იაია ტურე წლის აფრიკელია

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 2012 წლის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა: ტრადიციულ რეფერენდუმში ინგლისის მანჩესტერ სიტის კოტდივუარელმა ნახევარმცველმა იაია ტურემ გაიმარჯვა. კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოთამაშემ შარშან მოგებული ტიტული შეინარჩუნა.

„კონტინენტის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება ძალიან დიდი პატივია! მადლობელი ვარ მათი, ვინც ჩათვალა, რომ 2012 წელს საუკეთესო ვიყავი“, – განაცხადა 29 წლის ტურემ განის დედაქალაქ აკრაში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე.

ტურე მესამე სეზონს ატარებს მანჩესტერ სიტიში და ამ ხნის განმავლობაში სამი საკლუბო ტიტული მოიგო: 2011 წელს ასოციაციის თასი აღმართა, გაზაფხულზე პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, ზაფხულში კი ინგლისის სუპერთასს დაეუფლა. ის სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, 2011-2012 წლების სეზონის მიხედვით კი პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

მანჩესტერ სიტიმდე ტურე ბარსელონაში თამაშობდა, სადაც 2009 წელს 6 ტურნირი მოიგო: ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

წლევანდელ რეფერენდუმში იაია ტურემ თანამემამულე დიდიე დროგბას და ბარსელონის კამერუნელ საყრდენ ნახევარმცველს, ალექს სონგს აჯობა. ორივე მათგანმა ზაფხულში კლუბი შეიცვალა: დროგბა ლონდონის ჩელსიდან ჩინეთის შანხაი შენხუაში გადაბარგდა, სონგი კი ლონდონის არსენალიდან ბარსელონაში.

 

აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი (CAF)
1993 – რაშიდი იეკინი (სეტუბალის ვიტორია, პორტუგალია; ნიგერია)
1994 – ემანუელ ამუნიკე (ლისაბონის სპორტინგი, პორტუგალია; ნიგერია)
1995 – ჟორჟ ვეა (მილანი, იტალია; ლიბერია)
1996 – ნვანკვო კანუ (მილანის ინტერი, იტალია; ნიგერია)
1997 – ვიკტორ იკპება (მონაკო, საფრანგეთი; ნიგერია)
1998 – მუსტაფა ჰაჯი (ლა კორუნიის დეპორტივო, ესპანეთი; მაროკო)
1999 – ნვანკვო კანუ (ლონდონის არსენალი, ინგლისი; ნიგერია)
2000 – პატრიკ მბომა (პარმა, იტალია; კამერუნი)
2001 – ელ ჰაჯი დიუფი (ლანსი, საფრანგეთი; სენეგალი)
2002 – ელ ჰაჯი დიუფი (ლივერპული, ინგლისი; სენეგალი)
2003 – სამუელ ეტოო (მაიორკა, ესპანეთი; კამერუნი)
2004 – სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი)
2005 – სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი)
2006 – დიდიე დროგბა (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2007 – ფრედერიკ კანუტე (სევილია, ესპანეთი; მალი)
2008 – ემანუელ ადებაიორი (ლონდონის არსენალი, ინგლისი; ტოგო)
2009 – დიდიე დროგბა (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2010 – სამუელ ეტოო (მილანის ინტერი, იტალია; კამერუნი)
2011 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2012 – იაია ტურე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი; კოტ დივუარი)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2013)

ka_GEGeorgian