ხვალ გამოგვივა!

ყოველთვის ვცდილობ ყველას და ყველაფერს თავის სახელი დავარქვა და ყველა საკითხზე, რაც პირდაპირ თუ ირიბად მეხება, ჩემი აზრი მქონდეს. ასე ცხოვრება მიადვილდება და თუ უადგილოდ არ მოგეჩვენებათ, ჩემთვის კომფორტულიცაა.
ამიტომაც ვთვლი, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გუშინდელი წაგება და, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენა, კონკრეტულად ვინმეს უნიათობის შედეგი არაა.

გუშინდელი 0:1 არც მთავარი მწვრთნელის ბრალია, არც ფეხბურთელების, ფედერაციის და მისი პრეზიდენტის, მთავრობის, კორონასი თუ მასონების.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუშინ მეტოქეზე უფრო თამაშის სტატუსთან დამარცხდა.

გუნდმა ფსიქოლოგიურ ტვირთს ვერ გაუძლო.

მშობლიურ არენაზე გადამწყვეტ მატჩს სათანადო სცენარით რომ ვერ წარმართავ და სასურველ ანგარშს ვერ აჩვენებ, გამოდის რომ შენი ადგილი საფეხბურთო ელიტაში არ არის. უბრალოდ არ ხარ მზად დიდი ტურნირისთვის და მორჩა, წერტილი.

მე ასე ვხედავ შექმნილ სიტუაციას და სხვამ თავისი თქვას.

გუშინ კიდევ ერთხელ ჩავიხედეთ სარკეში და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, იქ კარგი კვლავ ვერაფერი დავინახეთ.

თითქოს ყველაფერი სათანადოდ გაკეთდა, უეფას ერთა ლიგამ ხომ ჩვენს წისქვილზე დაასხა წყალი, ფლეი-ოფის წილისყრაშიც ძალიან გაგვიმართლა, მაკედონიელებთან წინა ორ მატჩშიც საქართველო, ერთი შეხედვით უკეთესი იყო, მაგრამ არა რა. ჯერ კიდევ ვერ გავხდით ფინალური ეტაპის ღირსები.

ვერ დავიჯერეთ, რომ ასე ახლოს ვიყავით მიზანთან.

გულისნადების შეგვეშინდა და დაგვავიწყდა, რომ ეს უკანასკნელი ნაბიჯიც მშვიდად უნდა გადაგვედგა, ფაფხურის და ფაციფუცის გარეშე.

შეეძლო თუ არა ვლადიმირ ვაისს გაშვებული გოლის შემდეგ სწრაფი ცვლილება? დიახ, ვთვლი რომ შეეძლო. მეტიც – ვალდებულიც იყო! და ამასაც დავწერ: შედარებით ადრე ვინც შეუშვა, იმათ გამოყვანას, ჩემი აზრით, სხვების ჩართვა სჯობდა.

არის თუ არა გუშინდელ მარცხში ვაისი მთავარი დამნაშავე? არა, არ არის. ამბობენ: ფეხბურთელები იგებენ და მწვრთნელი აგებსო, მაგრამ ამ აზრს არ ვიზიარებ. ის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა და სულ ბოლოს დაუცდა ფეხი, მწვრთნელთან ერთად ბიჭების დამსახურება/ბრალიცაა.

სწორად მოიქცა თუ არა რამდენიმე კოლეგა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვა? არა, არ იყო ეს სწორი ნაბიჯი და მეტიც, სრულიად უადგილოდ მეჩვენა. ამის შესახებ ვუთხარი კიდეც მათ.

და ბარემ ამასაც დავწერ: ადამიანურად მართლა შემეცოდა ვლადიმირ ვაისი. ვუყურებდი პრესკონფერენციაზე მოსულ მწვრთნელს და ვფიქრობდი, რომ ბოლო წუთებს ითვლიდა, მკვდარი იყო კაცი!

ყველაფერს ცოდნა უნდა, მათ შორის მარცხს და მის მიღებას. ოღონდ: მარცხის მიღებას და არა მასთან შეგუებას!

ქართულ ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტებს და საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს წაგების მეტი რა გვინახავს, მაგრამ ზღვარგადასული ემოციები ლოგიკურ აზროვნებაში ძალიან ხელს გვიშლის ხოლმე.

სადღეგრძელოებში და ცოცხალ-მკვდარის გინებაში, შენი ჭირიმეს და გადადექი, გადადექის ბღავილში ქართველები მსოფლიოს ჩემპიონები რომ ვართ, ამაში ძალიან დიდი ხნის წინ დავრწმუნდი და სხვათა შორის, ქართული ფეხბურთის კი არა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის შემხედვარე.

გუშინდელი 0:1ის გამო ძალიან, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.

მჯერა, ასეა ყველა ნაღდი გულშემატკივარი.

მაგრამ გულშემატკივართა ცხოვრება ამ ტკივილის შემდეგაც გაგრძელდება და ძალიან მინდა, რომ ერთა ლიგის ბოლო ორ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები თავაწეული შეხვდეს. მომდევნო ტურნირის ფინალური ეტაპისკენ სვლა სწორედ 15 და 18 ნოემბერს, სომხეთის და ესტონეთის ნაკრებთან მატჩებით დაიწყოს.

მძიმე იქნება, მაგრამ სხვა გზა არ არის – ცხოვრება, მათ შორის საფეხბურთო ცხოვრება, დაცემა და თამამად წამოდგომაა.

ყველაფერზე ხელის ჩაქნევა და იმის ძახილი რომ მორჩა, არაფერი შეგვიძლია და ჩვენი საშველი არ არის, უფრო დიდ სირცხვილად მეჩვენება.

ჩემგან არ გესწავლებათ: წარმატება იოლად არ მოდის, მძიმე, მომქანცველი შრომაა საჭირო.

სადაც აქამდე მოვედით, კიდევ უფრო უნდა მოვინდომოთ!

გუშინ არ გამოგვივიდა? ხვალ გამოგვივა!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 13 ნოემბერი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian