Wings for Life 2019: კახეთის ყველა ჩემპიონი გოგონა

5 მაისს საქართველოში მეექვსედ გაიმართება საქველმოქმედო რბენა Wings for Life World Run. სახალისო გარბენი ტრადიციულად კახეთში, ლოპოტას ხეობაში გაიმართება.

დაარსების დღიდან Wings for Life World Run სულ უფრო პოპულარული ხდება. ორგანიზატორთა თქმით, კახეთის გარბენისთვის უკვე გაიარა რეგისტრაცია 7 ათასმა მოყვარულმა.

გუშინ საქართველოს გარების ყველა ვაჟი ჩემპიონი გაგაცანით, დღეს კი ქალთა შორის პირველადგილოსნებს წარმოგიდგენთ.

სადებიუტო, 2014 წელს საუკეთესო შედეგი ფრანგმა მარიელ კარმანოლემ უჩვენა. მანქანა მას 25 კილომეტრსა და 340 მეტრზე წამოეწია. ამ შედეგით მარიელი მსოფლიოში 323-ე ადგილზე გავიდა.

2015 წელსაც უცხოელმა იპირველა – ჰოლანდიელმა ლინდა ვლიეტმა 32.01 კილომეტრი დაფარა, 2016 წელს კი საუკეთესო კვლავ უცხოელი, ამჯერად რუსი იანა ხმელევა გახლდათ 34.93 კილომეტრით.

ნინო მიქაძე პირველი, და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველია ქალია, ვინც გარბენი მოიგო. 2017 წელს მან 29 კილომეტრი გაირბინა!

შარშან საუკეთესო კვლავ რუსი აღმოჩნდა: ნინა ზარინამ ქართული Wings for Life World Run-ის ისტორიაში ქალთა შორის ყველაზე დიდხანს ირბინა – 47 კილომეტრი და 340 მეტრი. მსოფლიოში ეს ქალთა შორის მე-12 მაჩვენებელი იყო.

Wings for Life საქველმოქმედო გარბენია და რეგისტრაციიდან შესული თანხა მთლიანად ირიცხება სპეციალურ ფონდში, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ახორციელებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.

ღონისძიებას ინიციატორი ავსტრიელი ჰაინც კინიგადნერი გახლავთ, მსოფლიოს 1984 და 1985 წლების ჩემპიონი მოტოკროსში. 2003 წელს მისი შვილი მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ ეტლსაა მიჯაჭვული. კინიგადნერმა საქველმოქმედო ფონდი Wings for Life კომპანია რედ ბულის მფლობელ დიტრიხ მატეშიცთან ერთად დააარსა.

Wings for Life კახეთის ყველა გამარჯვებული ქალი:
2014: მარიელ კარმანოლე (საფრანგეთი) – 25.34კმ
2015: ლინდა ვლიეტი (ჰოლანდია) – 32.01კმ
2016: იანა ხმელევა (რუსეთი) – 34.93კმ
2017: ნინო მიქაძე – 29კმ
2018: ნინა ზარინა (რუსეთი) – 47.34კმ

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 1 მაისი)

ka_GEGeorgian