ყინულის სასახლეში

1961 წლის აგვისტოს მიწურულს, ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7ათასიან მწვერვალ პობედაზე (7439მ) სამი ქართველი მთამსვლელი დაიღუპა: ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი.
ეს იყო ჩვენი ალპინისტების პირველი ტრაგედია უცხოეთის მთებში.
60 წლის წინანდელ ამბებს ვეტერანი მთამსვლელის, 60-80იან წლებში საქართველოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრის შოთა მირიანაშვილის მოგონებებით და იმ ტრაგედიის ერთადერთი თვითმხილველის, რუსი ალპინისტის კირილ კუზმინის წიგნის – დამარცხებული მწვერვალები – დახმარებით გავიხსენებ.

 

„გვაპატიე მეგობარო, წელს ვერ შევძელით შენი ჩაყვანა, მაგრამ აუცილებლად დაგიხსნით.

ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, თეიმურაზ კუხიანიძემ და კირილ კუზმინმა საძილე ტომარაში ჩასვენებული ილია გაბლიანი კარავში გაახვიეს, იქვე, კლდეზე მიაბეს და ჯუმბერის ეს წერილიც დაუტოვეს.

ილია გაბლიანი 1961 წლის 27 აგვისტოს, დილით, თითქმის 7 ათას მეტრზე, მწვერვალ პობედას ქედზე მზეზე გასათბობად ჩამოჯდა და… იქვე გარდაიცვალა. პობედამ სამუდამოდ ჩაიხუტა ოცდამეხუთე მთამსვლელი…

გაბლიანმა და კუხიანიძემ 25 აგვისტოს ღამე მწვერვალის პიკზე, ყინულში წვალებით გაჭრილ პატარა ბაქანზე, საძილე ტომრების და კარვის გარეშე გაატარეს – ცივმა ღამისთევამ უკვალოდ არ ჩაიარა: ხელ-ფეხი მოეყინათ, ილიას კი სხეული გადაუცივდა. მეორე დილით გაჭირვებით მოძრაობდა, მხოლოდ კუხიანიძის დახმარებით შეძლო კუზმინთან და მეძმარიაშვილთან დაშვება, 26 აგვისტოს, გამთენიისას კი დაიჩივლა, რომ ღვიძლი ძალიან სტკიოდა. მალე იქვე, კარვის წინ დაჯდა და…

კირილ კუზმინის წიგნიდან დამარცხებული მწვერვალები:

„ილია გაბლიანის ცხედრის აქ დატოვება არ შეიძლება – ქვემოთ უნდა ჩავასვენოთ და მშობლიურ მიწას მივაბაროთ. მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?
თემურ კუხიანიძეს ხელ-ფეხი მოყინული აქვს.
მე, ჩამოვარდნის შემდეგ, მხარი მტკივა – მარცხენა ხელს თითქმის ვერ ვამოძრავებ…
მიშა ხერგიანი (უფროსი) კადერბეიჩის (მისი ბიძაშვილი, უმცროსი მიხეილ ხერგიანი მთამსვლელთა წრეში ამ სახელით გახლდათ ცნობილი) სამშვიდობოს გაყვანას ცდილობს…
მარტო ჯუმბერი ამ საქმეს ვერ გაწვდება…
ამიტომ, ილიას ყინულში ჩასვენება გადავწყვიტეთ“.

ილია გაბლიანი

ილია გაბლიანი

ყინულის სამარე ქვებით დაფარეს, შემდეგ კი ჯუმბერ მეძმარიაშვილი, თემურ კუხიანიძე და კირილ კუზმინი ბანაკისკენ დიდი გაჭირვებით დაეშვნენ: 6918 მეტრზე ჩრდილოეთის თხემზე გავიდნენ, ღამე კი 6750 მეტრზე გაათიეს. უბედურების მაუწყებელი წითელი მაშხალაც იქედან გაუშვეს…

28 აგვისტოს დაშვება გრძელდება: ფეხებმოყინული კუხიანიძე წრიაპებს ვერ იცვამს, მეძმარიაშვილის შეკლტონებს კი რკინის კბილანები მოცვეთილი აქვს, რაც ყინულზე არცთუ საიმედოა. ამიტომ, ჯერ ისინი ეშვებიან თოკით, შემდეგ კი ჯუმბერს კუზმინი ჩამოჰყავს ზედა დაცვით. ნელ-ნელა სამივე პობედას კლდეებამდე ეშვება, მალე კი კლდის ბოლო შვერილზე იკრიბება – თოკით ათი-თორმეტი მეტრიღაა ჩასასვლელი.

პირველი მეძმარიაშვილი დაეშვა, კუხიანიძემ კი ხელმტკივან კუზმინს დიულფერის გაკეთება შესთავაზა და კლდის შვერილზე მარყუჟის მორგების შემდეგ, ჯერ რუსი ალპინისტი შეუერთდა ჯუმბერს.

ახლა კუხოს ჯერია: თეიმურაზი ნელ-ნელა ჩადის, მეგობრები მის დასახმარებლად წამოდგნენ, მაგრამ უბედურებაც იქვეა – კუხიანიძე წყდება!

კირილ კუზმინის მოგონებები:

„მე და ჯუმბერი თოკის მოსახსნელად წამოვდექით, მაგრამ უცბად რაღაც ხდება: კუხო ყვირილით შორდება კლდეს, მომწყდარ თოკთან ერთად ციცაბო მყინვარზე მიგორავს და წამებში ფერდობს იქეთ უჩინარდება.
ვფიქრობთ, რომ იქ, შესაძლოა, მოედანივით იყოს რამე და თეიმურაზს მივაგნოთ – ის ადგილი დაახლოებით ორას მეტრშია. ფერდობზე მარჯვნივ გასვლა გადავწყვიტეთ. საფეხურები კარგად კეთდება, მაგრამ თოვლის ფენა ნელ-ნელა თხელდება და ახლა უკვე ყინულის ჭრა გვიწევს…
ჯუმბერი წინ მიდის. მისი შეკლტონები საიმედო არაა და ვთავაზობ წინ გამიშვას. დუმილით მპასუხობს. ყველაფერი ნათელია: ის ჯგუფის ხელმძღვანელია და კუხიანიძის ახლო მეგობარი…
მივუახლოვდით იმ ადგილს, საიდანაც ჩვენი აზრით კუხო უნდა დავინახოთ. ჯუმბერი, რატომღაც, პირით დგება ფერდობისკენ და იმავ წამს ყინულზე ფეხი უცურდება, ფერდობზე ეცემა, ცდილობს წერაყინი მოიშველიოს და შეჩერდეს, მაგრამ ხელიდან უვარდება. ჯერ ნელ-ნელა, მერე კი უფრო სწრაფად მისრიალებს და… უჩინარდება!
ოთხას მეტრიანი ციცაბო კულუარი თითქმის კილომეტრიანი ქარაფით მთავრდება მყინვარ ზვიოზდაჩკაზე“…

პობედამ ოცდამეექვსე და ოცდამეშვიდე მსხვერპლი მიითვალა!

ჯუმბერ მეძმარიაშვილი და თეიმურაზ კუხიანიძე

ჯუმბერ მეძმარიაშვილი და თეიმურაზ კუხიანიძე

ტრაგედიის ერთადერთი თვითმხილველი კირილ კუზმინი საბაზო ბანაკში გაჭირვებით ეშვება. მან ჯერ არ იცის, რომ საქართველოს ნაკრების მეორე შემადგენლობა უბედურებას ბინოკულარით უყურებს.

თეიმურაზ კუხიანიძის მოწყვეტიდან რამდენიმე წუთში გადარჩენილთა დასახმარებლად პირველი დამხმარე ჯგუფი გადის, პირველ საათზე კი მაშველებს მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ხაზარაძე და ჯუმბერ კახიანიც უერთდებიან – ისინი მხოლოდ კუზმინთან შეხვედრის შემდეგ შეიტყობენ დაღუპულთა ვინაობას…

30 აგვისტოს მიხეილ ხერგიანი (უფროსი) და ჯოკია გუგავა მყინვარ ზვიოზდაჩკას ძირში თეიმურაზ კუხიანიძის ზურგჩანთას, მალე კი მისი და ჯუმბერ მეძმარიაშვილის დასახიჩრებულ გვამებს პოულობენ. 2 სექტემბერს ცხედრები საბაზო ბანაკში გადაასვენეს…

ექსპედიცია თბილისში 13 სექტემბერს დაბრუნდა. მთამსვლელებს უამრავი ადამიანი დახვდა აეროპორტში – ყველამ იცოდა წარუმატებლად და ტრაგიკულად დასრულებული ლაშქრობის შესახებ.

ეს იყო ჩვენი ბიჭების პირველი ტრაგედია უცხოეთის მთებში.

სამწუხაროდ, პირველი და არა უკანასკნელი.

შოთა მირიანაშვილი:

„1958 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირს ნეპალის მეფე მაჰენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევი ესტუმრა. მეფის ვიზიტის განრიგში თბილისში სტუმრობა და კიროვის (ახლანდელი ვერის) პარკში განთავსებული ალიოშა ჯაფარიძის სახელობის აპლური კლუბის მონახულებაც შევიდა.
ჩვენი სტუმარი და მისი ამალა კლუბით აღფრთოვანდა: ქართველ მთამსვლელთა უამრავი ფოტოს გარდა, ცალკე სტენდი ეთმობოდა ევერესტზე პირველამსვლელებს – 1953 წელს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ბრიტანეთის ექსპედიციის წევრებმა, ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპა თენსინგ ნორგეიმ დაიპყრეს…
გამოცდილმა მთამსვლელმა ოთარ გიგინეიშვილმა, ვინც იმხანად მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ქართველ სპორტსმენთა სახელით ნეპალის მეფეს ევერესტზე ასვლის უფლება სთხოვა, მან კი, ვინც პირადად გასცემდა ამ ნებართვას, განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრები მისი სტუმარი იქნებოდა 1959 წლის სეზონში.
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს ალპინიზმის ფედერაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ნიკო კეცხოველმა ნეპალის მეფისგან წერილობითი დასტური ითხოვა, თუმცა სტუმართა დელეგაციამ განაცხადა, რომ: „მეფის სიტყვას ქაღალდზე გადატანა არ სჭირდება“.
მალე თბილისის აპლურ კლუბში ნეპალის მეფის მოწვევაც მოვიდა.
ჩვენმა ფედერაციამ გადაწყვიტა საქართველოს ნაკრები 1958 წლის საკავშირო ჩემპიონატში აღარ გამოსულიყო და მთელი წელი ევერესტის ექსპედიციის სამზადისისთვის დაეთმო. შეკრების გასავლელად პამირის მთიანეთი შეირჩა, მთავარ მიზნად კი ლენინის პიკზე (7134მ) დიდი საუკ-დარის მყინვარის მხრიდან ასვლა დავისახეთ. შუა აზიაში მე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ლევან და ზურაბ ახვლედიანები, ოთარ და რევაზ ხაზარაძეები, თეიმურაზ კუხიანიძე, ომარ ბერაძე, შოთა ჩართოლანი, პირიბე გვარლიანი, ნოდარ ნადირაშვილი, სოლიკო ხაბეიშვილი და ილია ყავლაშვილი გავემგზავრეთ.
მოსკოვში ჩვენი აქტიურობა, ცხადია, არ მოიწონეს: რუსებმა ჩინელებთან გააბეს მოლაპარაკება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 1959 წელს მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალს საბჭოთა კავშირის და ჩინეთის გაერთიანებული ნაკრებიც შეუტევდა ტიბეტის მხრიდან.
პამირში ჩასულებს არც გაგვკვირვებია, რომ ისინიც იქ ემზადებოდნენ. სხვათა შორის, იმ გუნდში ვარჯიშობდნენ მიხეილ ხერგიანი (უფროსი) და იოსებ კახიანი, რომლებიც მაშინ ყაბარდო-ბალყარეთში ცხოვრობდნენ, თუმცა გადაწყვეტილი იყო, რომ ევერესტს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შეუტევდნენ“.

1958 წელს ჩინეთ-ინდოეთის კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, საბჭოთა კავშირმა კი ინდოეთის მხარე დაიჭირა. ევერესტზე ოცნებას სსრკის ნაკრები გამოეთხოვა – ჩინელებმა ექსპედიციაზე უარი თქვეს. ბუნებრივია, მოსკოვმა ნეპალში წასვლის უფლება არც ქართველთა გუნდს დართო.

საოცნებო ლაშქრობის ნაცვლად, საქართველოს ნაკრები 1959 წელს თითქმის იგივე შემადგენლობით ცენტრალურ ტიან-შანს ესტუმრა – დაგეგმილი იყო მწვერვალ პობედას დაპყრობა ახალი, დასავლეთის მარშრუტით. იმ დროს ეს იყო ყველაზე რთული სასიმაღლო ასვლა საბჭოთა კავშირში.

მთამსვლელობა

საქართველოს მთამსვლელთა ნაკრები 1958 წელს, ალპურ კლუბში, პამირის ექსპედიციის წინ. ოთარ ხაზარაძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ზურაბ ახვლედიანი, შოთა ჩართოლანი, შოთა მირიანაშვილი, გურამ მენაბდე, სოლიკო ხაბეიშვილი, პირიბე გვარლიანი, ნოდარ ნადირაშვილი, გიორგი აბაშიძე, ცაცო მაჭარაშვილი

შოთა მირიანაშვილი:

„იმ წელს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სპორტული კლუბის ნაკრებიც ცდილობდა პობედას დალაშქვრას, ოღონდ ჩრდილოეთის მხრიდან.
ჩვენ სრულად გავიარეთ მოსამზადებელი ეტაპი, 5800 და 6400 მეტრზე საშუალედო ბანაკებიც მოვაწყვეთ, ავიტანეთ აღჭურვილობა და პროდუქტები და იერიშისთვის მოსამზადებლად საბაზო ბანაკში დავბრუნდით.
იმავე საღამოს მივიღეთ რადიოგრამა – სამხედროები რვა-ათი კაცით დახმარებას გვთხოვდნენ.
ვიფიქრეთ, რომ საშიში არაფერი იყო და მცირედი აღჭურვილობით მხოლოდ ათი მთამსვლელი გავუშვით, რეალურად კი სიტუაცია კატასტროფული იყო: შეიარაღებული ძალების სპორტული კლუბის ნაკრები 6900 მეტრზე გაჭედილიყო – ბიჭები ვერც ზევით იწევდნენ და ვერც ეშვებოდნენ! ეს მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც მათი ნაკრების რამდენიმე წევრმა საშველად გასული ჯუმბერ მეძმარიაშვილის წერილი მოგვიტანა – ჯუმბერი საკვების და აღჭურვილობის სამხედროებისთვის მიშველებას ითხოვდა.
ჩვენ სრული შემადგენლობით გავყევით. სამაშველო სამუშაოები თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა – მხოლოდ სამი ალპინისტი ვერ გადავარჩინეთ“…

სამხედროთა ტრაგედიის შემდეგ საკავშირო ფედერაციამ რეგიონში სპორტული ასვლები აკრძალა.

1961 წელს საქართველოში სასიმაღლო ასვლების ხელმძღვანელად ოთარ გიგინეიშვილი დაბრუნდა, რომელსაც არ სურდა ტიან-შანში ლაშქრობა. ყველაფერი გასაგები იყო: იმჟამად პობედას ძალიან ცუდი სახელი ჰქონდა – ცვალებადი ამინდის გარდა, იმ მწვერვალებს მიეკუთვნებოდა, რომელზეც ამსვლელთა რაოდენობა დაღუპულთა რიცხვზე გაცილებით ნაკლები იყო.

თბილისელი მთამსვლელების დაჟინებული მოთხოვნით, ექსპედიციის მოწყობა მაინც ტიან-შანში გადაწყდა.

შოთა მირიანაშვილი:

„ოთარი მართალი იყო როცა თბილისიდან, ქუთაისიდან, მესტიიდან და ლენტეხიდან საუკეთესონი მიიწვია, მაგრამ გუნდური პრინციპის და სულიერი ერთობის კუთხით, ასეთ მიდგომას ნაკლიც აქვს, რამაც იჩინა კიდეც თავი.
მან მწვრთნელებად ჯუმბერ მეძმარიაშვილი და ლევან ახვლედიანი დანიშნა. გუნდი თბილისშივე უნდა დაკომპლექტებულიყო.
ოთარის გადაწყვეტილებამ არ გაამართლა – მწვრთნელები შემადგენლობაზე ვერ თანხმდებოდნენ და ეს პრობლემა ექსპედიციის გასვლამდე ვერ გადაიჭრა.
გაურკვევლობის გამო ტიან-შანში გამგზავრება ვიუარე და ტექნიკური ასვლების კლასში საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობა ვარჩიე – მაშინ ჩვენი ნაკრების კაპიტანი ვიყავი“…

გუნდი ამ შემადგენლობით გაემგზავრა ტიან-შანში: ოთარ გიგინეიშვილი (ექსპედიციის უფროსი), გივი ყალაბეგიშვილი (მოადგილე), ბექნუ ხერგიანი (იერიშის უფროსი), ლევან ახვლედიანი (მწვრთნელი), ჯუმბერ მეძმარიაშვილი (მწვრთნელი), ჯუანშერ მუსელიანი (ექიმი).

მოიერიშე ჯგუფში შევიდნენ სპორტის ოსტატები თეიმურაზ კუხიანიძე, რეზო ხაზარაძე, ოთარ ხაზარაძე, ომარ ბერაძე, დიმიტრი დანგაძე, ზურაბ ახვლედიანი, ილია გაბლიანი, მიხეილ ხერგიანი (უფროსი), იოსებ კახიანი, მიხეილ ხერგიანი (უმცროსი, კადერბეიჩი), დიმიტრი გუგავა. ასევე პირველთანრიგოსნები ავთანდილ ახვლედიანი, გიორგი კობიძე და ჯუმბერ კახიანი.

დამხმარე ჯგუფი მეორეთანრიგოსნებით დაკომპლექტდა: კუკური ჩოგოვაძე, სევერიან ელიავა, ლაერტ ჩართოლანი, გივი წერედიანი, შოთა ჩართოლანი.

ბორის კრეპსი კონოოპერატორი იყო, გიორგი მერკვილაძე კი მისი ასისტენტი. ჯგუფს თან ახლდა მზარეული და რადისტი.

შემადგენლობას სულ ბოლო მომენტში დაემატა კირილ კუზმინი, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელი. 1960 წლის სეზონში, ოცდაათკაციანმა ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით, პობედაზე დაღუპული სამხედროების ცხედრების ჩამოსვენება სცადა, თუმცა ექსპედიცია ტრაგედიით დასრულდა – 5300 მეტრზე ზვავში მოყვა და გუნდის თერთმეტი წევრი გარდაიცვალა! კუზმინმა, საქართველოს ნაკრების შესახებ რომ შეიტყო, პირადად სთხოვა გიგინეიშვილს ექსპედიციაში ჩართვა.

მთამსვლელობა

ოთარ გიგინეიშვილი

საწყისი გეგმით პობედაზე ერთდროულად ორი ჯგუფი უნდა გასულიყო.

პირველი (ჯუმბერ მეძმარიაშვილი, კირილ კუზმინი, ილია გაბლიანი, ზურაბ ახვლედიანი, თეიმურაზ კუხიანიძე, ოთარ და რეზო ხაზარაძეები, დიმიტრი დანგაძე, ომარ ბერაძე) ძიკის მყინვარიდან უნდა ასულიყო უსახელო მწვერვალზე (6919მ) და შემდეგ პობედა დაეპყრო (1959 წლის მარშრუტი).

მეორე ჯგუფის (უფროსი და უმცროსი მიხეილ ხერგიანები, ჯუმბერ კახიანი, დიმიტრი გუგავა, ავთანდილ ახვლედიანი, პირიბე გვარლიანი, გიორგი კობიძე, გივი წერედიანი, შოთა ჩართოლანი) მიზანი იყო ჩონტორენის უღელტეხილიდან აღმოსავლეთ პობედაზე ასვლა და შემდეგ მთელი პობედის მასივის ტრავერსი.

ორივე მარშრუტს სათანადო მომზადება და სულ ცოტა 6000 და 6500 მეტრის ფარგლებში შუალედური ბანაკების მოწყობა სჭირდებოდა. სხვადასხვა მიზეზთა გამო მეორე მარშრუტის მომზადება ვერ მოხერხდა – ჩონტორენიდან პობედას ტრავერსი გამოირიცხა და დარჩა მხოლოდ პირველი გზა.

ხელმძღვანელობამ დარჩენილ ერთადერთ მარშრუტზე ორი ჯგუფის გაშვება გადაწყვიტა: პირველს უსახელო მწვერვალზე ასვლის შემდეგ უნდა განეხორციელებინა პობედას მასივის სრული ტრავერსი, მეორე კი მხოლოდ პობედაზე უნდა ასულიყო.

13 აგვისტოს, საბაზო ბანაკში გატარებული ორი კვირის და ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარების შემდეგ, მთელი შემადგენლობა იკრიბება ჯგუფების დასადგენად.

კვლავ გათიშულობა და ქიშპი: მეძმარიაშვილი და ახვლედიანი ისევ ვერ თანხმდებიან შემადგენლობაზე.

ვერც მეორე დღეს გადაწყდა პრობლემა და მხოლოდ 15 აგვისტოს, ოთარ გიგინეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დადგინდა ჯგუფების შემადგენლობა:

პირველი – ჯუმბერ მეძმარიაშვილი (ხელმძღვანელი), კირილ კუზმინი, თეიმურაზ კუხიანიძე, ილია გაბლიანი, მიხეილ ხერგიანი (უფროსი), მიხეილ ხერგიანი (უმცროსი, კადერბეიჩი).

მეორე – ოთარ ხაზარაძე (ხელმძღვანელი), რეზო ხაზარაძე, ზურაბ ახვლედიანი, ომარ ბერაძე, დიმიტრი დანგაძე, ჯუმბერ კახიანი.

შოთა მირიანაშვილი:

„თავდაპირველად კადერბეიჩი პირველ ჯგუფში ვერ მოხვდა, მაგრამ უფროსი ხერგიანის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, ოთარმა გადაწყვეტილება შეცვალა და ჯგუფში ისიც ჩართო.
ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო: უმცროს ხერგიანს, კავკასიონზე ნაჩვენები მაღალი შედეგების მიუხედავად, სათანადო სასიმაღლო გამოცდილება ჯერ არ გააჩნდა და არავინ იცოდა, როგორ აიტანდა ასეთ სიმაღლეს“.

ჯგუფები ერთი დღის ინტერვალით უნდა გასულიყვნენ – პირველი 18 აგვისტოს, მეორე – 19ში. ერთმანეთში და საბაზო ბანაკთან კავშირი მაშხალების დახმარებით უნდა განეხორციელებინათ. ექსპედიციამ თბილისიდან რადიოგადამცემებიც წაიღო, თუმცა ყველა მათგანი მალევე გამოვიდა მწყობრიდან – მინუს 10-20 გრადუსზე გაიყინა.

23 აგვისტოს პირველი ჯგუფი უსახელო მწვერვალზე – 6918მ – ავიდა და ვაჟა-ფშაველას დაბადების საუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად, მისი სახელი უწოდა, შემდეგ კი სვლა პობედისკენ განაგრძო.

25 აგვისტოს, ქარბუქის და მწვერვალზე ასვლის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ექვსეული მორიგ იერიშს იწყებს, თუმცა მალე ყველამ დაინახა, რომ უმცროს ხერგიანს ძალა გამოელია: ბარბაცებდა, ხშირად ეყრდნობოდა წერაყინს, მძიმედ სუნთქავდა, თითოეული ნაბიჯის გადადგმა უჭირდა… ბოლოს, თოვლში ჩამჯდარმა თქვა, რომ სიარული აღარ შეეძლო.

საგანგებო თათბირზე ერთადერთ ვარიანტს განიხილავენ: მიშას თბილად აწვენენ კარავში, ადიან მწვერვალზე, უარს ამბობენ ტრავერსზე და დაბრუნებისას თან მიჰყავთ მეგობარი.

უფროსი მიშა უარზეა – ამბობს, რომ ვერ მიატოვებს ბიძაშვილს და მასთან ერთად ეშვება.

მეძმარიაშვილი, კუზმინი, კუხიანიძე და გაბლიანი ზურგჩანთებს ქედზე ტოვებენ, მწვერვალს უტევენ და მალე პობედას იპყრობენ.

შოთა მირიანაშვილი:

„პობედას მწვერვალი სამკილომეტრიანი თხემია და სათქმელად რთულია, რომელი წერტილია უმაღლესი.
საბჭოთა ალპინისტურ წრეებში ფიქრობდნენ, რომ პირველდამპყრობი ვიტალი აბალაკოვი პობედაზე ვერ ავიდა. კუზმინმა ჯუმბერს შესთავაზა, ქედის იქეთ გადავიდეთ და აბალაკოვის წერილი მოვძებნოთო…
ჩემი აზრით, ესეც უდიდესი შეცდომა იყო, რამაც გამოიწვია კიდეც ტრაგედია.
კირილმა და ჯუმბერმა კუხიანიძეს და გაბლიანს დაშვება შესთავაზეს, მით უმეტეს, რომ ზურგჩანთები და საძილე ტომრები თან არ ჰქონდათ. მეძმარიაშვილი და კუზმინი წავიდნენ, მაგრამ კუხომ და ილიამ, იმის შიშით, რომ მეგობრებს დახმარება დასჭირდებოდათ, დაშვება გადაიფიქრეს.
ჯუმბერმა და კირილმა მწვერვალზე აბალაკოვის აგებული ქვის ტური იხილეს, მკვეთრად გაუარესებული ამინდის გამო წერილი აღარ გახსნეს, მობრუნდნენ, მაგრამ  მალე მოწყდნენ და დაახლოებით 150 მეტრი იფრინეს, თუმცა სასწაულით გადარჩნენ“…

მთამსვლელობა

გაზეთი ლელო, 1961 წლის 14 სექტემბერი, #142, მეოთხე გვერდი

კირილ კუზმინის წიგნიდან დამარცხებული მწვერვალები:

„მოწყვეტის შემდეგ ქედზე ასვლის თავი აღარ გვქონდა, გზა გვერდზე გავჭერით და ის წვერი, სადაც თურმე კუხიანიძე და გაბლიანი გველოდნენ, ზემოთ მოვიტოვეთ. მე და ჯუმბერი დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ისინი კარავში დაგვხვდებოდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ მათი ზურგჩანთები ხელუხლებლად იდო. ბევრი ვიყვირეთ, მაგრამ ხმა ვერავის გავაგონეთ. კარავი არც გაგვიშლია – პირდაპირ საძილე ტომრებში ჩავწექით“…

დილით კუხიანიძე და გაბლიანი, რომლებმაც წინა ღამე პობედის წვერზე საძილე ტომრების და კარვის გარეშე გაათენეს, მეძმარიაშვილს და კუზმინს უერთდებიან.

მეორე დილით, 27 აგვისტოს, საშინლად დაღლილი, გამოფიტული და გადაცივებული ილია გაბლიანი, ვისაც ჯუმბერი შეკლტონების ჩაცმაში დაეხმარა, კარვის წინ, მზეზე გასათბობად ჩამოჯდა და… გარდაიცვალა.

ერთი დღის შემდეგ თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილიც მოწყდნენ…

* * *

1962 წელს მოეწყო ექსპედიცია, რომლის მთავარი ამოცანა პობედიდან გაბლიანის ცხედრის ჩამოსასვენებლად გუნდის მომზადება იყო. მიზანი ვერ შესრულდა. მეტიც, კიდევ ორი ალპინისტი დაიღუპა – კ.დარსაძე და ზ.ჩაქსელიანი ნაპრალში ჩავარდნენ და მეგობრებმა დროულად ვერ ამოიყვანეს….

1966 წელს საქართველოს ნაკრები იგივე მიზნით კვლავ ეწვია ტიან-შანს, მაგრამ უამინდობის გამო არათუ ცხედრის მოძიება, ვაჟა-ფშაველაზე ასვლაც არ მოხერხდა…

ამ ამბების შემდეგ ილია გაბლიანის სამშობლოში გადმოსვენების სურვილი არაერთხელ გამოითქვა, მაგრამ სიტყვა საქმედ ერთხელაც ვერ იქცა.

ამასობაში კი, არც მეტი, არც ნაკლები, სამოცი წელიწადი გავიდა.

შოთა მირიანაშვილი
დაიბადა 1936 წლის 2 ივლისს ყვარელში
სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976)
მეორე (1960, 1975, 1977) და მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ ასვლებში
პირველი ქართველი, რომელიც ალპების უმაღლეს მწვერვალ მონ ბლანზე (4810მ) ავიდა (1964)
ხელმძღვანელობდა ასზე მეტ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას
საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
1956 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი
2001 წლიდან საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

მწვერვალი პობედა – 7439მ
ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ურთულესი 7ათასიანი მწვერვალი
1944 წელს ტოპოგრაფებმა დაადგინეს, რომ კოკშალ-ტაუს ქედის უმაღლესი წერტილი 7439 მეტრია და საბჭოთა ჯარების გამარჯვების აღსანიშნავად პობედა (გამარჯვება) უწოდეს. უშუალოდ მწვერვალი თითქმის სამკილომეტრიანი თხემია.
პირველად ის ჩრდილოეთიდან, ზვიოზდაჩკას მყინვარიდან 1956 წელს დაიპყრო ჯგუფმა ვიტალი აბალაკოვის ხელმძღვანელობით.
1958 წელს ჯგუფი ი.ერიოხინის თავკაცობით აღმოსავლეთ და მთავარ პობედაზე ავიდა.
1961 წელს მწვერვალი დასავლეთის მხრიდან საქართველოს ნაკრებმა დალაშქრა ჯუმბერ მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით.
მთამსვლელთა წრეებში ვარაუდობენ, რომ პობედა 1938 წელს სამმა ალპინისტმა – ლ.გუტმანი, ე.ივანოვი, ა.სიდორენკო – დაიპყრო, რომლებმაც ასვლა ლენინური კომკავშირის 20 წლის იუბილეს მიუძღვნეს და მწვერვალი ასეც მონათლეს. ვარაუდის მიხედვით, მთამსვლელებმა ალტიმეტრის მონაცემი – 7439მ – შეცდომად მიიჩნიეს და ჩათვალეს, რომ 6930 მეტრზე ავიდნენ. უამინდობის გამო, მათ ვერ დაინახეს, რომ ქედის უმაღლეს მწვერვალზე იდგნენ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 27 აგვისტო)
(წერილი პირველად გამოქვეყნდა 2011 წელს ჟურნალ ტაბულაში)
ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმი; ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი

ka_GEGeorgian