ზაკუმი და მსოფლიო ჩემპიონატის სხვა თილისმები

ზაკუმი მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის, სამხრეთ აფრიკა 2010-ის თილისმაა. ის პატარა ლეოპარდია, რომელსაც მწვანე თმა და ოქროსფერი ტყავი მოსავს, აცვია მაისური წარწერით სამხრეთ აფრიკა 2010, სახელის ბოლო ოთხი ასო – კუმი კი ქვეყნის სხვადასხვა დიალექტზე ათს ნიშნავს.

ფიფას ოქროს თასის გათამაშებას თილისმები 1966 წლიდან, ინგლისში გამართული პირველობიდან ამშვენებს. მაშინ ეს პატივი ლომის ბოკვერ ვილის ხვდა წილად, რომელსაც დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებით გაწყობილი მაისური ეცვა.

1970 წელს, მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა პატარა ბიჭუნა ხუანიტო იყო, რომელსაც მექსიკელთათვის დამახასიათებელი სომბრერო ეხურა, 4 წლის შემდეგ კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ტურნირს ტყუპი ძმები, ტიპი და ტაპი ამშვენებდნენ.

1978 წელს არგენტინაში მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა ნაკრების მაისურში გამოწყობილი ბიჭუნა გაუჩიტო გახლდათ, 1982 წელს, ესპანეთში კი, ფიფას ოქროს თასის გათამაშებას პირველად მოევლინა უსულო თილისმა – ფორთოხალი ნარანხიტო.

ესპანელთა ტრადიცია 4 წლის შემდეგ მექსიკელებმაც გააგრძელეს – კაცუნა-წიწაკა პიკე ტურნირის მშვენებად იქცა, 1990 წელს, იტალიაში კი თილისმა სახელმწიფო დროშის ფერებით დამშვენებული და კუბებით აგებული ფეხბურთელი, ჩაო გახლდათ.

1994 წელს, ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თილისმად კვლავ ცოცხალი არსება მოგვევლინა – ძაღლის ლეკვი სტრაიკერი, 4 წლის შემდეგ, საფრანგეთში კი ის მამალმა ფუტიქსმა შეცვალა.

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის თილისმა სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ინტერნეტით ჩატარებული გამოკითხვით გამოვლინდა: კოსმოსის ბინადრებმა ატომ, კაზიმ და ნიკმა გაიმარჯვეს. თილისმის ავტორთა თქმით, ატო მწვრთნელი იყო, კაზი და ნიკი კი ფეხბურთელები.

2006 წელს, გერმანიაში, ჩემპიონატის თილისმა კი ლომი, სახელად გოლეო გახლდათ.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 12-18 აპრილი)

ka_GEGeorgian