Wings for Life 2018: გარბენს მოჭადრაკეებიც შეუერთდნენ
6 მაისში, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან საქართველომ მეხუთედ უმასპინძლა საქველმოქმედო გარბენს Wings for Life. აქციას ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები და მოჭადრაკეები შეუერთდნენ.
Wings for Life-ის წლევანდელ გარბენში 7 ათასამდე მოხალისე დარეგისტრირდა, მამაკაცთა შორის გამარჯვებულმა ალექსანდრე ჩერბუკინმა კი 74 კილომეტრი და 728 მეტრი დაფარა და მსოფლიოში მე-3 შედეგი აჩვენა!
ქალთა შორის ნინა ზარინამ გაიმარჯვა 47,45კმ-ით. ეტლით მოსარგებლეებში საუკეთესო შედეგი მერაბ დუკაშვილმა (7,05კმ) და ირმა ზვერიაშვილმა (8,55კმ) აჩვენეს.
წელს მსოფლიო რბენა 66 ქვეყნის ზუსტად ათას ადგილზე გაიმართა. ჯამში, 100 ათასმა მონაწილემ 934,484 კმ-ის დაფარვა შეძლო! მარათონის გლობალური გამარჯვებული უკვე მეორედ, არონ ანდერსონი გახდა. მან ეტლით წელს 89,58 კმ-ის დაფარვა შეძლო, ქალთა შორის კი ვერე ნუნისმა გაიმარჯვა – 53,78 კმ.
წელს საქართველოში დარბოდნენ პოლონეთის, გერმანიის, თურქეთის და საქართველოს 2017 წლის გამარჯვებულები, საქართველოს 2014-15 წლის გამარჯვებული მამაკაცი და 2016 წლის გამარჯვებული ქალი, ასევე 2014 წლის ნიდერლანდების გამარჯვებული კაცი.
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 7 მაისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი