ზიზუ: ლეგენდის დასასრული (IV)

„ვილტორის გოლი ჰაერივით საჭირო იყო – შვება ვიგრძენით და მივხვდით, რომ შოკირებული იტალია არც ისეთი სახიფათო იყო, მანამდე რომ გვეგონა. იმ წამებში, როცა დამატებითი დროისთვის ვემზადებოდით, ყველას გვჯეროდა, რომ თასს მეტოქე კი არა, ჩვენ მოვიგებდით“, – ეს სიტყვები ზიზუმ გაძეტა დელო სპორტს განუცხადა იტალიაში დაბრუნების შემდეგ.

2000 წლის დეკემბერში კვლავ ის ითვლებოდა ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმის მთავარ ფავორიტად, მაგრამ კონტინენტის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და ოქროს ბურთი პორტუგალიის ნაკრების ლიდერს, ლუიშ ფიგუს ერგო.

ზიზუს შანსებზე ძალიან იმოქმედა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ჰამბურგთან ტურინულ შეხვედრაში მიღებულმა წითელმა ბარათმა და მას მოყოლილმა ხუთმატჩიანმა დისკვალიფიკაციამ. თავის მხრივ, ფიგუს შანსები მას შემდეგ გაათმაგდა, რაც ევრო 2000ის დასრულებისთანავე ბარსელონიდან მადრიდის რეალში გადაბარგდა, თან არნახულ, სარეკორდო თანხად.

თუ ოქროს ბურთი პორტუგალიელს დარჩა, სამაგიეროდ ფიფას პრიზი და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტული ზიდანს ერგო.

2000-01 წლების სერია ას ფინიშზე ერთი წლის წინანდელი ამბავი განმეორდა – იუვენტუსმა სკუდეტო უკანასკნელ ტურში დაკარგა, ჩემპიონობა კვლავ დედაქალაქის კლუბმა, მაგრამ ამჯერად რომამ იზეიმა და ზიდანიც არდადეგებზე იტალიის ვიცე-ჩემპიონის რანგში წავიდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ სანამ ზიზუ ოჯახთან ერთად ჰავაიზე ისვენებდა, მადრიდის რეალი ტურინულ გრანდთან საუკუნის ტრანსფერის დეტალებს აგვარებდა.

„ფიფამ XX საუკუნის ნომერ პირველ კლუბად გვაღიარა. ჩვენი სურვილია ეს ტიტული XXI საუკუნეშიც შევინარჩუნოთ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. რეალი უძლიერესია და მასში მხოლოდ ვარსკვლავებმა უნდა ითამაშონ“! – განაცხადა ფლორენტინო პერესმა, ვინც პრეზიდენტის პოსტზე ლორენსო სანსი შეცვალა და გულშემატკივრების გასახარად, ფიგუ გადაიბირა.

ამბიციური პრეზიდენტის მორიგი სამიზნე ზინედინ ზიდანი იყო და ამას არც მალავდა. ხსენებული განცხადებიდან სამ დღეში ესპანურ პრესაში პირველად დაიწერა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ახალ სეზონს სამეფო კლუბში დაიწყებდა, კიდევ ორ დღეში კი რეალმა ტრანსფერი დაადასტურა – ზიდანმა იუვენტუსი 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა!

ფრანგი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა!

გარუჯული და კარგად დასვენებული ზიზუ სამი დღით მადრიდში ჩავიდა – სამეფო კლუბის კუთვნილი თვითმფრინავი ტოხონეში, დედაქალაქთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე დაეშვა, იქედან კი ფრანგი რეალის ოფისში აფრინეს. ოთხწლიანი კონტრაქტიც იმ დღეებში გაფორმდა – ხსენებულ პერიოდში ზიზუს საბანკო ანგარიშზე 14 მილიონი გირვანქა სტერლინგი ჩაირიცხებოდა.

ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა რეალის დიდების დარბაზში კი არა, როგორც ეს მანამდე ხდებოდა, არამედ კლუბის ბაზაზე, სიუდად დეპორტივოზე მოეწყო. მიზეზი მარტივია – დარბაზი ღონისძიებაზე დასწრების ყველა მსურველს ვერ იტევდა.

რეალის ქათქათა მაისური, რომელსაც ციფრი ხუთი ამშვენებდა, ახალწვეულს პერესმა და საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ გადასცეს.

„ამ ნომრით ჩვენი ლეგენდა, მანუელ სანჩისი თამაშობდა. დიდი იმედი მაქვს რომ ზინედინ ზიდანი არანაკლებ კვალს დატოვებს ჩვენი კლუბის ისტორიაში“, – განაცხადა სენიორ ფლორენტინომ.

ორ კვირაში რეალმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო – შვეიცარიაში გაემგზავრა და ფრანგმაც კლუბის მაისური პირველად იქ მოირგო, ლოზანასთან 2:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში. რამდენიმე დღეში პირველი გოლიც შეაგდო – სამეფო კლუბმა ნიონი 12:1 გაანადგურა, ზიზუმ კი ანგარიში გახსნა.

რატომ რეალი? ფრანს ფუტბოლის ამ კითხვას ზიზუმ ასე უპასუხა: „რეალის ტრადიციები მხიბლავს, მუზეუმში შესული კი ვხვდები, რომ აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშო. რეალი საუკეთესო კლუბია, ესპანეთის ჩემპიონატი ახალი გამოწვევაა და რაც მთავარია, მაინტერესებს როგორი იქნება სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში – იქ ხომ ჯერ არასდროს გამიგორებია ბურთი“.

და იუვე? „იუვენტუსი გრანდია. ძალიან მიყვარს ეს კლუბი – იქ ფანტასტიკური ხუთი წელიწადი გავატარე და ბევრი ტიტული მოვიგე. რა დროც უნდა გავიდეს, იუვე ყოველთვის მეყვარება, მაგრამ თავგადასავლებიც მხიბლავს და ამიტომ გადავედი ახალ კლუბში. იმედია ტიფოზები გამიგებენ“.

„ის სრულყოფილია. ახლა მთავარია ხელი შევუწყოთ და გუნდში დამკვიდრება გავუადვილოთ“, – განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ, რეალის მთავარმა მწვრთნელმა.

პრეზიდენტმა თავის პირველი გალაქტიკო მას ანდო, 70იანი წლების მიწურულის რეალის გამორჩეულ ფეხბურთელს და შემდგომში ასაკობრივი გუნდების წარმატებულ მწვრთნელს.

სადებიუტო, 2001-02 წლების სეზონი დიდებულად დაიწყო და დასრულდა – ზიდანის ახალმა კლუბმა ჯერ ესპანეთის სუპერთასით გაიხარა, გაზაფხულზე, მსოფლიო ჩემპიონატის წინ კი მორიგი ჩემპიონთა თასიც ჩაიბარა.

და ზიზუმაც, ბოლოს და ბოლოს, ევროთასი მოიგო! არადა 1996 წელს ჯერ ბორდოს შემადგენლობაში წააგო უეფას თასის ფინალი, 1997 და 1998 წლებში კი იუვენტუსთან ერთად დამარცხდა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გადამწყვეტ შეხვედრებში.

იუვენტუსში მიღებული ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო ჯგუფურ ეტაპზე თითქმის არ უთამაშია, მაგრამ ფლეი-ოფში დიდებული იყო, ფინალში კი კლაუს ტოპმიოლერის მომზადებულ ლევერკუზენის ბაიერთან ზღაპრული გოლი შეაგდო.

ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფს ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასები მოჰყვა, თუმცა მანამდე კორეა-იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი იყო, სადაც როჟე ლემერის გუნდი… ჩაფლავდა.

ზიზუ მცირე ტრავმით შეხვდა ფიფას თასის გათამაშებას, თუმცა ამის მიუხედავად, საფრანგეთი მაინც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა – გუნდში ხომ სერია ას, პრემიერლიგის და საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები თამაშობდნენ: დავიდ ტრეზეგე, ტიერი ანრი და ნიკოლა ანელკა. მაგრამ ამ სამეულმა მსოფლიო ჩემპიონატზე ერთი გოლიც ვერ გაიტანა და შესაბამისად, ჩემპიონმა აზია ჯგუფური ეტაპის შემდეგ დატოვა.

2002-03 წლების სეზონში რეალმა კიდევ ერთხელ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. ამ გამარჯვებაში თავის წვლილი შეიტანა ზიდანმა, რომელსაც ფიფამ წლის მიწურულს მესამედ მიანიჭა წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება. ამით ზიზუ ბრაზილიელ თანაკლუბელს, ლუის ნაზარიუ დე ლიმა რონალდოს გაუთანაბრდა, რომელმაც 1996, 1997 და 2002 წლებში მოიგო ეს პრიზი.

რა რა და აღიარება და თასები ზიდანს არასდროს აკლდა. ამის დასტურია 2004 წლის გაზაფხულზე უეფას ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის გამოკითხვაც: ორგანიზაციის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალისტებმა 1954-2004 წლების ევროპის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. შთამბეჭდავ ჩამონათვალს ზინედინ ზიდანი ჩაუდგა სათავეში! ფრანც ბეკენბაუერი მეორე იყო, იოჰან კრუიფი მესამე.

კორეა-იაპონიაში კრახის შემდეგ საფრანგეთმა ევროპის უძლიერესი გუნდის სახელიც დაკარგა – ევრო 2004ს მეოთხედფინალში, მომავალ ჩემპიონ საბერძნეთთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

იმ მატჩის შემდეგ ზიზუს კარგა ხანს აღარ უთამაშია ნაკრებში, მაგრამ გერმანია 2006ის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ნახევარში, როცა საფრანგეთს გვარიანად გაუჭირდა, დაბრუნდა.

ზიდანის არყოფნაში ფრანგებმა თერთმეტჯერ ითამაშეს და ერთხელაც ვერ მოახერხეს მატჩში სამი გოლის გატანა. ზიზუს გამოჩენა და გოლების ფოიერვერკი ერთი იყო – 2005 წლის 17 აგვისტოს რაიმონ დომენეკის გუნდმა კოტ-დივუარი ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა, მეორე ბურთი კი 62ე წუთზე სწორედ ზიდანმა შეაგდო.

2006 წლის იანვარში, ლა ლიგაში სევილიასთან დაპირისპირებისას, ზიზუმ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა – სამი გოლი გაიტანა! ეს მის კარიერაში პირველი და უკანასკნელი ჰეთ-თრიქი იყო.

მაგრამ 2005-06 წლების სეზონი, ისევ როგორც წინა ორი, რეალმა ტიტულის გარეშე დაასრულა და ალბათ, ამიტომ თუ გადაწყვიტა ფრანგმა კარიერის დასრულება – 26 აპრილს განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთს გამოეთხოვებოდა. დიეგო არმანდო მარადონამ მის გადაწყვეტილებას უდიდესი შეცდომა უწოდა.

27 მაისს ზიზუმ უკანასკნელად ითამაშა საფრანგეთში ნაკრების მაისურით – სამფეროვნებმა მექსიკა 1:0 დაამარცხეს. ეს მისი საიუბილეო, მეასე მატჩი იყო ეროვნულ გუნდში. მარსელ დესაის, ლილიან ტურამის და დიდიე დეშამის შემდეგ ზიდანი მხოლოდ მეოთხე ფრანგი გახდა, ვინც ასიანთა კლუბში შეაბიჯა.

გერმანია 2006 კი საფრანგეთმა მძიმედ დაიწყო, თუმცა ფლეი ოფში დიდებულად ათამაშდა: ჯერ ესპანეთი დაამარცხა – 3:1 (ზიზუმ ბოლო გოლი შეაგდო), მეოთხედფინალში კი მსოფლიოს ჩემპიონ ბრაზილიას აჯობა – 1:0 (ტიერი ანრიმ ერთადერთი ბურთი ზიდანის პასით გაიტანა). ამ თამაშში ფრანგთა კაპიტანი უბრალოდ შეუდარებელი იყო, ბევრმა მრავლისმნახველმა სპეციალისტმა თქვა, რომ ბრაზილიის წინააღმდეგ ზიდანის მსგავსად არავის უთამაშია.

ნახევარფინალში საფრანგეთი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა პორტუგალიას და ისევე როგორც ევრო 2000ზე, ახლაც გაიმარჯვა. ზიდანის გვარი კვლავ ტაბლოზე ენთო.

და როგორც ექვსი წლის წინ ბელგია-ჰოლანდიაში, თასის მფლობელი ისევ საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირებას უნდა გამოევლინა.

ბერლინის პირთამდე სავსე ოლიმპიაშტადიონზე პირველად რაიმონ დომენეკის გუნდი დაწინაურდა – თერთმეტმეტრიანი ზიდანმა სარისკო, მაგრამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და შემდეგ ჩაეშვა ჯანლუიჯი ბუფონის კარში.

ეს ზიზუს მესამე გოლი იყო მსოფლიო ჩემპიონატების ფინალებში და ამ საოცარი სტატისტიკური მიღწევით ის ლეგენდარული ბრაზილიელების ვავას და პელეს, ასევე ინგლისელი ჯეფრი ჰერსტის გვერდით დადგა. ამავდროულად, დიადმა ფრანგმა მეორე ფინალში გაიტანა გოლი, ასეთი რამ კი მანამდე მხოლოდ იმავე ვავამ და პელემ, ასევე გერმანელმა პაულ ბრაიტნერმა მოახერხეს.

იტალიამ მალევე გაათანაბრა – მარკო მატერაციმ ეფექტური გოლი გაიტანა თავით, კუთხურის შემდეგ.

დაძაბული ფინალის მიწურულს კი გოლების ავტორებმა იჩხუბეს – მატერაციმ რაღაც უთხრა ზიდანს, ფრანგთა კაპიტანმა იტალიელს არაფერი დაუთმო, თავი მკერდში აძგერა და…

წითელი ბარათი!

წითელი ბარათი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში!

წითელი ბარათი კარიერის უკანასკნელ მატჩში!

ზიდანი დიდი ფეხბურთიდან მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებით, მაგრამ ვერცხლის მედლით წავიდა – ისტორიაში მეორედ ჩემპიონი პენალტების სერიაში გამოვლინდა. თასი იტალიას დარჩა.


დღეს ის დილით ადრე დგება და შვილებს ასეირნებს, საღამოს კი ოჯახთან ერთად კინოთეატრს ან მეგობრებს სტუმრობს.

„ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობს ზიზუ.

ასეთია მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელგანთქმული და მდიდარია, ისევ ის ზიზუა, მარსელის ქუჩებში რომ გაიცნებს ბიჭებმა: კვლავ სიამოვნებით უქცერს ფილმებს პიერ რიშარის და ფილიპ ნუარეს მონაწილეობით, ძველებურად უყვარს ფორმულა 1ის რბოლები და საჩოგბურთო ტურნირები და ისევ იმ აზრზეა, რომ ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშია.

 

ლაშა გოდუაძე (გაზეთი სპორტი; 2006 წლის 20 ივლისი)

ka_GEGeorgian