ყველაფერი ღმერთის ნებაა

ავსტრალიელი მორაგბის იზრაელ ფოლაუს ამბავი გეცოდინებათ: ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გეებს ჯოჯოხეთი ელით.

30 წლის მოთამაშეს, ვინც ავსტრალიელთა ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და 73-ჯერ უთამაშია ქვეყნის პირველ გუნდში, ჰომოფობი უწოდეს, თუმცა ამას ვინ ჩივის – რაგბის კავშირმა 4-წლიანი კონტრაქტი შეუწყვიტა, სპონსორებმა კი ერთიმეორის მიყოლებით მიატოვეს. ნაკრების თავკაცი ამბობს, რომ ფოლაუ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინებული მოთამაშეა, ჰომოფობიური განცხადების გამო, სავარაუდოდ, შემოდგომით მსოფლიო თასზე ვერ ითამაშებს.

კვირას, სიდნეის ერთ-ერთ ტაძარში იზრაელ ფოლაუ მის გარშემო აგორებულ ამბებს გამოეხმაურა: „შემეძლო თვალი დამეხუჭა ყველაფერზე, ნიღაბი მომერგო და უშფოთველი ყოველდღიურობით დავმტკბარიყავი, მაგრამ სიყალბე არ მახასიათებს. ვთქვი ის, რასაც ვფიქრობ. დანარჩენი კი ღმერთის ნებაა“.

სამკაციანი კომისია იზრაელ ფოლაუს და ავსტრალიის რაგბის კავშირის ოფიციალურ წერილებს უახლოეს დღეებში განიხილავს და მოთამაშესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 13 მაისი)

ka_GEGeorgian