ყველაზე დიდი რეალი

6 მარტს მადრიდის რეალმა 110 წლის იუბილე იზეიმა.
საუკუნესა და ათ წელიწადში გუნდმა, რომელიც ფიფამ XX საუკუნის საუკეთესო კლუბად დაასახელა, 59 ესპანური და 15 საერთაშორისო ტიტული მოიგო.
გაცილებით მეტია სამეფო კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელთა ინდივიდუალური ჯილდოების ჩამონათვალიგანვლილი წლების განმავლობაში მადრიდელთა ქათქათა მაისური ტყავის ბურთის უამრავმა ჯადოქარმა მოირგო და არამარტო სანტიაგო ბერნაბეუზე, ზოგადად, ფეხბურთში დატოვა წარუშლელი კვალი.

დღეს რეალი ლა ლიგას ლიდერობს – ჟოზე მოურინიუს ბიჭები სახელოვანი ისტორიის ახალ თავს წერენ.

იუბილესთან დაკავშირებით მადრიდული გაზეთის მარკას რედაქციამ, გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ, რეალის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა – იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, ფერნანდო იერო, რობერტო კარლოსი, ზინედინ ზიდანი, ფერნანდო რედონდო, მიჩელი, ალფრედო დი სტეფანო, ფერენც პუშკაში, რაული და კრიშტიანუ რონალდუ.

რეალის ყველა დროის ჩვენეული ნაკრები კი ასეთია:

მეკარე: იკერ კასილიასი
1998 წელს პირველად ითამაშა რეალში – ტრავმირებული ბოდო ილგნერი შეცვალა და მას შემდეგ პირველი მეკარის სტატუსი აღარ დაუკარგავს.
ახლახანს, 22 იანვარს, ბილბაოს ატლეტიკთან 4:1 მოგებულ მატჩში საიუბილეო, მე600 მატჩი ჩაატარა!
კლუბის და ნაკრების კაპიტანია, თამაშს კიდევ დიდხანს აპირებს და სავარაუდოდ, რეალის რეკორდსმენიც გახდება ოფიციალური თამაშების მხრივ. ის ერთადერთია, ვინც 4ჯერ აღიარეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ.

მცველი: ხოსე ემილიო სანტამარია
მისი თამაში არ გვახსოვს, მაგრამ რეალის მემატიანენი ურუგვაელ-ესპანელ სანტამარიას ახლო წარსულის ყველა ძლიერ მცველს ამჯობინებენ.
რა უფლება გვაქვს ესპანელ კოლეგებს არ ვენდოთ? ის 1957-66 წლებში თამაშობდა რეალში და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად ითვლება.
სანამ მადრიდში გადაბარგდებოდა, მონტევიდეოს ნასიონალთან ერთად 5ჯერ მოიგო ურუგვაის ჩემპიონატი, პირენეებზე კი 11 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ჩემპიონთა 4 და საკონტინენტთაშორისო თასი.

მცველი: ფერნანდო იერო
ის მცველი გახლდათ, საყრდენ ნახევარმცველადაც თამაშობდა და მიუხედავად ამისა, კარგა ხანს ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი იყო 29 გოლით.
რეალში 1989-2003 წლებში ასპარეზობდა და ჩემპიონთა ლიგაზე 3 ტრიუმფში ლომის წილი დაიდო.
ლა ლიგაში 439 მატჩის და 102 გოლის შემდეგ რეალმა ის საჩემპიონო 2002-03 წლების სეზონის შემდეგ, მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკესთან ერთად, უცერემონიოდ დაითხოვა, თუმცა ამით იეროს ბრწყინვალებას არაფერი დააკლდა.

მცველი: ხოსე ანტონიო კამაჩო
დღეს ის ჩინეთის ნაკრების მწვრთნელია და ალბათ, კიდევ ბევრ გუნდს გამოიცვლის, თუმცა გულშემატკივრებისთვის ხოსე ანტონიო კამაჩო ყოველთვის რეალის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველად დარჩება: 15 წელიწადი სამეფო კლუბში და პრიმერადივიზიონის ჩემპიონის 9 ტიტული!
70იანი წლების მეორე ნახევარში და 80იან წლებში კამაჩო რეალის და ნაკრების დაცვის ბურჯი იყო: ჩემპიონატების გარდა კიდევ 10 საკლუბო ტიტული მოიგო.

მცველი: რობერტო კარლოსი
ყველა ტიტული სანაკრებო და საკლუბო დონეზე…
125 მატჩი სელესაოში და 584 მადრიდის რეალში…
დღეს ბრაზილიელი 38 წლისაა და კვლავ ფეხბურთშია – მახაჩყალის ანჟის მოთამაშე მწვრთნელია.
სანტიაგო ბერნაბეუზე რობერტო კარლოსი ყოველთვის რჩეულთა შორის იქნება – მისი ულამაზესი და საოცარი გოლები ინჩადას არასდროს დაავიწყდება.

ნახევარმცველი: ფრანსისკო ხენტო
სენიორ რეალი!
ის სანტიაგო ბერნაბეუზე ოქროს წლებში – 1953-71 – თამაშობდა და უამრავი რეკორდი დაამყარა.
ჩვენ მხოლოდ ორს დავასახელებთ: ესპანეთის ჩემპიონის 12 ტიტულს და ჩემპიონთა 6 თასს!
606 ოფიციალურ შეხვედრაში შეგდებული 178 ბურთი არაა საკლუბო რეკორდი, მაგრამ უკეთესი მაჩვენებლით რეალში მხოლოდ რამდენიმე თუ დაიკვეხნის.

ნახევარმცველი: ალფრედო დი სტეფანო
2004 წელს, უეფას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დი სტეფანო 1954-2004 წლების ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა კი XX საუკუნის უძლიერესთა შორის რეალის სიმბოლოს IV ადგილი მიუჩინა პელეს, დიეგო მარადონას და იოჰან კრუიფის შემდეგ.
დღეს ალფრედო მადრიდული კლუბის საპატიო პრეზიდენტი და ცოცხალი სიმბოლოა.

ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი
მადრიდში 2001 წლის ზაფხულში გადავიდა სარეკორდო თანხად, რეალში 5 სეზონი ითამაშა და სამუდამოდ შევიდა კლუბის ისტორიაში. გენიალური ფრანგი, თაობის საუკეთესო მოთამაშე, დღეს რეალის საფეხბურთო დირექტორია, მისი უფროსი ვაჟი, ენცო კი ბავშვთა გუნდში თამაშობს.
ჩემპიონთა ლიგის 2002 წლის ფინალში გატანილ მის უზადო გოლზე რაიმეს თქმა საჭიროდ არ ჩავთვალეთ – შედევრებს არ ივიწყებენ.

თავდამსხმელი: ფერენც პუშკაში
გენიალური უნგრელის დებიუტი რეალში 31 წლის ასაკში, 1958 წელს შედგა.
სამეფო კლუბს 1966 წელს, 39 წლისა გამოეთხოვა, მადრიდში გატარებულ 8 სეზონში კი 262 მატჩში 242 გოლი შეაგდო!
1960 წელს რეალმა ჩემპიონთა თასის ფინალში 7:3 მოუგო აინტრახტს. პუშკაშმა 4 გოლი გაიტანა! და ის დღემდე ერთადერთია, ვინც გადამწყვეტ მატჩში შეასრულა პოკერი!
ის ასევე ერთადერთია, რომელმაც 2 ფინალში გაიტანა 3 ან მეტი გოლი: 1962 წელს ბენფიკას შეუსრულა ჰეთ-თრიქი…

თავდამსხმელი: რაული
ყველაზე მეტი მატჩი და გოლი რეალში…
კლუბის რეკორდსმენი ლა ლიგაში ჩატარებული მატჩებით და გოლებით… ჩემპიონთა თასის და ევროტურნირების საუკეთესო ბომბარდირი…
რაული ეს რეალია!
შესანიშნავმა გოლეადორმა მშობლიური კლუბი 2010 წელს, ჟოზე მოურინიუს მისვლის შემდეგ დატოვა – დღეს შალკეშია. ბევრი თვლის რომ პორტუგალიელმა ნაჩქარევად გაუშვა რაული…
რაული ჯენტლმენიცაა – 19 წელია ფეხბურთშია და წითელი ბარათი არასდროს მიუღია.

თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ
რეალის მესვეურებმა შესანიშნავად იცოდნენ, რატომ უხდიდნენ მანჩესტერ იუნაიტედს 80 მილიონ გირვანქას: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პორტუგალიელი 2010 წლის ზაფხულში გადავიდა მადრიდში და მას შემდეგ საუკეთესოა.
შარშან სამეფო კლუბმა მისი ერთადერთი გოლით დაამარცხა ბარსელონა და ქვეყნის თასი მოიგო. წელს რეალი ჩემპიონის ტიტულისკენ მიიწევს – რონალდუ კვლავაც მთავარი ფიგურაა. რომ არა ლეო მესი, მისი ტიტულების ჩამონათვალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 7 მარტი)
გრაფიკა:
ემილიო სანსოლინი

ka_GEGeorgian