ზიზუ: ლეგენდის დასასრული (II)
1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიზუმ იხილა მატჩი, რომელმაც საბოლოოდ გადააწყვეტინა ფეხბურთელობა. ნახევარფინალში საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდებმა დაუვიწყარი თამაში აჩუქეს გულშემატკივრებს და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ფრანგები დამარცხდნენ, ბიჭმა საბოლოოდ გადაწყვიტა – მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთი.
ზიზუ ახლაც თვლის, რომ ესპანეთი 82ის ხსენებული ნახევარფინალი საუკეთესო საფეხბურთო დაპირისპირებაა, რაც კი უნახავს.
1980 წელს 8 წლის ზინედინ ზიდანი წმინდა ანრის ლიცეუმის საფეხბურთო გუნდის წევრი ხდება.
რობერ სენტენერომ პატარა ბიჭებისგან შესანიშნავი გუნდი ფორესტა ჩამოაყალიბა, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი უძლიერესი იყო. მალე მისი თამაშით მარსელის მეშვიდე ოლიმპიური სკოლის მთავარი საფეხბურთო მწვრთნელი ალენ ლეპე მოიხიბლა და ნიჭიერი ბიჭი, რომელსაც უკვე მაშინ მოიხსენიებდნენ ტალანტად, თავისთან მიიწვია.
იმ გუნდში ზიზუ რამდენიმე თვით გაჩერდა და მალე ქალაქის ერთ-ერთი უბნის, სეპ ლე ვალიონის ოლიმპიკის ფეხბურთელი გახდა. იქ მას ისევ სენტენერო წვრთნიდა.
საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე კანში ზინედინი სწორედ ოლიმპიკიდან გადავიდა – კანელთა სელექციონერი ჟან ვარო გუნდისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეძებდა და სასურველ კანდიდატებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქებში იგულებდა.
„თანატოლთაგან უმალ გამოვარჩიე. ყველაზე ძალიან ის მომეწონა, რომ პასს არ აგვიანებდა – თუ მეკარესთან პირისპირ ორნი გადიოდნენ და თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაში იყო, ბურთს უმალ მას აწვდიდა. მოზარდებში ასეთი რომ, როგორც წესი, იშვიათია“, – იხსენებს ვარო.
ორიოდ თვეში ჟან ვარო კანის ტექნიკურ დირექტორთან ერთად ზიდანებს ეწვია, რათა ბიჭის მშობლებს გასაუბრებოდა. დედა თავდაპირველად უარზე იყო, არ სურდა 13 წლის ვაჟის გაშვება, მაგრამ კლუბმა ისეთი წინადადებით მიმართა, რომ მშობლებმა გარისკეს: სანამ ზინედინი გუნდთან ერთად ივარჯიშებდა, დედა შვილთან ერთად კლუბის ხარჯზე იცხოვრებდა.
„კანში ერთი კვირით წავედი და ექვსი წელიწადი დავრჩი“, – იტყვის წლების შემდეგ ზინედინი. მართლა ასე მოხდა – 13 წლის ბიჭი გასინჯვაზე მიიწვიეს, მან კი ისე მოხიბლა დამხვდურები, რომ კარგა ხნით დაიტოვეს.
1988 წლის ზაფხულში კანმა ზიდანთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და კარსმომდგარი სეზონისთვის ბიჭი განაცხადშიც შეიყვანა.
საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში – ლიგა ერთში დებიუტი 1989 წლის 20 მაისს ნანტში შედგა. კანისა და მასპინძელთა დაპირისპირება 1:1 დასრულდა. იმ დროს კანელებს ჟან ფერნანდესი წვრთნიდა, ნანტში კი საფრანგეთის ნაკრების მომავალი ლიდერები, მარსელ დესაი და დიდიე დეშამი თამაშობდნენ.
1991 წლის 8 თებერვალს ზინედინს პირველი გოლი გააქვს ჩემპიონატში. ამასთან დაკავშირებით კანის პრეზიდენტმა ალენ პედრეტიმ ბიჭის წახალისება გადაწყვიტა და მომავალ ვარსკვლავს წითელი რენო კლიო უსახსოვრა. ეს ზიდანისთვის პირველი დიდი საჩუქარი იყო.
სუპერვარსკვლავის და ლილა იხსენებს: „ჩემი ძმა სიმპათიური იყო და ბევრს მოსწონდა. ტრიბუნაზე მყოფს ხშირად მომიკრავს გოგონების საუბრისთვის ყური, აქებდნენ… იმასაც ამბობდნენ, რომ ლამაზი თვალები ჰქონდა“.
1991 წელს ზიზუ მეგობარ გოგონაზე დაქორწინდა – ანდალუსიელი ვერონიკა ფერნანდესი 1989 წელს გაიცნო. ორი წელი მეგობრობდნენ, მერე კი დაოჯახება გადაწყვიტეს.
„ვთვლიდი, რომ ოჯახის შექმნა შემეძლო და ეს ნაბიჯიც ამიტომ გადავდგი. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ – შვილებთან და მეუღლესთან ერთად თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ“! – ამბობს სუპერვარსკვლავი.
1991-92 წლების სეზონში კანი ძალიან ცუდად თამაშობდა და ბოლოს დაქვეითდა. ზიდანი, რომელსაც კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, რამდენჯერმე გააძევეს. კანის მაშინდელმა მწვრთნელმა გი ლაკომბმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ზიზუ არაა ის ბიჭი, ვისაც სამაგიეროს გადახდა უყვარს, მაგრამ ზოგჯერ თავს ვერ იკავებდა და ამიტომაც აჯილდოვებდნენ წითელი ბარათით“.
ყველა ხვდებოდა, რომ დაქვეითების შემდეგ კლუბის და ფეხბურთელის გზები გაიყრებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ იქამდე ზიზუს ერთი საინტერესო ამბავი შეემთხვა: იმ წლების საფრანგეთის უძლიერესმა კლუბმა მარსელის ოლიმპიკმა სეზონისწინა შეკრებაზე მიიწვია, მაგრამ კანის ლიდერი დაიწუნა და აღარ დაიტოვა.
ოლიმპიკის შეცდომით (და ზიდანზე უარის თქმა დიახაც რომ შეცდომა იყო) შესანიშნავად ისარგებლა ბორდომ. ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის როლან კურბისის მოთხოვნით, გუნდმა ბიჭთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კანის შემადგენლობაში ლიგა ერთში ჩატარებული 61 თამაშის და 6 გოლის შემდეგ ზინედინი ბორდოელი გახდა.
„ძალიან ტექნიკური იყო, ბურთს ვერ წაართმევდი, საოცარ ფინტებს ფლობდა და რაც მთავარია, გუნდის გაძღოლა შეეძლო. სწორედ ასეთი მოთამაშე მჭირდებოდა და ამიტომ, ბევრი არ მიფიქრია – წამოვიდა თუ არა მარსელიდან, უმალ მოვიწვიე“, – როლან კურბისი.
სწორედ ამ ქალაქიდან და კლუბიდან იწყება მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის და კრისტოფ დიუგარის მეგობრობა – დღეს დუგა ზინედინის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია.
მეტსახელი ზიზუ მას სწორედ დიუგარიმ შეარქვა. კლუბის ბაზაზე ისინი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ და როცა ნაკრებში მხარდამხარ თამაშობდნენ, მაშინაც ასე ხდებოდა.
„პირველი სეზონი მთლიანად ადაპტაციას მოვანდომე. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მერე უკეთ ავთამაშდი“, – იხსენებს ზიდანი, რომელმაც ბორდოს მაისურით პირველ ჩემპიონატში ათი გოლი გაიტანა.
1996 წელს, კლუბისთვის მშვენიერ სეზონში, ზიზუმ და დუგამ ქალაქის ერთ-ერთი ღამის კლუბი იყიდეს და კრისტოფის ძმას უსახსოვრეს. დღეს იქ ზინედინის და დიუგარის, ასევე სხვა ცნობილი ფეხბურთელების მაისურები და ათასგვარი ნივთია გამოფენილი – თავისებური საფეხბურთო პაბია, ბორდოს გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტი რესტორანი.
ისე მოხდა, რომ ზიდანთან და დიუგარისთან ერთად კლუბში ბიქსენტ ლიზარაზუც მივიდა. სწორედ ისინი გახდნენ იმ ბორდოს ბირთვი, რომელმაც 1995-96 წლების ევროსარბიელზე უდიდესი სენსაცია მოახდინა – თავდაპირველად გუნდი ინტერტოტოს თასის გათამაშებაში ჩაერთო, საბოლოოდ კი უეფას თასის ფინალამდე იარა! გადამწყვეტ მატჩებში (იმ დროს გამარჯვებული ორ ფინალურ შეხვედრაში ვლინდებოდა) ბორდო ფრანც ბეკენბაუერის მომზადებულ და არაერთი ვარსკვლავით დამშვენებულ მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა.
ფინალში ასპარეზობა დიდი მოულოდნელობა და ალბათ, წარმატებაც იყო, სეზონის კულმინაციად კი მეოთხედფინალში უძლიერეს მილანთან გამარჯვება გამოდგა – ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების ფინალისტი ზიდანის კლუბმა გათამაშებას გამოთიშა!
თან, იმასაც ხომ გააჩნია, როგორ? იტალიელებმა სან სიროზე 2:0 მოიგეს. ერთი შეხედვით, შავ-წითლებს მშვიდად უნდა გაეგრძელებინათ გზა, მაგრამ ჩავიდა მილანი ბორდოში და… 0:3 განადგურდა! დიუგარიმ დუბლი მიითვალა, ზიზუ კი თავისებურად ანგრევდა მილანელთა უძლიერეს დაცვას.
იმ გათამაშებაში სევილიის ბეტისის კარში გატანილი ულამაზესი გოლიც უნდა გავიხსენო – ზიდანმა დაახლოებით 40 მეტრიდან შეაგდო ბურთი!
რა გასაკვირია, რომ პატარა ფრანგული კლუბის ვარსკვლავები ზაფხულში გრანდებმა დაიტაცეს? დიუგარი მილანში გადავიდა, ლიზარაზუმ ბილბაოს ატლეტიკი ირჩია, ზიზუ კი ტურინის იუვენტუსს ერგო.
139 თამაში საფრანგეთის ჩემპიონატში და 28 გოლი – ასეთი იყო ზინედინ ზიდანის ბორდოული სტატისტიკა.
„მარსელთან ერთად ბორდო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქია. ბორდოში ოთხი დიდებული სეზონი გავატარე, თან, პირველი ვაჟი სწორედ იქ შემეძინა“, – ზიზუ.
იტალიაში გადასული ზიდანი უკვე გახლდათ ქვეყნის პირველი გუნდის მოთამაშე.
საფრანგეთის ნაკრების მაისური მან პირველად 1994 წლის 17 აგვისტოს მოირგო, ჩეხეთთან 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. ფრანგები ორი ბურთით აგებდნენ და ემე ჟაკემ ახალწვეული მატჩის დამთავრებამდე 17 წუთით ადრე შეუშვა მინდორზე, ზიზუმ მარტენსი შეცვალა. დარჩენილ დროში დებიუტანტმა ორჯერ უძლიერესად დაარტყა და ჩეხების მეკარე პეტრ კოუბამ ორჯერ გამოიტანა ბურთი კარიდან!
ამ დიდებული ამბის შემდეგ ზიდანმა კიდევ 16ჯერ ითამაშა ნაკრებში და სადებიუტო შეხვედრაში შეგდებულ ორ გოლს კიდევ სამი ბურთი მიუმატა.
„ზიდანის სანაცვლოდ იუვენტუსმა 3,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. დღევანდელი გადასახედიდან ეს თანხა ძალიან ცოტაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოლო წლებში ფეხბურთელთა ფასებმა ძალიან მოიმატა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1996 წლის ზაფხულში ზიზუ ჯერ კიდევ არ იყო სუპერვარსკვლავი, არამედ გუნდი-სენსაციის ერთი კარგი მოთამაშე“, – როლან კურბისი.
ჩემპიონთა თასის მფლობელი იუვენტუსი ფრანგ ახალწვეულს თბილად შეხვდა. მიშელ პლატინის გზის გამგრძელებლად მიჩნეული ზიდანის წარდგენა 3 ივლისს მოეწყო.
მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი კარგად ხედავდა, რომ იუვენტუსის კარი ძალიან ნიჭიერმა ფეხბურთელმა შეაღო და რომ მომავალი გუნდი სწორედ ფრანგის გარშემო უნდა აგებულიყო: „ზინედინი ფენომენალური შესაძლებლობების ფეხბურთელია. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მასთან კიდევ დიდხანს ვიმუშავებდი. დამიჯერეთ, მწვრთნელისთვის ასეთი დონის მოთამაშე დიდი ფუფუნებაა“.
აპენინის ნახევარკუნძულზე გატარებული პირველი სეზონი მშვენივრად დასრულდა: შავ-თეთრი მაისურით ზიზუმ ერთმანეთის მიყოლებით მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი, გაზაფხულზე კი სკუდეტო.
ბავშვობის კერპს, ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელს, ენცო ფრანჩესკოლის ზიზუ სწორედ იუვენტუსში გადასვლის შემდეგ შეხვდა. საკონტინენტთაშორისო თასზე ტურინელები ბუენოს აირესის რივერ პლეიტს დაუპირისპირდნენ, ფრანჩესკოლი სწორედ სამხრეთამერიკულ კლუბში თამაშობდა. ის ფინალი იუვემ ალესანდრო დელ პიეროს გვიანი გოლით მოიგო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ზიზუმ ენცოს მაისური გაუცვალა.
„ფრანჩესკოლი დიდებული ფეხბურთელია! მარსელის ოლიმპიკში რომ თამაშობდა, უბრალოდ შეუდარებელი გახლდათ! ძალიან მიყვარდა, ვცდილობდი მისთვის მიმებაძა, საწოლთან კი მისი უშველებელი პლაკატი მქონდა გაკრული. ჩემთვის მასზე მაგარი ფეხბურთელი არ არსებობდა, პლატინიზე წინ ვაყენებდი“! – იტყვის ერთ-ერთ ინტერვიუში ზიზუ. სხვათა შორის, პირველ ვაჟს ენცო სწორედ ფრანჩესკოლის პატივისცემის ნიშნად დაარქვა.
სადებიუტო, 1996-97 წლების სერია აში ზიდანმა ხუთი გოლი გაიტანა. იტალიაში გადასულს ეგონა, რომ მეტ ბურთს შეაგდებდა, მაგრამ არ გამოუვიდა: „პირველ მატჩებში მეტოქის მოტყუებას და უმალ კარში დარტყმას ვცდილობდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ასე შორს ვერ წავიდოდი – როგორც კი ერთ მეურვეს ჩამოვიშორებდი, მეორე მოდიოდა, მათთან ფინტებში კი დიდ დროს ვკარგავდი. ამიტომ, გავცდებოდი თუ არა ერთს, უმალ თავისუფალ თანაგუნდელს ვეძებდი და ბურთსაც ვაწვდიდი. ასეთი თამაში გაცილებით შედეგიანი იყო“.
1997-98 წლების სეზონში იუვენტუსი კიდევ უფრო ძლიერად თამაშობდა და როგორც სერია აში, ჩემპიონთა ლიგაზეც ერთიმეორის მიყოლებით ანგრევდა მეტოქეებს. ტურინელებმა იტალიის უძლიერესი კლუბის სახელი კი შეინარჩუნეს, მაგრამ ევროსარბიელზე ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ. ფინალი ამჯერად მადრიდის რეალთან დათმეს – სამეფო კლუბმა ერთადერთი გოლი შეაგდო და ოცდათორმეტწლიანი შესვენების შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი.
„მაშინ პირველად ვიფიქრე, რომ გადამწყვეტ მატჩებში გამარჯვებას ვერასდროს შევძლებდი – ზედიზედ სამი ევროფინალის წაგება მანადგურებდა“, – იხსენებს ზიზუ.
იმავე სეზონში, 28 იანვარს, პარიზის გარეუბან სენ-დენიში ულამაზესი სარბიელი – სტად დე ფრანსი გაიხსნა. პირველ შეხვედრაში ფრანგებმა ესპანეთს უმასპინძლეს და 1:0 გაიმარჯვეს. დიდი ვერაფერი თამაში გამოდგა, მაგრამ ზიზუსთვის ის დაუვიწყარია – გამარჯვების გოლი მან შეაგდო!
მომქანცველი სეზონის შემდეგ, ზედ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, როცა ნაკრების შემადგენლობაში უდიდესი საფეხბურთო ტურნირსთვის ემზადებოდა, იუვენტუსმა ახალი კონტრაქტი დაუდო – ფრანგი იტალიურ გრანდში 2005 წლის 1 ივლისამდე რჩებოდა. ძველი შეთანხმება 2003 წლის 30 ივნისს იწურებოდა.
(II ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (გაზეთი სპორტი; 2006 წლის 18 ივლისი)