ზურაბ აზმაიფარაშვილი ესკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატია

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ქართველი დიდოსტატის კანდიდატურა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დღეს ბათუმში, სასტუმრო შერატონში გამართულ ევროპის საჭადრაკო კავშირის სხდომაზე წარადგინა.

ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებს ბათუმი შემოდგომით, ოლიმპიადის დღეებში უმასპინძლებს. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ესკ-ის ბორდის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ასევე ევროპის ქვეყნების საჭადრაკო ფედერაციების მაღალჩინოსნები დაესწრნენ, წუთიერი დუმილით დაიწყო – შეკრებილებმა რუსეთის ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წელს აირჩიეს. ბათუმში, მისასალმებელ სიტყვაში მან განაცხადა:

„ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. განვლილი 4 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან ვთვლი, რომ ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი გუნდის სლოგანი: გასაკეთებელი კიდევ ბევრია!

დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს, რომელმაც ჩემი კანდიდატურა წამოაყენა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ამ შემთხვევაში კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პირადად მინისტრის მოადგილეს, შალვა გოგოლაძეს. ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ჭადრაკის განვითარებისთვის და მჯერა, ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.

რაც შეეხება გეგმებს, თქვენ გაეცანით ჩემს პროგრამას და პროექტებს. ესკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას მე და ჩემმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დავასრულეთ, ჩემს მთავარ მიღწევად კი მიმაჩნია ის, რომ ორგანიზაცია გახდა ერთსულოვანი. კონკრეტულ საკითხებზე, შესაძლოა, სხვადასხვა შეხედულებისანი ვართ, მაგრამ ვიცით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მხოლოდ ჭადრაკის განვითარებისთვის უნდა ვიღვაწოთ.

დარწმუნებული ვარ ევროპის ერთიანი საჭადრაკო ოჯახის მხარდაჭერის შემთხვევაში წინ უკეთესი წლები გვექნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემს გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია.

ამის საუკეთესო მაგალითია დიდოსტატი, უმშვენიერესი ქალბატონი დანა რეზნიცე-ოზოლა, რომელიც ლატვიის ფინანსთა მინისტრიც გახლავთ. ჩემი ხედვით, ის ნამდვილი ლიდერია და როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ბათუმი უმასპინძლებს, ქალაქი, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება ვიზეიმე და ადგილი, რომელსაც უმშვენიერესი მოგონებები უკავშირდება“.

სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ესკ-ის ბორდის სხდომას ზურაბ აზმაიფარაშვილის მრჩეველი ალექსანდრ ჩერნოვი, ესკ-ის ვიცე-პრეზიდენტი იონ-სერბან დობრონაუტეანუ და გენერალური მდივანი თეოდოროს ცორბაცოღლუ, ორგანიზაციის ხაზინადარი მარტინ უბა, ბორდის წევრები და სხვადასხვა ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციების პრეზიდენტები და მესვეურები დაესწრნენ.

ხვალ, 28 მარტს, ოფიციალური პირები ბათუმის სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა სწორედ იქ გაიმართება.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 27 მარტი)
ფოტო:
ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian