ზლატან კაიუს ანტივირუსი

ანტივირუს – ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ ერთი სიტყვით გამოეხმაურა ახალ გამოწვევას. შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ფრანგულ კომედიაში ასტერიქსი და ობელიქსი ერთ-ერთ როლს შეასრულებს.

ასტერიქსის და ობელიქსის მხიარული თავგადასავლის მეხუთე სერიის გადაღება შარშან უნდა დაეწყოთ, მაგრამ მსოფლიო პანდემიის გამო „შუა იმპერიაზე“ მუშაობა მხოლოდ ახლა იწყება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომაელის, კაიუს ანტივირუსის როლს შეასრულებს, მასთან ერთად კი ფილმში ვიხილავთ ოსკაროსან მერიონ კოტილიარს (კლეოპატრა) და ჟილ ლელუშს, ვინც ობელიქსს განასახიერებს. ფილმის რეჟისორი გიიომ კანე ასტერიქსად გადაიქცევა.

ოფიციალური ინფორმაციით, ფილმის ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ანაზღაურების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 12 აპრილი)
კარიკატურა:
ომარ მამანი

ka_GEGeorgian