ზამთრის თამაშები 100 წლისაა

დღეს „თეთრი ოლიმპიადის“ საუკუნოვანი იუბილეა: ზუსტად საუკუნის წინ, 1924 წლის 25 იანვარს, საზეიმოდ გაიხსნა ზამთრის პირველი თამაშები – შამონი 1924. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იმ დროს შეჯიბრებას „ზამთრის საერთაშორისო სპორტულ კვირეულად“ მოიხსენიებდნენ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოგვიანებით აღიარა შამონი 1924 ზამთრის პირველ თამაშებად.

1920 წლის აგვისტო-სექტემბერში, როცა ანტვერპენმა ოლიმპიადას უმასპინძლა, მედლები ფიგურულ ციგურაობასა და ჰოკეიშიც გათამაშდა. ერთი წლის შემდეგ კი, ლოზანაში გამართულ კონგრესზე, სოკ-მა ზამთრის სახეობებში ცალკე შეჯიბრების ჩატარება გადაწყვიტა. საერთაშორისო სპორტული კვირეულის გამართვა საფრანგეთის ოლიმპიურ კომიტეტს დაევალა, რომელმაც მასპინძლად მონბლანის სიახლოვეს მდებარე ზემო სავოიის სამთო კურორტი შამონი შეარჩია.

25 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით შამონიში თექვსმეტი ქვეყნის სამასამდე სპორტსმენმა იასპარეზა. გუნდებიდან მხოლოდ ორი იყო სხვა კონტინენტიდან – ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. მონაწილეებმა 5 სახეობის 9 დისციპლინაში მედლების 16 კომპლექტი გაითამაშეს. ყველაზე მეტი ჯილდო – 17 – ნორვეგიელებმა მოიგეს, მასპინძლებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ 43 წარმომადგენელი ჰყავდათ, ერთი ოქროს მედალიც ვერ მოიპოვეს.

ზამთრის I ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი ამერიკელი ჩარლზ ჯეტრო გახდა 500 მეტრზე ციგურებით რბენაში. მისი ოქროს მედალი დღეს ვაშინგტონში, ამერიკის ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი.

შვედმა გილის გრაფსტრიომმა ფიგურულ ციგურაობაში გაიმარჯვა და პირველი სპორტსმენი გახდა ოლიმპიადების ისტორიაში, რომელმაც ერთსა და იმავე სახეობაში ზაფხულის (ანტვერპენი 1920), შემდეგ კი ზამთრის თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიგო. იგივე ითქმის კანადელ ჰოკეისტებზეც, რომლებმაც ოთხი წლით ადრე, ანტვერპენში მოგებული ტიტული დაიცვეს.

შამონი 1924-ის ვარსკვლავებად კი ფინელი მოციგურავე კლას თუნბერგი და ნორვეგიელი მოთხილამურე თორლიფ ჰოგი მოგვევლინნენ, რომლებმაც სამ-სამი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ზამთრის I ოლიმპიადის ყველაზე პატარა მონაწილე 11 წლის ნორვეგიელი სონია ჰენი გახლდათ, ფიგურული ციგურაობის ლეგენდა. სონიამ მომდევნო, 1928 წლის თამაშებში გაიმარჯვა და 1932 და 1936 წლებში კიდევ ორჯერ დაიცვა ტიტული. მის შემდეგ, ქალთა შორის, მხოლოდ გერმანელმა კატარინა ვიტმა მოიგო ზედიზედ ორი ოლიმპიადა.

შამონის ზამთრის საერთაშორისო სპორტული კვირეული წარმატებული გამოდგა და ერთი წლის თავზე, პრაღაში გამართულ სოკ-ის VIII კონგრესზე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის თამაშების რეგულარულად, ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარება გადაწყვიტა. 1992 წლის ჩათვლით ოლიმპიადები ერთ წელიწადს იმართებოდა, 1994 წლიდან კი ზამთრის თამაშების ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო.

2026 წელს „თეთრი ოლიმპიადა“ XXV-ედ გაიმართება. შეჯიბრებას მილანი და კორტინა დ’ამპეცო უმასპინძლებს. მანამდე კი, შესაძლოა, შამონი 1924-ის ის ოქროს მედალიც გაიყიდოს, რომელიც გუშინ ვნახე იბეიზე. ფასი სულ რაღაც 45 ათასი აშშ დოლარია. სხვათა შორის, 2022 წლის 21 ივლისს, სხვა ონლაინ-აუქციონზე, ამავე ოლიმპიადის ოქროს მედალი 50 ათას აშშ დოლარად შეიძინა უცნობმა კოლექციონერმა…

ლაშა გოდუაძე
20
24 წლის 25 იანვარი
ფოტო: სოკ-ის ოლიმპიური მუზეუმი

ka_GEGeorgian