ძალა ერთობაშია!

რაგბის მსოფლიო თასის ფინალში სამხრეთი აფრიკამ 32:12 დაამარცხა ინგლისი და მესამედ აღმართა უებ ელისის სახელობის თასი!

მაკაზოლე მაპიმპის და ჩესლინ კოლბეს 2 ლელოს და ანდრე პოლარის 2 გარდასახვას და 6 ჯარიმას ინგლისელებმა ოუენ ფარელის 4 საჯარიმოთი უპასუხეს. სათქმელია, რომ ჩემპიონების ორივე ლელო ძალიან ეფექტური გამოდგა.

„ორი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მსოფლიო თასს მოვიგებდით, მაგრამ მე იმთავითვე ვიცოდი ერთი რამ: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით თასის მოსაგებად“, – განაცხადა გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა რასი ერასმუსმა და დასძინა – „ახლა სამშობლოს არცთუ კარგი პერიოდი უდგას. გვინდოდა ჩვენი ხალხის გახარება და ბედნიერი ვარ ეს რომ შევძელით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია“!

სამხრეთაფრიკელებმა 1995 და 2007 წლების შემდეგ მესამედ მოიგეს მთავარი სარაგბო ჯილდო და ახალზელანდიელებს გაუთანაბრდნენ.

ქურციკებმა მსოფლიო თასი ზელანდიელებთან მარცხით დაიწყეს (13:23), თუმცა შემდეგ ზედიზედ სძლიეს ნამიბიას (57:3), იტალიას (49:3) და კანადას (66:7). 1/4-ფინალში აფრიკელებმა მასპინძელი იაპონია არ დაინდეს – 26:3, ნახევარფინალში კი 6 ერის დიდი სლემით მომგები უელსი შეაჩერეს – 19:16.

„გრძნობებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ! ეს საოცრებაა, ღვთიური გრძნობაა“! – ამბობს მსოფლიო თასის 2007 წლის გამარჯვებული ნაკრების კაპიტანი ჯონ სმიტი და დასძენს – „ჩვენთვის ეს გუნდი მხოლოდ 23 საუკეთესო მოთამაშის ნაკრები არაა. დღეს, იოკოჰამაში 57 მილიონი სამხრეთაფრიკელი ერთად ვიდექით და ამიტომ გავიმარჯვეთ! დღევანდელი ტრიუმფი ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა“!

სამხრეთი აფრიკა პირველი ჩემპიონია, რომელმაც მსოფლიო თასზე ჯგუფში თამაში წააგო, თუმცა უებ ელისის თასი მაინც მოიგო. ქურციკები ასევე პირველები არიან, რომლებმაც ერთ წელს შეძლეს სამხრეთის ჩემპიონატის და მსოფლიო თასის მოგება.
დღევანდელ ტრიუმფს კიდევ ერთი ვეტერანი ჰანიანი შიმანგე გამოეხმაურა: „დარწმუნებული ვარ ეს ფინალი არავის დაავიწყდება! დიდებული გამარჯვებაა, ულამაზესი და ეს მოგება ჩვენ, სამხრეთაფრიკელებს ძალიან გვჭირდებოდა. უფრო მეტად, ვიდრე ინგლისელებს“!

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 ნოემბერი)

ka_GEGeorgian