ხევსურეთი: მუცო და ფრუსტრირებული ძმაბიჭები

შატილის მერე იყო მუცო. რუსეთის საზღვრისპირა სოფელში (მუცოსკენ მიმავალ გზაზე შესაბამის ნიშნულსაც ჩავუარეთ) ერთადერთი ოჯახი დაგვხვდა, დაიაურები. ზუსტად იმ მთის ძირში ცხოვრობენ, რომლის წვერზეც ძველისძველი საგუშაგო ნაგებობებია შემორჩენილი.

სიმაღლის არ მეშინია, თუმცა კოშკებისკენ მიმავალ ბილიკზე სანახევროდ ასულმა, რომ გადმოვიხედე, კი ვიფიქრე ხომ არ გავჩერდე-მეთქი, მაგრამ ინტერესმა მძლია და გზა განვაგრძე. აი ჩვენი ევროკავშირელი სტუმარი კი სიმაღლის შიშმა აიტანა და აღარ გამოგვყვა – იჯდა და ელოდა, როდის დავეშვებოდით. სამაგიეროდ, მისი მეუღლე არ ჩამოგვრჩა და კარგა ხნის მანძილზე თვალწარმტაცი ხედებით ტკბებოდა.

იქიდან ხომ ულამაზესია ხეობა! მთის წვერი კი, სადაც ის ცნობილი კოშკებია აგებული, უსაფრთხოა, თუ ესეც გაინტერესებთ.

ისე, კოშკების გამო, ალალად ვიტყვი, გული დამწყდა – ერთი თითქმის ჩამოშლილი დამხვდა, მეორე კი ისე იყო გადახრილი, ვეჭვობ, დიდხანს ვერ გაძლებს.

გადმოცემის მიხედვით, სწორედ მუცოში ინახებოდა ხატის უძვირფასესი შესაწირი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა. XIX საუკუნეში, როცა ქვეყანა ძალიან აირია, ძვირფასეულობა მუცოსთან ახლოს, მთებში გადამალეს. ამბობენ, რომ შესაწირს ახლაც ჰყავს საიდუმლო მცველები…

უკან რომ ვბრუნდებოდით, გზაზე სასაცილო ბალახების ბუჩქები შევნიშნე. ეგეთების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს ის მეგობრები, რომლებსაც ხითხითა მცენარეულობა ხიბლავთ და აბა რის მეგობარი ვიყავი მათზე არ მეზრუნა?! იქვე, ღობის მიღმა მდგარმა ბერიკაცმა კი მითხრა, შვილო, ველურია ეგ და გაგაწბილებსო, მაგრამ ორი მოზრდილი ნერგი მაინც ჩავჩურთე ზურგჩანთაში.

მართალი აღმოჩნდა ის დალოცვილი – ძმაბიჭებს თავიდან კი გაუხარდათ, მაგრამ მეორე დღეს რომ შევხვდი, ფრუსტრირებულები ვართო, შემომჩივლეს.

ეგ არაფერი. ხდება ხოლმე. ხანდახან რაღაცას რომ ვნახავთ, გვგონია, რომ აი, ეგაა რასაც ვეძებდით, მაგრამ დააჭაშნიკებ და…

აი ხევსურეთზე კი იგივეს ნაღდად ვერ ვიტყვი. ფოტოებსა და ალბომებში ხომ დიდებულია და შენი თვალით რომ ნახავ, გაცილებით შთამბეჭდავი და ლამაზია!

ამიტომაც: თამამად იმ კუთხეებისკენ, რომლებიც ჯერ არ გვინახავს!

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2013 წლის 8 სექტემბერი

ka_GEGeorgian