წინ, ახალი მწვერვალებისკენ!

ერთი კვირაა, რაც ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვარჯიშობს და თამაშობს, მაგრამ ამ პატარა ჩანახატში მაინც მის ნეაპოლურ ამბებს მიმოვიხილავ და ამით დავასრულებ კიდეც მის პირველ იტალიურ თავგადასავალზე წერას.

მას შემდეგ, რაც სერია ა-მ ნეაპოლელთა მესამე ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ხვიჩამ კიდევ ერთი დიდი აღიარება მოიპოვა – უეფას ჩემპიონთა ლიგის ტექნიკურმა კომისიამ ის მთავარი ევროტურნირის რჩეულ ახალგაზრდად მიიჩნია. ინფორმაცია ამის შესახებ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე 11 ივნისს გამოქვეყნდა.

რამდენიმე დღით ადრე კი კორიერე დელო სპორტმა ნაპოლის მესამე სკუდეტოსთან დაკავშირებით მომზადებული სამნაწილიანი Trilogia del Trionfo-ს უკანასკნელი, მესამე ნომერი გამოსცა და ქვემოთ ამ ჟურნალებს მიმოვიხილავ.

პირველი ნომრის ყდაზე ჩემპიონების ნიგერიელი გოლეადორი ვიქტორ ოსიმენია და ის მთლიანად ტრიუმფის შემოქმედებზეა – აურელიო დე ლაურენტისით დაწყებული იმ მოთამაშეებით დასრულებული, რომლებიც იშვიათად ხვდებოდნენ შემადგენლობაში.

„კვარას ჯადოსნური პლანეტა“ – ასე ეწოდება სტეფანო კიოფის ჩანახატს, რომელიც თორმეტ გვერდზეა გაშლილი. „ხვიჩამ იმ ქუჩის სიახლოვეს იქირავა სახლი, სადაც წლების წინ დიეგო მარადონა ცხოვრობდა. კვარადონასთვის ყოველი დილა ღვთაებრივი პეიზაჟით იწყება – ულამაზესი ყურე, ცისფერი ზღვა, ნავები და ვეზუვი“ – ასე იწყება კიოფის წერილი.

მეორე ნომერს ხვიჩას და მარადონას ფოტოები ამშვენებს. პირველ ოცდაათ გვერდზე ჟურნალისტები დიეგოს დროინდელ გამარჯვებებზე გვიყვებიან, 1987 და 1990 წლების სკუდეტოებზე, ჟურნალის დიდი ნაწილი კი საჩემპიონო შემადგენლობებზეა. კორიერე დელო სპორტის მიმომხილველები იხსენებენ, რომ 1987 წლის ტრიუმფის დროს ნაპოლის შეტევის მარცხენა ფლანგზე ლუიჯი კაფარელი და ჩირო მურო თამაშობდნენ, მეორე, 1990 წლის ჩემპიონობის დროს მასიმო მაუროს ჯანფრანკო ძოლა ცვლიდა, ხოლო გასულ სეზონში ხვიჩა უკონკურენტო იყო. ცალკე წერილები ეძღვნებათ ლუჩანო სპალეტის და კრისტიანო ჯუნტოლის თანაშემწეებს, იმ ხალხს, რომლებმაც წარმატებულ სეზონში თავისი წვლილი შეიტანეს.

მესამე ნომრის პირველ გვერდზე ნეაპოლელთა თავკაცის და პრეზიდენტის ფოტოებია. ჟურნალის პირველი ნახევარი ჩემპიონებზეა და თითოეული დამსახურების მიხედვითაა შეფასებული. ჯოვანი დი ლორენცოსთან, მინ-ჯაე კიმთან, სტანისლავ ლობოტკასთან და ვიქტორ ოსიმენთან ერთად ხვიჩასაც უმაღლესი, ათი ქულა ერგო.

„ქართველი ყველაფერს ელეგანტურად, უმაღლეს დონეზე ასრულებს. კვარამ ბესტის და მერონის თამაში გაგვახსენა, ხოლო მის მიერ ატალანტას კარში გატანილი გოლი თავისუფლად შეგვიძლია სეზონის სავიზიტო ბარათად მივიჩნიოთ“, – წერს ჟურნალისტი მასიმილიანო გალო და ჩანახატს ამ სიტყვებით ამთავრებს: „ის არის ფეხბურთელი, რომლის შესახებ ძალიან დიდხანს ისაუბრებენ“.

ძნელი არ დაეთანხმო სინიორ გალოს. ჩემთვის, როგორც სპორტული ჟურნალისტისთვის, ძალიან სასიამოვნოა წარმატებულ ქართველ ფეხბურთელზე წერაც და საუბარიც და დიდი იმედი მაქვს, რომ საამისოდ ბევრი მიზეზი მექნება.

ამიტომაც: ფორცა ხვიჩა! წინ, ახალი მწვერვალებისკენ!

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 18 ივნისი

ka_GEGeorgian