წინამძღვრიშვილზე

ბებია საბჭოს მოედანზე ცხოვრობდა, ერთ იტალიურ ეზოში და ეს ქუჩები იმ დროიდან მახსოვს: 80ების შუა წლები, გზა ჩვენი სახლიდან ნათესავებამდე ან მუშტაედის პარკამდე. ხანდახან დედაენის სკვერშიც ვსეირნობდით…
რატომ მომწონდა ამ ვიწრო ქუჩებში ხეტიალი, არ მახსოვს, მაგრამ ის კი შემიძლია ვთქვა, რომ აივნებიანი სახლების დათვალიერება განსაკუთრებით მხიბლავდა. წითელი აგურით ნაგები შენობების სიყვარულიც, მგონი, იმ დროიდან მომდევს.

ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გავისეირნე ღუჩურეთში, რამდენიმე ქუჩას შევუყევი და ბლომად ფოტოებიც გადავიღე. კი ვიცოდი, რომ ეს ძველისძველი უბანი თბილისის სული და გულია, მაგრამ ამდენი საინტერესო შენობა და კოხტად მორთული სახლი თუ იდგა, ნაღდად ვერ წარმომედგინა! მარტო წინამძღვრიშვილის ქუჩას ერთი დღე მოვუნდი – თითქმის ყველა სახლი გამორჩეულია და სამწუხაროდ, დაბზარულიც. კარგი იქნება თუ ამ შენობებს, აივნებს, ეზოებს და საერთოდ, ყველაფერს ყურადღებას მიაქცევენ – დედაქალაქის ისტორიას ინახავს ლამის ყოველი მეტრი.

თან, თურმე, რა ხალხი ცხოვრობდა წინამძღვრიშვილზე: კოლაუ ნადირაძე, ანდრია ბენაშვილი, ნოდარ ჯორჯიკია, სერგო შუდრა!

ცნობისათვის: ქუჩა ლამის ორი კილომეტრი სიგრძისაა. #53ში კი, ყოფილი სახანძრო განყოფილების ადგილზე, ახლა ღვინის გალერეაა. მშვენიერი ტურისტული ადგილია მე თუ მკითხავთ. არანაკლებ საინტერესოა გალერეის უკანა ეზო, ერთ-ერთი ულამაზესი თბილისში. დედაქალაქის ისტორიით გატაცებულმა მეგობარმა მითხრა, რომ ამ ეზოშია გადაღებული „უძინართა მზის“ ეპიზოდები. არ ვიცოდი.

კონკრეტულად წინამძღვრიშვილის ქუჩის ისტორია ვერ მოვიძიე, აი ჩუღურეთის შესახებ კი ნეტში ამ ცნობებს წავაწყდი:

პირველად იხსენიება 1707 წელს გაცემულ წყალობის სიგელში, სოფელ ჩუხურის სახელით.

„იქ ესე წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენ, დედოფლით დედოფალმან, პატრონმან რუსუდან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან, პატრონმან ბაქარ თქვე, ჩვენი კარის მღვდელს ნაობს, შვილსა შენსა პეტრესა, გიორგის და იაკობს, ასრე რომ შვილიან კაცი იყავით და ერთი კაცის სასახლისა და საბრძელ-კალოს ალაგს დაგვეაჯენით, ჩვენცა მოკითხული ვქენით და გაღმა ჩუხურში, შენისავ სიმამრის ნაქონი ცოტა რამ ბეითალმანი ნაოხარი ალაგი იყოს, რადგან ქალაქში მისი ნაქონი სახლ-კარი შენ გქონდა, არცა ვის ხელი ჰქონდა არცა ვის ეხელყოდა, და თვინიერ შენსა, და რადგან შენის სიმამრის ნაქონი იყო, ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, და როგორათაც შენს სიმამრს ლუარსაბს ქონებოდეს, რისაც მზღურითა და გზით, იმ გვარად შენთვის და შენთა შვილთათვის გვიბოძებია. ჰქონდეს და გიბედნიეროს ღ-თნ“.

ჩუხური ქართულ წერილობით წყაროებში მეორედ გვხვდება ქართლის 1721 წლის აღწერის დავთარში.

ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1735 წელს შედგენილ ტფილისის გეგმაზე დატანილია როგორც სოფელი და ისაზღვრება ჩუღურეთის ხევით, სოფელ კუკიათი, მტკვრით, დიდხევით და სამგორის მინდვრებით.

სახელი წარმოდგება თურქული ჩუღურიდან და ქართულად ფოსოს, ორმოს, ღრმა ფლატეს ნიშნავს.

1824 წლიდან ჩუღურეთი შეუერთდა ქალაქს. ახალი დასახლება თბილისის სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო უბანი იყო, სადაც მალე აშენდა ერთმალიანი რკინის ხიდი – მუხრანის, ამჟამინდელი ბარათაშვილის.

კვირაცხოვლის ეკლესია შუა ფეოდალური ხანისაა, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია XVIII-XIX საუკუნეების, ღვთისმშობლის გრიგორიანული ეკლესია კი XIX საუკუნით თარიღდება.

მოკლედ, ასეთი ამბებია. დანარჩენი ფოტოებზე.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2022 წლის 10 მარტი

ka_GEGeorgian