ხელბურთი: ნიდერლანდები ნორვეგიას შეუერთდა

დღეს ქუთაისში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში ხელბურთში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის III შესარჩევი ჯგუფის თამაშები დასრულდა. ნორვეგიის დარად, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ნიდერლანდებიც გავიდა. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი 13-23 აგვისტოს მაკედონიაში გაიმართება.

დასკვნითი ტური ნიდერლანდების და ლიეტუვის ნაკრებთა ძალიან საინტერესო შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც გაირკვა კიდეც მე-2 ადგილოსანი და ფინალური ეტაპის საგზურის მფლობელი. ნიდერლანდებმა უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში გატეხა ბალტიისპირელთა ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელმაც I ტაიმში კონცენტრირებულად ითამაშა და მოიგო კიდეც საწყისი ნახევარი საათი. თუმცა შესვენების შემდეგ ჩრდილოევროპელები გააქტიურდნენ, უფრო სწრაფად და ზუსტად ათამაშდნენ და გაიმარჯვეს კიდეც – 30:28.

I ტაიმში ლიეტუველთა მე-7 ნომერი ბრიგიტა ივანაუსკაიტე შეუჩერებელი იყო – ტანმაღალმა შემტევმა 9 გოლი გაიტანა და დიდწილად განაპირობა კიდეც თავისი გუნდის 3-ბურთიანი უპირატესობა. ნიდერლანდელი მცველები ძალიან კი ცდილობდნენ მის შეჩერებას, მაგრამ შედეგიდანაც ჩანს, რომ ისინი ვერაფერს გახდნენ. ნარინჯისფერებს ინდივიდუალურად სურდათ შეტევების დაგვირგვინება, მაგრამ ლიეტუველები ყურადღებით იცავდნენ კარს. არაერთი საგოლე დარტყმა გააცუდა მე-16 ნომერმა მარიელ ბეუხოლსმა, არადა საწყის ტურში, ნორვეგიასთან 32:33 წაგებულ დრამატულ მატჩში ის შეხვედრაში საუკეთესო იყო.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდები გააქტიურდა. ბრწყინვალედ ათამაშდა მე-15 ნომერი რომი ტენ კატე, რომელიც მოხდენილი დარტყმებით აგვირგვინებდა შეტევებს. საბოლოოდ მან 5 გოლი გაიტანა. ამდენივე ზუსტი დარტყმა დაუგროვდა ბეუხოლსსაც, ვინც ბოლო წუთებში გააქტიურდა. საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე ნიდერლანდები 2 ბურთით დაწინაურდა, მალე ლიეტუვა, შეტევაში დაკარგა ბურთი და ცხადი გახდა, რომ ბალტიისპირელები, უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, თამაშის გადარჩენას ვეღარ შეძლებდნენ. საბოლოო „გასროლა“ ნიდერლანდელთა მე-8 ნომერმა დიონ ჰაუსჰირმა „მოახდინა“ – 30:28.

შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ მატჩში ნორვეგიამ საქართველოს სძლია – 41:20. მიუხედავად იმისა, რომ როლანდ ერაძის გუნდმა ქუთაისში სამივე შეხვედრა წააგო, ჩვენი გუნდის ასპარეზობა დადებითად უნდა შეფასდეს. მთავარია, რომ გოგონებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს – ამ ეტაპზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ესაა გუნდი, რომელიც მალე დაიცავს ქვეყნის ღირსებას უფროსი ასაკის შეჯიბრებში, რამდენიმე წელიწადში კი ეროვნული გუნდის სახელითაც წარსდგება საერთაშორისო სარბიელზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი იასპარეზებს ივლისის მიწურულს და აგვისტოს დასაწყისში თბილისში დაგეგმილ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში. საქართველოს და ჩვენი შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული ნორვეგიის გარდა, ოლიმპიურ ფესტივალში გოგონათა შორის რუსეთის, დანიის, ჩეხეთის, რუმინეთის, გერმანიის და მონტენეგროს ნაკრები გუნდებიც გამოვლენ. რაც შეეხება ვაჟ ხელბურთელთა შეჯიბრებას, საქართველოს მხარდამხარ ფრანგი, ესპანელი, უნგრელი, დანიელი, სლოვენიელი, ნორვეგიელი და შვედი ჭაბუკები ითამაშებენ.

თბილისი 2015-ის ხელბურთელთა ტურნირის წილისყრა 24 აპრილს, თბილისში გაიმართება.

22 მარტი, 2015. ევრო 2015 – შესარჩევი მატჩი, III ჯგუფი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 300
ნიდერლანდები 30:28 (12:15) ლიეტუვა
ნიდერლანდები: 1.იესე ფან დე პოლდერი (მეკარე) – 4.ემი ოსტფეინი (1), 7.კარლაინ მულდერი (5), 8.დიონ ჰაუსჰირი (2), 13.იფა ფან დერ ლინდერი (3), 15.რომი ტენ კატე (5), 20.მირელ ფრირიკსი (5); 3.იარა ტენ ჰოლტე (მეკარე), 6.ბრიტ სტეიხერსი, 9.შერონ ნოითმიერი, 10.ბო ფონ ვიეტერინი (2), 14.კალია კლუმპი, 16.მარიელ ბეუხოლსი (5), 17.მიკე კორპელი, 18.ლაურა ზელდენფიესი (2), 19.ტესა ჰილბრანდსი
მთავარი მწვრთნელი: რობერტ ნეიდამი
გაფრთხილება: 13.იფა ფან დერ ლინდერი, 20.მირელ ფრირიკსი
ლიეტუვა: 16.ბენიტა შლიუპაიტე (მეკარე) – 2.ლაურა ლაპინსკაიტე (1), 5.რობერტა ივანაუსკაიტე (2), 7.ბრიგიტა ივანაუსკაიტე (10), 18.ემილე აგლინსკაიტე (2), 20.გრეტა რინკევიჩუტე (4), 22.გაბია გაიდიტე (5); 1.გაბრიელე იანუშაუსკაიტე (მეკარე), 4.ეიმანტე ზენკოვაიტე, 6.რამუნე პოშკუტე, 9.სკრიმანტე პოჩიუტე, 10.ერიკა დრულიტე (3), 12.ევა ბოჩკუტე (მეკარე), 17.კაროლინა სპარნაუსკაიტე (1), 24.ფაუსტა აბრუტიტე, 25.ევა ლუკოშევიჩუტე
მთავარი მწვრთნელი: აუკსუოლე სტროპიენე
გაფრთხილება: 2.ლაურა ლაპინსკაიტე, 18.ემილე აგლკინსკაიტე
მსაჯები: დენის ბოლიჩი, ქრისტოფ ჰურიხი (ორივე ავსტრია)

22 მარტი, 2015. ევრო 2015 – შესარჩევი მატჩი, III ჯგუფი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 700
საქართველო 20:41 (9:22) ნორვეგია
საქართველო: 16.ქრისტინე ჯავახია (მეკარე) – 9.თათია გადელია (8), 18.ქეთევან ვენეცკი (2), 19.ანა ყველაშვილი (4), 29.ქეთი კუნელაშვილი (1), 39.თამთა თეთრაშვილი (1), 99.ქრისტინე ღვალაძე; 1.თინათინ ყაველაშვილი (მეკარე), 7.თინათინ ქიტესაშვილი, 10.მაია ბერიძე, 12.ანა ვარდიშვილი (მეკარე), 15.თამარ ჩოგოვაძე (1), 17.მედეა ჩოხელი, 23.მარიამ მიხელიძე, 24.ნინო გაბისონია (3), 34.ლელა მორჩაძე
მთავარი მწვრთნელი: როლანდ ერაძე
გაფრთხილება: 24.ნინო გაბისონია, 18.ქეთევან ვენეცკი
ნორვეგია: 1.რაკელ გორა ალვერნი (მეკარე) – 2.მარტე ნიგარდ პედერსენი (3), 4.მარი ფინსტად ბერგუმი (5), 6.სინე ფუსჰაიმი (2), 9.ჰედა კლაიბერგ ზომე (6), 13.ანა ჰიუსე (3), 20.ანა ქრისტენსენ მათიასენი (5); 7.გიურუ ნესტაკერი (3), 10.იულია ბოე იაკობსენი (7), 15.სტინა სელინა სტრენგენელსი (2), 16.ელინა ფაგერჰაიმი (მეკარე), 17.კაროლინ ოლსენი (2), 22.ანა ჰოვლამი (2), 23.მარიან გაბრიელსენი (1)
მთავარი მწვრთნელი: ვიგდის ჰოლმესეტი
გაფრთხილება: 7.გიურუ ნესტაკერი, 4.მარი ფინსტად ბერგუმი
მსაჯები: მაიკე შილჰა, ტანია შილჰა (ორივე გერმანია)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 22 მარტი; ქუთაისი)

ka_GEGeorgian