ხელბურთი: საქართველო ლიეტუვასთან დამარცხდა

დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა ხელბურთში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის III შესარჩევი ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ ამ დონის ტურნირს ქალ ხელბურთელთა შორის საქართველო პირველად მასპინძლობს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ქუთაისში ასეთი პრესტიჟული შეჯიბრება ტარდება. დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი ხელს შეუწყობს ხელბურთის არამარტო ჩვენ ქალაქში, ზოგადად, საქართველოში განვითარებას და ამ თამაშების შემდეგ უფრო მეტი გოგონა დაინტერესდება სპორტის ამ მართლაც ლამაზი სახეობით. მჯერა, რომ შეჯიბრი უმაღლეს დონეზე ჩაივლის და გულშემატკივრები, ისევე, როგორც მონაწილენი, ყველაფრით კმაყოფილნი დარჩებიან – ორგანიზატორებმა, პირველ რიგში კი საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, მართლაც ყველაფერი გააკეთა საკვალიფიკაციო მატჩების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის. წარმატებას ვუსურვებ ახალგაზრდა სპორტსმენებს“! – განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, რომელმაც საქართველო-ლიტვის მატჩის წინ შეჯიბრება ოფიციალურად ოფიციალურად გახსნა.

შესარჩევი ტურნირის სტარტი ჩვენი გოგონებისთვის მარცხიანი გამოდგა: საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან 20:39 დამარცხდა. როლანდ ერაძის გუნდმა მეორე ტაიმი აშკარად უკეთ ჩაატარა, მე-17 ნომერი მედეა ჩოხელი და 24-ე – ნინო გაბისონია კი აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ამ უკანასკნელმა შორიდან რამდენიმე ლამაზი გოლიც გაიტანა. რაც შეეხება ლიეტუველებს, ბალტიისპირელთა ლიდერები დები რობერტა (#5) და ბრიგიტა (#7) ივანაუსკაიტეები იყვნენ, რომლებმაც გოლების ნახევარი მიითვალეს. ასევე აღსანიშნავია მეტოქის გარემარბების, ემილე აგლინსკაიტეს (#18) და გრეტა რინკევიჩუტეს (#20) ჩინებული თამაში.

პირველ შეხვედრაში ნიდერლანდები ნორვეგიას დაუპირისპირდა. ცნობისათვის: ნორვეგია იმ 8 გუნდს შორისაა, რომელიც ივლისის მიწურულს და აგვისტოს დასაწყისში თბილისში, ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს.

მატჩის პირველი წუთები თანაბარი იყო, თუმცა ტაიმის მიწურულისკენ სკანდინავიელებმა უკეთ ითამაშეს და შესვენებაზე 4-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ – 18:14. უნდა აღინიშნოს, რომ უხეში თამაშის გამო ნიდერლანდები I ტაიმში 3-ჯერ დარჩა უმცირესობაში, რითაც ნორვეგიამ ყველა შემთხვევაში ჩინებულად ისარგებლა. ვიგდის ჰოლმსეტის გუნდიდან გამოსარჩევია მე-2 ნომრის მარტე ნიგარდ პედერსენის და მე-10 ნომრად მოთამაშე იულია ბოე იაკობსენის კარგი ასპარეზობა. ორივე მათგანი ჩინებულად წარმართავდა შეტევას და ზუსტი დარტყმითაც აგვირგვინებდა, ტაიმში ნორვეგიელთა ბომბარდირად კი მე-8 ნომერი ლინ ელერშტენი მოგვევლინა, რომელმაც 4-ჯერ ზუსტად გაისროლა. ცნობისათვის: აქამდე ნაკრებში ჩატარებულ 9 ოფიციალურ მატჩში მის ანგარიშზე ყველაზე მეტი, 48 გოლი იყო! რაც შეეხება ნიდერლანდების ნაკრებს, I ტაიმის დასაწყისში გუნდი კარგად გამოიყურებოდა, 2-ჯერ დაწინაურდა კიდეც, მაგრამ ხსენებულმა 2-წუთიანმა უმცირესობებმა მათზე ცუდად იმოქმედა. გუნდის შეტევათა ლიდერმა კარლაინ მულდერმა პირველ ტაიმში 5 გოლი გაიტანა, აქედან 3 – საჯარიმო დარტყმით.

შესვენების შემდეგ გუნდებმა გაცილებით სანახაობრივი თამაში შემოგვთავაზეს – მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში ნორვეგიელებმა 5 ბურთითაც მოახერხეს დაწინაურება და ერთი შეხედვით გატეხეს მეტოქე, ნიდერლანდებმა შეძლო ჩამორჩენის გაბათილება. ეს, უპირველეს ყოვლისა, მე-16 ნომრის მარიელ ბეუხოლსის დამსახურებაა, რომელიც ბრწყინვალედ ერთვებოდა შეტევებში და გოლს გოლზე იტანდა, განსაკუთრებით მატჩის მიწურულს. ის შესარჩევ ეტაპს საერთაშორისო შეხვედრებში გატანილი ერთადერთი გოლით შეხვდა, თუმცა ნორვეგიასთან გუნდის ლიდერის როლი იტვირთა და საბოლოოდ მატჩი ბომბარდირად დაასრულა – 12 გოლი შეაგდო!

მიუხედავად მისი უდიდესი ძალისხმევისა, წითელი მაისურებით მოთამაშე ნორვეგიამ მაინც გაიმარჯვა. შეხვედრის ბედი ნიდერლანდელთა მცველების უხეშმა შეცდომამ გადაწყვიტა – საფინალო სასტვენამდე წამით ადრე მათ საჯარიმოში წააქციეს ნორვეგიელთა მე-8 ნომერი ლინ ელერშტენი და მსაჯებმაც საჯარიმო დარტყმა დანიშნეს. მეკარე იესე ფან დე პოლდერთან პირისპირ დარჩენილმა იულია ბოე იაკობსენმა ზუსტად გაისროლა – 33:32. ნორვეგიამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ხვალ II ტურის შეხვედრები გაიმართება. 16 საათზე ნორვეგია ლიეტუვას დაუპირისპირდება, 18 საათზე კი პირველ დღეს დამარცხებულები შეხვდებიან ერთმანეთს – როლანდ ერაძის გუნდის მეტოქე ნიდერლანდები იქნება.

ცნობისათვის: კონტინენტის პირველობა 17-წლამდელ გოგონათა შორის 13-23 აგვისტოს მაკედონიაში გაიმართება.

20 მარტი, 2015. ევრო 2015 – შესარჩევი მატჩი, III ჯგუფი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 800
ნიდერლანდები 32:33 (14:18) ნორვეგია
ნიდერლანდები: 3.იარა ტენ ჰოლტე (მეკარე) – 4.ემი ოსტფეინი (1), 7.კარლაინ მულდერი (5), 8.დიონ ჰაუსჰირი (2), 15.რომი ტენ კატე, 20.მირელ ფრირიკსი (2); 1.იესე ფან დე პოლდერი (მეკარე), 6.ბრიტ სტეიხერსი (4), 9.შერონ ნოითმიერი, 10.ბო ფონ ვიეტერინი (3), 13.იფა ფან დერ ლინდერი (2), 14.კალია კლუმპი, 16.მარიელ ბეუხოლსი (12), 17.მიკე კორპელი (1), 18.ლაურა ზელდენფიესი, 19.ტესა ჰილბრანდსი
მთავარი მწვრთნელი: რობერტ ნეიდამი
გაფრთხილება: 7.კარლაინ მულდერი, 8.დიონ ჰაუსჰირი
ნორვეგია: 1.რაკელ გორა ალვერნი (მეკარე) – 2.მარტე ნიგარდ პედერსენი (3), 4.მარი ფინსტად ბერგუმი (7), 8.ლინ ელერშტენი (6), 15.სტინა სელინა სტრენგენელსი (7), 17.კაროლინ ოლსენი (3), 23.მარიან გაბრიელსენი (2); 6.სინე ფუსჰაიმი, 7.გიურუ ნესტაკერი, 9.ჰედა კლაიბერგ ზომე, 10.იულია ბოე იაკობსენი (5), 13.ანა ჰიუსე, 14.ჰერმინა მოცფელტ ალბერგი, 16.ელინა ფაგერჰაიმი (მეკარე), 20.ანა ქრისტენსენ მათიასენი, 22.ანა ჰოვლამი
მთავარი მწვრთნელი: ვიგდის ჰოლმესეტი
გაფრთხილება: 15.სტინა სელინა სტრენგენელსი, 14.ჰერმინა მოცფელტ ალბერგი
გაძევება: 15.სტინა სელინა სტრენგენელსი
მსაჯები: დენის ბოლიჩი, ქრისტოფ ჰურიხი (ორივე ავსტრია)

20 მარტი, 2015. ევრო 2015 – შესარჩევი მატჩი, III ჯგუფი. ქუთაისის სპორტის სასახლე. 1200
საქართველო 20:39 (9:20) ლიეტუვა
საქართველო: 16.ქრისტინე ჯავახია (მეკარე) – 9.თათია გადელია (4), 17.მედეა ჩოხელი (4)
18.ქეთევან ვენეცკი (3), 19.ანა ყველაშვილი (2), 24.ნინო გაბისონია (4), 99.ქრისტინე ღვალაძე (1); 1.თინათინ ყაველაშვილი (მეკარე), 7.თინათინ ქიტესაშვილი, 10.მაია ბერიძე (2), 12.ანა ვარდიშვილი (მეკარე), 14.თამარ ჩოგოვაძე, 23.მარიამ მიხელიძე, 29.ქეთი კუნელაშვილი, 34.ლელა მორჩაძე, 39.თამთა თეთრაშვილი
მთავარი მწვრთნელი: როლანდ ერაძე
გაფრთხილება: 18.ქეთევან ვენეცკი, 9.თათია გადელია, 17.მედეა ჩოხელი
გაძევება: 29.ქეთი კუნელაშვილი
ლიეტუვა: 12.ევა ბოჩკუტე (მეკარე) – 5.რობერტა ივანაუსკაიტე (6), 7.ბრიგიტა ივანაუსკაიტე (11), 18.ემილე აგლინსკაიტე (5), 20.გრეტა რინკევიჩუტე (7) 1, 24.ფაუსტა აბრუტიტე; 1.გაბრიელე იანუშაუსკაიტე (მეკარე), 2.ლაურა ლაპინსკაიტე (3), 4.ეიმანტე ზენკოვაიტე (1), 6.რამუნე პოშკუტე (1), 9.სკრიმანტე პოჩიუტე (1), 10.ერიკა დრულიტე (2), 17.კაროლინა სპარნაუსკაიტე, 22.გაბია გაიდიტე (2), 25.ევა ლუკოშევიჩუტე
მთავარი მწვრთნელი: აუკსუოლე სტროპიენე
გაფრთხილლება: 5.რობერტა ივანაუსკაიტე, 24.ფაუსტა აბრუტიტე, 10.ერიკა დრულიტე
მსაჯები: მაიკე შილჰა, ტანია შილჰა (ორივე გერმანია)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 20 მარტი; ქუთაისი)

ka_GEGeorgian