“, რომ ფორვარდს უსამართლოდ მიუღია წითელი ბარათი. დანარჩენი, რაც ფიფას მიერ ოფიციალურად ითქვა და განცხადების სახით გავრცელდა, სასაცილო იყო: ვიხელმძღვანელეთ ამა და ამ პუნქით, გავითვალისწინეთ ესა და ეს, დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შევცვალეთ…

მაურისიო პოჩეტინომ თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მაგრამ სამართალმა, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, პური ჭამა: ბელგიის ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, 4:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

ფოლერინ ბალოგუნი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ დასრულებულ მერვედფინალში ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნა და საბედნიეროდ გოლით ვერ დაასრულა, ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ისტორიაში, რომელსაც მიმომხილველებმა სახალისო სახელი უწოდეს: Free Flo, ანუ ფლოს გათავისუფლება.

იმ მასკარადზე, რაც 6 და 7 ივლისს ვიხილეთ, პასუხი მაღალჩინოსნებმა უნდა აგონ, მსოფლიო ჩემპიონატი ლამის საკუთარ სათამაშოდ რომ აქციეს. პირველ რიგში ფიფას მეცხრე პრეზიდენტს, 56 წლის ჯანი ინფანტინოს ვგულისხმობ, რომელიც 6 ივლისის განცხადების შემდეგ ლამის თავის მართლებაზე გადავიდა და უსუსური არგუმენტებით სცადა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების დაცვა. სხვათა შორის ინფანტინო სიეტლის სტადიონის საპატიო სტუმართა ლოჟიდან ადევნებდა თვალს მატჩს, ფიფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, პიერლუიჯი კოლინასთან ერთად.

ფიფას პრეზიდენტი არავინ დაინდო, ის ყველამ გააკრიტიკა უეფათი დაწყებული, ბელგიის ფეხბურთის ფედერაციით გაგრძელებული და ზეპ ბლატერით დასრულებული. ეს უკანასკნელი, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ არცთუ საამაყო მიზეზით ჩამოაშორეს ფიფას, ძალიან დიდი ხანი ჩუმად იყო, მაგრამ მემკვიდრის საქციელმა აშკარად წყობიდან გამოიყვანა. ეგ კი არა, ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის პროტესტიც შემხვდა. ხომ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა გააღიზიანო კაცი, რომლის გუნდმა მერვედფინალში თვით ბრაზილია დაამარცხა, მან კი ფიფას გაუგონარ შეცდომაზე სასაუბროდ მოიცალა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, რომელსაც არანაკლები კრიტიკა შეხვდა, Free Flo-დან სუფთად გამოსვლა სცადა. ბატონ ინფანტინოს ნამდვილად დავურეკე, მაგრამ მხოლოდ მომენტის გადახედვა ვთხოვე, ჩემი აზრით მსაჯს ბალოგუნის უხეშობა ასე მკაცრად არ უნდა შეეფასებინაო – განაცხადა იუბილარი და მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის პირველმა კაცმა.

დონალდ  ტრამპის გარდა არანაკლებ ცუდად დამამახსოვრდა ამერიკის ნაკრების ყოფილი მცველის ალექსი ლალასის კომენტარი, ვეტერანმაც ფიფას შეახოცა ხელი. ლალასი FOX Sports-ზე მუშაობს ტიერი ანრისთან და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, ჰოდა, ბალოგუნის ძირითად შემადგენლობაში ხილვით გულმიცემულმა, მატჩის წინ პირდაპირ ეთერში დააბრეხვა: უზომოდ მიხარია წითელი ბარათი რომ გაუქმდა, დანარჩენი კი საერთოდ არ მაინტერესებს, თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, ფიფას მიმართოს, გადაწყვეტილება მათ მიიღესო.

თამაშს ჩემთვის ძვირფასი ამერიკელების ოჯახში ვუყურე, რის გამოც ბელგიელების გოლებს მშვიდად შევხვდი. მასპინძლები პირველ ტაიმში კი გაღიზიანდნენ, მაგრამ როცა ანგარიში 3:1 გახდა, აღიარეს, რომ მათი გუნდის მეოთხედფინალში გასვლა უსამართლობა იქნებოდა.

ბელგიამ ყველაზე შთამბეჭდავი ანგარიშით მოიგო მერვედფინალი, ზედიზედ მეშვიდედ სძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაუმარცხებელი სერია კი 18 თამაშამდე გაზარდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დუბლის ავტორი შარლ დე კეტელარი გახდა, მე კი ვეტერანი რომელუ ლუკაკუს მიღწევაზე გავამახვილებ ყურადღებას: 33 წლის ფორვარდმა 131-ე სანაკრებო თამაშში 93-ე გოლი გაიტანა! არანაკლებ საინტერესოა ეს ფაქტი: ლუკაკუმ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლი გატანა შეცვლაზე შესვლის შემდეგ და ამ მხრივ პირველია.

რუდი გარსიას გუნდის მომდევნო მეტოქე ევროპის ჩემპიონი ესპანეთია. მეოთხედფინალი 10 ივლისს გაიმართება კალიფორნიაში, ინგლვუდის ბრწყინვალე სოფი სთედიუმზე. ბელგიელებს ძალიან უჭირთ მათთან თამაში: ევრო 1980-ზე 2:1 გამარჯვების შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ ესპანელები აღარ დაუმარცხებიათ, 2 ფრე და 9 წაგება.

ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა მეოთხედფინალში თამაში რამდენიმე საათით ადრე გაინაღდა, როცა უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულ პორტუგალიას 1:0 სძლია.

„პორტუგალიელები ამის შესახებ არაფერს იტყვიან, მაგრამ ვგრძნობ, რომ მათ თავში ახლა მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს: „კრიშტიანუ, შენ ხარ მარცხის მიზეზი! შენ მოგვიკალი ოცნება! შენს გამო თავდასხმაში ვერაფერი ვქენით!“

გონსალო რამოშმა ხორვატიასთან გამარჯვების გოლი გაიტანა, ესპანეთთან კი წუთითაც არ ათამაშეს… ეს დაუჯერებელია!
კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ამ მარცხში მთავარი დამნაშავე რობერტო მარტინესია. მას ერთადერთი მიზანი ჰქონდა: პორტუგალიის ეს მშვენიერი ნაკრები, რომელშიც მსოფლიო დონის რამდენიმე ვარსკვლავია, ჩემპიონობამდე მიეყვანა. მან კი რა გააკეთა? ისევე როგორც ბელგიაში, პორტუგალიაშიც დაასამარა ოქროს თაობის ოცნება“!

ინგლისის ნაკრების და ბლექბერნ როვერსის ყოფილი ფორვარდის ქრის სატონის ეს სიტყვები ესპანეთის და პორტუგალიის ნაკრებთა მერვედფინალური დაპირისპირების დასრულების შემდეგ წავიკითხე BBC-ის ინტერნეტ-გვერდზე. სატონს ნამდვილად არ გადაუჭარბებია, როცა მარცხის მთავარ მიზეზებად ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი, პორტუგალიელთა კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ და ნაკრების ახლა უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი დაასახელა. ეს უკანასკნელი მარცხიდან ერთ საათში გადადგა თანამდებობიდან.

მსოფლიო ჩემპიონატი ნამდვილად არ არის ის ტურნირი, სადაც ძველი დამსახურებების გამო რაიმე ჯილდოს მიიღებ. არც იმის იმედი უნდა გქონდეს, რომ ვინმე გზას დაგითმობს. კარგა ხანია, რაც მადეირელი ფენომენის საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა, ის კი ჯიუტად არ უთმობს გზას კონკურენტებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მის ავტორიტეტს, რომელსაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ვერაფერი მოუხერხა, ნიჭიერი ფეხბურთელების გუნდი შეეწირა.

ესპანელებთან დაძაბულ, მაგრამ სახიფათო მომენტებით ღარიბ მერვედფინალში რონალდუ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო. შეტევაში ჩართულს არც სისწრაფე ჰყოფნიდა, საკუთარ ნახევარზე ხომ იშვიათად ბრუნდებოდა და ვერც მეტოქეებს ატყუებდა. კარში ჩვეულად დარტყმაზე საუბარი ზედმეტია. ამის მიუხედავად, რობერტო მარტინესმა 41 წლის ფეხბურთელი მაინც არ შეცვალა, ეს კი თუ ვინმეს აწყობდა, მხოლოდ ლუის დე ლა ფუენტეს და მის მშვენიერ გუნდს.

ლონდონის არსენალის ცენტრფორვარდმა მიკელ მერინომ 85-ე წუთზე შეაბიჯა მინდორზე, ექვს წუთში კი ფერან ტორესის დიდებული პასი გამოიყენა და ცენტრალურ მცველებს შორის შეჭრილმა დიოგო კოშტას შანსი არ დაუტოვა. ეს მერინოს მეთერთმეტე გოლი იყო ნაკრებში.

ესპანელებმა ფიფას ოქროს თასი პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ სამხრეთ აფრიკაში მოიგეს 2010 წელს. ჰოდა, მას შემდეგ გუნდი პირველადაა მეოთხედფინალში.

გუშინდელი 1:0-ით ესპანეთი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც საწყის ხუთ თამაშში არ გაუშვა გოლი. კატარი 2022-ის ბოლო მატჩის ჩათვლით (მაროკოსთან 0:0) უნაი სიმონის „მშრალი სერია“ უკვე მიჯრით ექვს შეხვედრას ითვლის, რაც ასევე რეკორდია. და ყველაზე მთავარი: ესპანელებმა 35-მდე გაზარდეს დაუმარცხებელი სერია და საკუთარი საუკეთესო მიღწევა გაიმეორეს. სკუადრა აძურას მსოფლიო რეკორდამდე – 37 მატჩი – მხოლოდ ორი შეხვედრა დარჩა.

ესპანელთა საამაყო მიღწევების ფონზე კიდევ უფრო საშინლად მოჩანს კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ფაქტი: ის მერვედ დამარცხდა მუნდიალზე, რაც ანტირეკორდია. პორტუგალიელი ანტონიო კარბახალის (მექსიკა), ორი კორეელის, მიუნ-ბო ჰონის და ჰონ-მინ სონის, ასევე მეთიუ ლეკის (ავსტრალია) გვერდით დადგა.

ჰოდა, აქვე ლეგიტიმური შეკითხვა: ღირდა?

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 7 ივლისი
ფილადელფია
ფოტო: FIFA.com

ka_GEGeorgian