ყველაზე საძულველი გერმანელი
37 წლის წინ, 1982 წლის 8 ივლისს, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ლამაზი და დაძაბული თამაში შედგა: უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში გერმანიამ საფრანგეთი დაამარცხა.
1:1 ძირითად დროში, 2:2 დამატებით ნახევარ საათში და 5:4 პენალტების სერიაში – ასე მოიგო გერმანიამ და ფინალში გავიდა, საფრანგეთის ლამაზმა და კარგმა გუნდმა კი იქვე დაასრულა ჩემპიონატი. III ადგილისთვის შეხვედრა ფრანგებმა პოლონელებთან წააგეს.
ის ნახევარფინალი სხვა რამის გამოც ახსოვთ გულშემატკივრებს: გერმანელთა მეკარე ტონი შუმახერმა ნახევარმცველი პატრიკ ბატისტონი არ დაინდო, უბრალოდ გაწირა.
50-ე წუთზე ბატისტონი ბერნარ ჟენგინის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, მე-60 წუთზე კი თავად გახდა შესაცვლელი – შუმახერთან შეჯახების შემდეგ გონდაკარგული, მოცელილი დავარდა. მის ნაცვლად კრისტიან ლოპესი გამოჩნდა.
მსაჯს, ნიდერლანდელ ჩარლზ კორვერს შუმახერი არც გაუფრთხილებია. ბევრი მიმომხილველი ხუმრობდა, რომ გერმანელთა მეკარე გასაფრთხილებელ-გასაძევებელი კი არა, დასაჭერი იყო – მისი ქმედება მკვლელობის მცდელობას უფრო ჰგავდა, ვიდრე ბურთის მოგერიებას.
პატრიკ ბატისტონი სევილიის საავადმყოფოში მოეგო გონს. დიაგნოზი – ტვინის შერყევა. როგორ ამოუვარდა 3 კბილი, არც ახსოვდა. მოგვიანებით მისი კბილები ბერლინის ერთ-ერთ მუზეუმში გამოფინეს.
ტონი შუმახერმა ბატისტონი იმავე საღამოს მოინახულა, წლების შემდეგ კი ავტობიოგრაფიაში დაწერა: როცა პატრიკი ვნახე, ყვავილები მივართვი და დავპირდი, რომ კბილებს ჩავუსვავდი, თან მხოლოდ ოქროთიო.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ლიბერასიონმა მკითხველთა შორის სახალისო გამოკითხვა ჩაატარა – ვინ იყო მათთვის ყველაზე საძულველი გერმანელი. ტონი შუმახერმა ადოლფ ჰიტლერს დიდი უპირატესობით აჯობა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 ივლისი)