წერილები ამერიკიდან: პენსილვანიის რკინიგზის მუზეუმი
პენსილვანიის რკინიგზის მუზეუმში ორჯერ ვიყავი. პირველად 19 ივნისს, როცა მასპინძლებმა ნიუ იორკიდან ფილადელფიაში წამიყვანეს და ჩემი თხოვნით ჰემიშების სოფლის სანახავად შევიარეთ ლანკასტერში, მეორედ კი 8 ივლისს. იმ დღეს ფილადელფიიდან ნიუ იორკში დავბრუნდი.
ტექნიკასთან დაკავშირებული მუზეუმები და გამოფენები ძალიან მიყვარს, თუ შანსი მაქვს, ყოველთვის ვსტუმრობ. ახლა რომ ვიხსენებ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ათზე მეტი მსგავსი დაწესებულება მინახავს, მეტწილად ავტომობილების კოლექციები, ამერიკა კი მსგავსი ტურების მოყვარულებისთვის უბრალოდ მისწრებაა. ლამის ყველა შტატშია სახელმწიფო თუ კერძო მუზეუმი, სადაც ათობით ისტორიული ავტომობილი, ორთქლმავალი, თვითმფრინავი და გემია დაცული. დრო თქვი, თორემ დასათვალიერებელს რა დალევს.
პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმში პირველი სტუმრობის დროს მხოლოდ ერთი, ღია ნაწილი მოვინახულე, მეორედ კი გაცილებით მეტი დრო მქონდა და ლამის ყველა ორთქლმავალი, ელმავალი და ვაგონი ვნახე. უშველებელ დარბაზში, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ ფართოვდება და ყოველ წელს ექსპონატები ემატება, რკინიგზასთან დაკავშირებული უამრავი ნივთია, ძველისძველი ბილეთებით დაწყებული უმძიმესი ხელსაწყოებით დასრულებული. დარბაზის ერთ მხარეს XIX საუკუნის ამერიკული სადგურიცაა გაცოცხლებული, სადალაქოთი, აფთიაქით, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიით და მათ თავზე მოწყობილი სასტუმროთი.
მთავარი შენობა, სადაც რამდენიმე ბაქანია მოწყობილი, ორსართულიანია. პირველზე თანმიმდევრობით, წლების მიხედვით დგას ორთქლმავლები და ვაგონები, მეორე სართული კი უფრო ბავშვებისთვისაა განკუთვნილი: დიდ დარბაზში პენსილვანიის შტატის მასშტაბური მოდელია აწყობილი და ღილაკზე მსუბუქი დაჭერით შეგიძლია მატარებლის სასურველი შემადგენლობა ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში გადაიყვანო.
ყველაზე ძველი ორთქლმავალი 1838 წელს დიდი ბრიტანეთში დამზადებული როკეტია, კომპანია „ბრაითვაითი, მილნერი და კო“-ს მიერ აწყობილი, უახლესი კი 1980 წლისაა. ის კოლექციას 2021 წელს შეემატა.
იმედია სწორად დავთვალე: პირველ დარბაზში 19 ისეთი ორთქლმავალი დგას, რომელთა ასაკი კარგა ხანია საუკუნეს გადასცდა. თავის დროზე ისინი ერთგულად ემსახურნენ შტატის რკინიგზას, შემდეგ კი, კეთილი ხალხის ინიციატივით, „მოხუცებულთა თავშესაფარში“ გადაინაცვლეს.
მუზეუმის ისტორიაზეც დავწერ ორიოდ სიტყვას: 1939-1940 წლებში ნიუ იორკმა მსოფლიო გამოფენას უმასპინძლა, სადაც პენსილვანიელებმა რამდენიმე ორთქლმავალი წარადგინეს. როგორც ჩანს, დამთვალიერებლებს ძალიან მოეწონათ სანახაობა, რადგან სწორედ ნიუ იორკიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა შტატის მთავრობამ მუზეუმის შექმნა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს პროცესი საკმაოდ გაიწელა, თუმცა მთავარი ისაა, რომ ჩანაფიქრი განხორციელდა: 1975 წლის 22 აპრილს ის საზეიმოდ გაიხსნა. მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და მუზეუმი მხოლოდ გაიზარდა, კოლექცია კი უფრო მრავალფეროვანი გახდა.
სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის წინ ტურისტული ხაზიც აეწყო. საავტომობილო გზის მეორე მხარეს, ღია ცის ქვეშ ორი ბაქანია რკინიგზის პატარა მოყვარულებისთვის და მათი მშობლებისთვის. ორივე სტუმრობის დროს იქაურობა ბავშვებით იყო სავსე. ისინი, ვისთვისაც ჯერ ადრეა საუკუნის წინანდელი ორთქლმავლების და ელმავლების ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა, მატარებლების სიყვარულს სწორედ იქაურობით სწავლობენ. ღვინისფერ ვაგონებში მოკალათებული პატარა მოგზაურები ჯერ ერთი საათით დასეირნობენ მეზობელ სოფლებში, მთავარ, აღმოსავლეთ სტრასბურის სადგურზე დაბრუნებულები კაფეებში ისვენებენ, ალბათ არც ატრაქციონებზე ამბობენ უარს, დღის ბოლოს კი მათ და მშობლებს მუზეუმის ოფიციალური მაღაზია მასპინძლობს. იქ რკინიგზასთან დაკავშირებული უამრავი საჩუქარია, ლეგოს კონსტრუქტორით დაწყებული, ფაზლებით გაგრძელებული და საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებით დასრულებული.
ღია ბაქანთან აგებული მაღაზია ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, მუზეუმის შენობაში განთავსებული კი აშკარად უფროსებზეა გათვლილი. თუ მატარებლებთან დაკავშირებით რაიმე გაინტერესებთ, იქ ყველაფერს შეიძენთ. ათობით წიგნი, მათ შორის სამეცნიერო ლიტერატურა, ფოტოალბომი, უმცირესი დეტალებით აწყობილი მოდელები, რკინიგზელის სხვადასხვა ფორმები, კალენდრები, სამკერდე ნიშნები, პერიოდული გამოცემები, საფოსტო ბარათები, სუვენირები… არჩევანი მხოლოდ თქვენზეა.
მუზეუმის მეგობართა კლუბიც უნდა ვახსენო, რადგან მხოლოდ შტატის ფინანსური მხარდაჭერით ამხელა საქმე წარმატებული ვერ იქნებოდა. კლუბი 1983 წელს დაფუძნდა მატარებლების რამდენიმე და საკმაოდ შეძლებული მოყვარულის მიერ. დროთა განმავლობაში მათ სხვებიც შეუერთდნენ, შესაბამისად, მუზეუმის საბანკო ანგარიშიც შთამბეჭდავი თანხით შეივსო. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობამ რა შედეგი გამოიღო, იმედია ამ ფოტოებიდან კარგად გამოჩნდება.
არავისთვისაა დასამალი, რომ ლანკასტერში მდებარე პენსილვანიის რკინიგზის მუზეუმის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი დღეს სწორედ 1983 წელს დაარსებული კლუბია. მის წევრებს მხოლოდ მატარებლების სიყვარული აერთიანებთ, სანაცვლოდ კი მუზეუმისგან შეღავათები აქვთ. მაგალითად, ყოველი ვიზიტის დროს მათ უფასოდ ემსახურებათ გიდი, ამას გარდა მუზეუმის ტერიტორიაზე სასურველი ღონისძიების გამართვა შეუძლიათ, მაგალითად საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ან ქორწილის გადახდა. თითოეული მათგანის გვარ-სახელი სპეციალურ სტენდზე, ლითონის ოქროსფერ ფირფიტებზეა ამოტვიფრული. მუზეუმის მესვეურები თვლიან, რომ იმ კეთილი ხალხის სახელი და გვარი დაფარული არ უნდა იყოს.
თუ ორთქლმავლები და ზოგადად, მატარებლები გიყვართ, მაშინ ეს მუზეუმი თქვენთვისაა. წელს ძალიან გამიმართლა, რადგან რკინიგზასთან დაკავშირებული ორი მშვენიერი ადგილი ვნახე. პირველი იანვარში მოვინახულე მადრიდში. ატოჩაზე და ესპანურ კოლექციაზე მოგვიანებით დავწერ.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 31 აგვისტო
ლანკასტერი, პენსილვანია
