ზღაპარი
გუშინ ნაპოლის წინააღმდეგ იურგენ კლოპმა მე-400 შეხვედრაში უხელმძღვანელა ლივერპულს და სახელოვანი კლუბის ისტორიაში მეოთხე მწვრთნელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. გერმანელი მხოლოდ ბილ შენკლის (783), ტომ უოტსონს (742) და ბობ პეისლის (535) ჩამორჩება…
გუშინდელი ლივერპული-ნაპოლი კლოპის მე-100 თამაშიც იყო ჩემპიონთა ლიგაში და წუხანდელი, 58-ე გამარჯვებით ის მეორეა ხოსეპ გვარდიოლას შემდეგ. მხოლოდ ესპანელმა მოიგო პირველი ასი თამაშიდან უფრო მეტი – 61…
მცირე იუბილე აღნიშნა ენფილდროუდელთა ნიდერლანდელმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა – მეორასე ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო კლუბის მაისური…
ევროთასებზე 41-ე ლივერპულური გოლი შეაგდო მო სალაჰმა და ლეგენდარული სტივენ ჯერარდის საკლუბო რეკორდი გაიმეორა…
50-ედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და 24 წლისა და 25 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ლივერპულელია, რომელმაც ამდენ სალიგო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა…
ნაპოლისთან წუხელ ჯგუფის გამარჯვებული ირკვეოდა და მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის ბიჭებმა მიზანს ვერ მიაღწიეს – მხოლოდ 2:0 მოიგეს, არადა მინიმუმ 4:0 სჭირდებოდათ – მაინც სასიამოვნოდ აღნიშნეს ზემოთ ჩამოთვლილი ამბები.
ლივერპული მეორე ადგილით გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ კი ჯგუფი მოიგო და 7 ნოემბერს დანიშნული წილისყრის წინ ბაიერნთან, პორტუსთან, მანჩესტერ სიტისთან, ჩელსისთან და ტოტენჰემ ჰოთსფურთან მერვედფინალური ჯახი აირიდა. კიდევ ორი პირველადგილოსანი ამ საღამოს გამოვლინდება და რამდენიმე საათში უკვე ზუსტად გვეცოდინება, თუ ვის შეხვდება ხვიჩა კვარაცხელიას კლუბი თებერვალ-მარტში, სტამბოლისკენ მიმავალ გზაზე.
გუშინდელი 0:2-ით ნაპოლის ორი სერია დამთავრდა: ეს იყო პირველი მარცხი ამ სეზონში, ასევე ზედიზედ 13 გამარჯვების დასასრული.
წელს პირველი თამაში წააგო ხვიჩამაც, ყოველი შემთხვევისთვის კი უნდა შევნიშნო, რომ ლივერპულმა გოლები მხოლოდ მას შემდეგ გაიტანა, რაც სპალეტიმ ქართველი შემტევი მინდვრიდან გაიყვანა. შესაძლოა ხვიჩას გადამეტებული გულშემატკივრობის გამო მეჩვენება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ კვარაცხელიას შეუცვლელად რომ ეთამაშა, მასპინძლები ვერ გაიმარჯვებდნენ.
ვარსკვლავებს შორის – ასე მოიხსენია ნაპოლი კორიერე დელო სპორტმა დღევანდელ ნომერში, მე კი იგივეს ვიტყვი კონკრეტულად ჩვენ ბიჭზე, რადგან ბოლო დღეებია ხვიჩაზე მხოლოდ საფეხბურთო გამოცემები აღარ წერენ. ჯერ ნიუ იორკ თაიმსმა მიუძღვნა ვრცელი ჩანახატი ქართველს, გუშინ კი CNN-ის წერილიც გავრცელდა.
არნახული ამბების თვითმხილველები ვართ და მადლობა ხვიჩას ასეთი სიხარულისთვის, დიდებული ფეხბურთისთვის, მშვენიერი გოლებისთვის, უჩვეულო სტატისტიკისთვის და უბრალოდ ხვალინდელი, უკეთესი დღის იმედისთვის! ადრეც დავწერე და კიდევ გავიმეორებ: რასაც ეს ბიჭი აკეთებს, ჩემი თაობის გულშემატკივრებისთვის გემრიელი ზღაპარია.
P.S. ლივერპულთან სტუმრად თამაშის შემდეგ აბა როგორი სათქმელია, მაგრამ ნაპოლის 5 ნოემბერს გაცილებით მნიშვნელოვანი თამაში ელის – ბერგამოში მეორე ადგილზე მყოფი ატალანტა ელის, გასპერინის მშვენიერი გუნდი.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 2 ნოემბერი)
ფოტო: CNN.com