ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის პირველი ეტაპი მოიგო!

კანოისტმა ზაზა ნადირაძემ 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების I ეტაპი მოიგო! ტურნირს 23 მაისიდან პოლონეთის ქალაქი პოზნანი მასპინძლობს.

ქართველმა ნიჩბოსანმა ტრადიციულად 200 მეტრზე გაცურვაში იასპარეზა და ფინალში საუკეთესო დრო დააფიქსირა – 39.191 წამი. ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი მეორე იყო (39.743), ბელარუსი არტიომ კოზირი კი მესამე (39.819).

მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გულშემატკივრობისთვის! მიხარია, რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ, ჯერ ჯანები არის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ. თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ სწორედ ქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა ამ შედეგისთვის, თორე მოგება კი არა, ფინალში ძლივს გავედი. როდესაც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, ერთმანეთს რომ ვუგულშემატკივრებთ, და როცა გავერთიანდებით კარგი საქმისთვის, ძალიან ბევრს მივაღწევთ და წინ წავალთ! გვიყვარდეს ერთმანეთი და ამით ნამდვილად გავიხარებთ. ასეა ეს და რა ვქნა. მადლობა ყველას!ამ სიტყვებით გადაუხადა მადლობა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ გულშემატკივრებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ბელგრადში, ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძემ ამავე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიგო (39.200)!

ზაზა პირველი ქართველი კანოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავდროულად, ის პირველი ქართველია, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა – რიო დე ჟანეიროში მას მედლამდე წამის მეასედები დააკლდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 25 მაისი)

ka_GEGeorgian