ყველაზე მოკლე ჩემპიონატი
ევროფეხბურთი დიდებულია, ათას საინტერესო ამბავს გაიგებ გულშემატკივარი. მაგალითად გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, შვედეთის მალმიომ დანიის კოპენჰაგენს უმასპინძლა და აღმოჩნდა, რომ ეს ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე მოკლე მანძილით დაშორებული კლუბების ჯახი ყოფილა. სხვადასხვა ქვეყნების გუნდებს ვგულისხმობ, რასაკვირველია.
მშვენიერი იქნებოდა ამ ხვატსა და პაპანაქებას დანიაში ან შვედეთში რომ გაექცე ადამიანი, მაგრამ არაა იოლი ამბავი და მეც ვირტუალურად ვმოგზაურობ ჩრდილოეთში. სკანდინავიის ქვეყნები ნამეტანი მიყვარს, ჰოდა, დღეს კიდევ ერთხელ გადავფურცლე ფავორიტი ონლაინ-გამოცემები და ეს საინტერესო ამბავიც შევიტყვე:
სამი დღის წინ, 3 აგვისტოს, მსოფლიოს ყველაზე მოკლე ეროვნული პირველობა, გრენლანდიის ჩემპიონატი დასრულებულა, ტიტული კი ბოლდკლუბენ 67-ს (B67) მოუგია, ზედიზედ მესამედ, ხოლო ისტორიაში მეთექვსმეტედ.
გრენლანდია, მოგეხსენებათ, დანიის ქვეშევრდომია, არც ფიფას წევრია, მაგრამ იქაურები თავისას არ იშლიან და 1954-1955 წლების სეზონიდან მოყოლებული დამოუკიდებელ ჩემპიონატს ატარებენ. მერე რა, რომ მათი კლუბების შესახებ ბევრს არაფერი სმენია და ჩემპიონატიც მხოლოდ ერთი კვირა გრძელდება? ადგილობრივები თავის ჭიას ახარებენ, დანარჩენი ამბები კი დიდად არც ანაღვლებთ…
ბევრი რომ არ გავაგრძელო, 28 ივლისს, რვა კლუბის მონაწილეობით, გრენლანდიის რიგით 61-ე ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს, როგორც აღვნიშნე, B67-ის ტრიუმფით დასრულდა. გუნდების შესახებ, აკი ვთქვი, ბევრი არაფერი გვსმენია-მეთქი, მაგრამ რადგან მსოფლიოს უმოკლეს ჩემპიონატს ამხელა ტექსტი მივუძღვენი, გამარჯვებულის შვიდ კონკურენტსაც ვახსენებ, დაგვამძიმებს თუ დიდ დროს წაგვართმევს? B67-მა ფინალში ინუიტ ტაიმერსოქატიგიიფიატ 79 (2017 წლის ჩემპიონი) დაამარცხა, მანამდე კი გოდჰავნ 44-ს, ნაგტორალიკ 45-ს, ტუპილაკ 41-ს, ნუუკს, ტუგტოს და კისაავიარსუკ 33-ს აჯობა.
ყველა თამაში გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში ჩატარდა, 2018 წლის შემდეგ პირველად. საშუალო დასწრება ჩვენი ეროვნული ლიგის მსგავსი იყო – 150-220 კაცი, ტემპერატურა კი +5-15 გრადუსს შორის მერყეობდა.
მოკლედ, ასეთი ამბავია. სანამ ევროპაში მოთამაშე ჩვენი ბიჭები გახურდებიან, ვისაუბროთ გრენლანდიის ფეხბურთზე, რატომაც არა?
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 6 აგვისტო