ხუთოსანი: დანიილ მედვედევი თელავიდან ცინცინატიმდე

7:6, 6:4 და პირველი დიდი გამარჯვება! ცინცინატის მასტერსის გადამწყვეტ მატჩში რუსმა დანიილ მედვედევმა ბელგიელი დავიდ გოფინი დაამარცხა და ATP-ის რეიტინგში პირველად შეაბიჯა მოწინავე ხუთეულში.

„რასაც ახლა განვიცდი, ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია! ეს ძალიან დიდი სიხარულია… ეიფორიაა“! – განაცხადა 23 წლის ჩემპიონმა ფინალის დასრულებისთანავე.

მედვედევი აგვისტოს საუკეთესო მოთამაშეა. ჩვენი ვარაუდი მხოლოდ ფაქტებს ეფუძნება: თვის დასაწყისში, ვაშინგტონში, რუსი ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან დამარცხდა, ერთი კვირის წინ მონრეალის მასტერსის ფინალში გავიდა და რაფა ნადალთან წააგო, გუშინ კი ზედიზედ მე-3 ფინალი ითამაშა და ნანატრი გამარჯვებაც მოიპოვა!

მიჯრით 3 გადამწყვეტი მატჩის შემდეგ არავის უკვირს, რომ რუსი რეიტინგის მე-5 ჩოგბურთელია. და შესაძლოა, ნოემბერში ლონდონშიც ითამაშოს წლის შემაჯამებელ ტურნირზე. საამისოდ მას ძალიან კარგი შანსი აქვს. ის პირველი რუსია ნიკოლაი დავიდენკოს შემდეგ, რეიტინგის ხუთეულში რომ შეაბიჯა. ამ უკანასკნელმა მე-5 პოზიციაზე დამკვიდრება 2010 წელს შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ მედვედევი მე-5 რუსია, მასტერსზე რომ გაიმარჯვა. მარატ საფინმა კარიერა 5 ასეთი გამარჯვებით დაასრულა, დავიდენკომ 3-ჯერ გაიხარა, ანდრეი ჩესნოკოვმა 2-ჯერ, კარენ ხაჩანოვის აქტივში კი ერთი ტრიუმფია.

ციფრი 5 კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ: ცინცინატის მასტერსი მედვედევის მე-5 ტიტულია. შარშან სიდნეიში, უინსტონ-სალემსა და ტოკიოში გაიმარჯვა, თებერვალში კი ბულგარეთის დედაქალაქში გახდა ჩემპიონი.

თუმცა მასტერსი სხვაა, მასშტაბით და კომერციული თვალსაზრისითაც. რუსის წინაშე სხვა ასპარეზი იხსნება, რომელსაც მის შემართებას თუ გავითვალისწინებთ, აუცილებლად შეუტევს.

„ეს ფინალიც რომ წამეგო, თავს ვერ ვაპატიებდი. ეგ კი არა, კირგიოსთან მარცხიც ვერ მომინელებია – ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც არ უნდა მომსვლოდა. ნუ, ნადალთან უშანსოდ ვიყავი… ესპანელს რომ გავუთანაბრდე, ბევრი უნდა ვიმუშავო. ჩემი მიზანიც ესაა. და საერთოდ, მიყვარს გამოწვევები, ჩოგბურთში სწორედ ეს მხიბლავს – მუდმივი მიზნები“, – ესეც მედვედევის სიტყვებია, ბიჭისა, რომელიც მონრეალში პირწმინდად დამარცხდა თიხნარის მეფესთან, რამდენიმე დღეში კი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელს, ავსტრალიის ღია პირველობის და უიმბლდონის ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა და სძლია.

116 გამარჯვება პროფესიულ ტურში, 5 ტიტული და ჩოგბურთით გამომუშავებული 6 მილიონი დოლარი. ასეთია დანიილ მედვედევის კარიერა დღეისთვის.

და იცით სად მოიგო პირველი ტიტული ცინცინატის მასტერსის ჩემპიონმა? სად და… თელავში!

2014 წლის 10 აგვისტოს იტალიელი ჯანლუკა მაჯერი დაამარცხა კახეთის გულში. და იქვე მოიგო პირველი თასი წყვილთა შორისაც, ფრანგ ფლორენ დიეპთან ერთად…

მას შემდეგ მხოლოდ 5 წელიწადი გავიდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 19 აგვისტო)

ka_GEGeorgian