ზღაპრული საგრადა ფამილია

ბარსელონაში წასვლა როცა გადავწყვიტეთ, მეორე, რის მონახულებაც დავგეგმე საგრადა ფამილია იყო, კათოლიკური ტაძარი, რომლის მშენებლობა საუკუნეზე მეტის წინ დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. რაც შეეხება ნომერ პირველს, არ დავმალავ: ეს კამპ ნოუ იყო, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

საგრადა ფამილია ითარგმნება როგორც წმინდა ოჯახი, ოფიციალური სახელწოდება კი წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარია. ის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მოდერნისტული და ნეოგოთიკური სტილის ნაგებობაა, 2010 წელს რომის პაპმა ბენედიქტ XVI ღვთისმსახურებისთვის აკურთხა და ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია. მაგრამ ამ და სხვა ოფიციალურ ინფორმაციას ინტერნეტშიც ბლომად ამოიკითხავთ, მე მხოლოდ იმას გეტყვით, რაც ვნახე და გავიფიქრე.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ანტონიო გაუდის ეს შედევრი ზღაპრული ნაგებობაა! როცა არქიტექტორის ჩანაფიქრის შესახებ მოვისმინე, ეს აზრი კიდევ უფრო გამიმყარდა: გაუდიმ ტაძრის ინტერიერი ტყის გავლენით შექმნა, აქაოდა, ადამიანი ლოცვისთვის და საკუთარ თავთან განმარტოებისთვის ტყეზე უკეთეს ადგილს ვერ იპოვისო. სვეტებს ზღაპრული ტყის ეფექტს მატებს ვიტრაჟები, რომელიც გაუდის ჩანაფიქრით მზის მოძრაობას და ნათებას ეხმიანება: აღმოსავლეთისა შედარებით ცივია – ცისფერი, ლურჯი, დასავლეთისა კი თბილი – ყვითელი, წითელი, სტაფილოსფერი.

არანაკლებ შთამბეჭდავია საგრადა ფამილია გარედან: ორივე კარს ახალი აღთქმის თემაზე შექნილი ქვის ნაკეთობები ამშვენებს: ხარება, მოგვთა თაყვანისცემა, მირქმა, ეგვიპტეში გამგზავრება, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, კვართის გაყოფა და ასე შემდეგ.

ტაძრის მშენებლობა 1882 წლის 19 მარტს დაიწყო, გიდის ინფორმაციით კი საგრადა ფამილიას აგება 2026 წელს დასრულდება, არქიტექტორის გარდაცვალებიდან ზუსტად საუკუნის შემდეგ. და დასრულებულ ტაძარს დღეს მოქმედი ორის ნაცვლად ოთხი შესასვლელი ექნება.

არაოფიციალური ინფორმაციით საგრადა ფამილიას წელიწადში 2,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს და ამ მხრივ ესპანეთში პირველ სამეულშია პრადოს მუზეუმთან და ალამბრას ციხესიმაგრესთან ერთად.

სალაროებში 4-ნაირი ბილეთი იყიდება, რომლის ღირებულება 15-დან 30 ევრომდეა. ჩვენ ეს უკანასკნელი შევიძინეთ, რადგან სამრეკლოებზე ასვლა გვსურდა, ანუ ყველაზე მაღალ წერტილში, სადაც ტურისტებს უშვებენ. იქიდან მთელი ბარსელონა ჩანს – დიდებული სანახაობაა! ბილეთები კონკრეტული დროის მიხედვით იყიდება – რადგან უამრავი ტურისტია, ხალხი განრიგით შედის ტაძარში. ტურის ხანგრძლივობა დაახლოებით საათნახევარია. ცხადია, იქვეა სუვენირების მაღაზიაც – ფული იკითხეთ, თორემ ყველანაირი საჩუქარი მზადაა.

გენიოსმა გაუდიმ საგრადა ფამილიას ოთხ ათეულ წელიწადზე მეტი მიუძღვნა, ხოლო უკანასკნელი 15 წელი მხოლოდ ამ ტაძარზე ზრუნვაში გაატარა – ყველა სხვა პროექტი იუარა.

ერთხელ ჰკითხეს, ასე დიდხანს რატომ გრძელდება მშენებლობაო და არქიტექტორმა უპასუხა: „ჩემს კლიენტს არსად ეჩქარება, მთელი დრო მის განკარგულებაშია“. მიხვდით ალბათ, ღმერთი იგულისხმა.

ანტონიო გაუდი 1926 წლის 10 ივნისს გარდაიცვალა – ტრამვაიმ გაიტანა. მარტოხელა გენიოსი 73 წლის იყო.
კიდევ ერთხელ, საუკეთესო სურვილებით 🙂

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბარსელონა, ესპანეთი; 2016 წლის 16 ივნისი

 

ka_GEGeorgian