ყველაზე უცნაური გამარჯვებული

ჩემპიონთა ლიგის უკლებლივ ყველა გათამაშება მინახავს და ჩემთვის კარლო ანჩელოტის ეს რეალი ყველაზე უცნაური გამარჯვებულია. ყველაზე უცნაური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დაუმსახურებელი.
ვეცდები ავხსნა თუ რას ვგულისხმობ: ფლეი ოფის არც ერთ ეტაპზე, ფინალის ჩათვლით, რეალი არ მიმაჩნდა ფავორიტად. საამისოდ საკმაო არგუმენტები მქონდა. ჩემი ფიქრები რომ უსაფუძვლო არ იყო, შვიდივე მატჩში გამოჩნდა, მაგრამ ერთია რას ვფიქრობ მე და მეორე – რეალობა: სამეფო კლუბმა წუხელ მეთოთხმეტედ აღმართა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო თასი.
და ეს გამარჯვება რეალმა ნაღდად დაიმსახურა, ოღონდ ამასაც ვიტყვი: 1992 წლიდან დღემდე, ვერ ვიხსენებ სხვა გამარჯვებულს, ვინც ფლეი ოფის ყველა ეტაპს მეტოქის ჩრდილში შეხვდა, მაგრამ თასი მაინც ჩაიბარა.

პარი სენ-ჟერმენთან, ჩელსისთან და მანჩესტერ სიტისთან დუელებს აღარ მივუბრუნდები. სამივე ორმატჩიან ჭიდილში რეალმა მართლაც რომ ბეწვის ხიდზე გაიარა. მაგრამ გაიმარჯვა!

იგივე მოხდა წუხელ სტად დე ფრანსზეც. თამაში ლივერპულს მიჰყავდა და ამ შეხედულებას უეფას ოფიციალური სტატისტიკა ადასტურებს. პირველი რიცხვები და ციფრები იურგენ კლოპის გუნდისაა:

კარში დარტყმა – 23:3!
კარის ჩარჩოში დარტყმა – 9:1!
მცველების მიერ მოგერიებული დარტყმა – 1:8!
კუთხური – 6:2!

და ყველაზე მნიშვნელოვანი, მეკარის მიერ განმუხტული მომენტი, ეგრეთ წოდებული სეივი – 0:9!

ეს ყველაფერი ინგლისელთა უპირატესობაზე მეტყველებს, სხვანაირად რომ ვთქვა მეტ იერიშზე, უკეთესად გათამაშებულ კომბინაციებზე და ასე შემდეგ, მაგრამ თასს ამ კომპონენტებში უპირატესობით ვერ ჩაიბარებ. ჩემპიონობისთვის გოლია საჭირო, აქ კი რეალმა მოიგო – 0:1.

სრულიად სამართლიანია, რომ ფინალის საუკეთესო მოთამაშედ ტიბო კურტუა დასახელდა. ბელგიელი წუხელ საოცარი იყო, მაგრამ ჩემთვის რეალის ეს ტრიუმფი მხოლოდ მისი დამსახურება არ არის.

კი, გუნდმა შეიძლება იღბლის წყალობით მოიგოს კონკრეტული თამაში, გნებავთ ორმატჩიანი პაექრობა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას (ისევე როგორც სხვა დიდ საერთაშორისო საკლუბო თუ სანაკრებო შეჯიბრებას) შემთხვევით ვერ მოიგებს.

ამიტომაც, რეალი სრულიად დამსახურებული გამარჯვებულია, რადგან ეს შვიდი ურთულესი საგაზაფხულო გამოცდა, ავად თუ კარგად, ყველაზე უკეთ ჩააბარა. კი, რეალი უჩვეულოდ არასტაბილური იყო – მეტწილად დამაკმაყოფილებელ ნიშანს იმსახურებდა, მაგრამ საერთო ჯამში როგორც გუნდი კონკურენტებზე უკეთესად მომზადებული აღმოჩნდა და ეს, ძნელი მისახვედრი არ არის თუ ვისი დამსახურებაა.

კურტუა დიდებული იყო ფინალში, მანამდე ბენზემამ დაგლიჯა და მოდრიჩიც ჩვეულად ხატავდა, არც კარიერის პიკზე მყოფ ვინისიუსს გამოვტოვებ და კროოს-კაზემიროსაც ვახსენებ, სხვებსაც ტაშს დავუკრავ, მაგრამ ქებათა ქებას კარლო ანჩელოტის მივუძღვნი.

რეალმა რომ ოქროს დუბლი შეასრულა, ეს ამ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის დამსახურებაა. ის დიადი მწვრთნელია და წელს არნახული მწვერვალები დაიპყრო. სხვა თუ არაფერი, პირველი კაცი გახდა, ვინც ევროპის ყველა საუკეთესო ჩემპიონატში გაიმარჯვა და აგერ, გუშინ, ისტორია დაწერა: მეოთხედ მოიგო თასი! ესეც ევროპული სამწვრთნელო სკოლის ახალი სიმაღლე!

ფინალის მერე სამეფო კლუბის ერთი თავგადაკლული გულშემატკივარი შემეხმიანა, დამრტყმელი, პურისმჭამელი ვაჟკაცი და მკითხა, ხომ არ იცი პრემიერლიგის თასს როდის გადმოგვცემენო. დავიბენი, თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მაგრამ მერე გამახსენდა რომ რეალმა ერთმანეთის მიყოლებით დასცა ჩელსი, მანჩესტერ სიტი და ლივერპული და გულიანად გამეცინა.

კი, ეს რეალი პრემიერლიგის თასსაც იმსახურებს! მეტი რა უნდა ქნას ინგლისის ჩემპიონად რომ გამოაცხადონ? სერიოზულად კი, ამ ტურნირის ისტორიაში, 1955 წლიდან დაწყებული, მგონი პირველად მოხდა, რომ ჩემპიონმა ზედიზედ აჯობა ერთი ქვეყნის სამ კლუბს. თან ისეთ კლუბებს, თავის ჩემპიონატში პირველი, მეორე და მესამე ადგილები რომ დაიკავეს.

ამას აუცილებლად გადავამოწმებ, აი „ოქროს ბურთის“ მთავარ კანდიდატზე კი ცოტა მოგვიანებით დავწერ. პირადად ჩემთვის უკვე ნათელია ვის ერგება ეს ჯილდო.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 29 მაისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian