ზლატანის დაბრუნება
ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებს დაუბრუნდა! გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მილანის ვეტერან თავდამსხმელს მარტის მიწურულს დანიშნული შესარჩევებისთვის უხმო.
შვედები კატარი 2022ის საკვალიფიკაციო ეტაპს… საქართველოსთან მატჩით იწყებენ. თამაში სტოკჰოლმში გაიმართება.
იბრაჰიმოვიჩი 39 წლის კია, მაგრამ ასაკის კვალობაზე მშვენიერ სეზონს ატარებს: ყველა ტურნირზე 21ჯერ ითამაშა მილანის მაისურით და 16 ბურთი შეაგდო, მათ შორის 14 სერია აში.
2016 წლის 22 ივნისს, ნიცაში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ბელგიასთან 0:1 წაგების შემდეგ მას ნაკრებში აღარ უთამაშია. იმ დღეს ის 116ედ გამოჩნდა მინდორზე.
ლურჯ-ყვითელი მაისური კი პირველად ზუსტად 20 წლის წინ, 2001 წლის 30 იანვარს მოირგო ფარერის კუნძულებთან 0:0 დასრულებულ შეხვედრაში.
116 სანაკრებო კეპით იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნული გუნდის ისტორიაში მეშვიდეა, სამაგიეროდ პირველია გატანილი გოლებით – 62 ბურთი შეაგდო, მათ შორის 7 პენალტი.
ზლატანმა 2ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი, კიდევ 2ჯერ კი 4 გოლი გაიტანა. ერთ-ერთი ნაღდად გემახსოვრებათ – 2012 წლის 14 ნოემბერს სკანდინავიელებმა ინგლისელები სტოკჰოლმში 4:2 დაჩაგრეს და ყველა გოლი იბრაჰიმოვიჩმა შეაგდო, მათ შორის ერთ-ერთი კი განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა – ლამის ცენტრიდან დაარტყა მაკრატელა!
აქვე ერთი საინტერესო ფაქტიც: საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიაში შვედეთის ნაკრები 66ე მეტოქეა, ხოლო ევროპიდან – 47ე. რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, თუ მან ჯვაროსნების წინააღმდეგ ითამაშა, ნაკრების მაისურით 63ე გუნდს დაუპირისპირდება.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 16 მარტი)