ევრო 2025: კვლავ პორტუგალია… იქნებ მესამედ?

შარშანდელი სიტუაცია მაგონდება. 2024 წლის ივნისში, როცა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, მერვედფინალში გასვლის საკითხი მხოლოდ ბოლო ტურში გაირკვა.

საქართველოს მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები იყო.

საქართველომ 2:0 დაამარცხა პორტუგალია და ფლეი ოფში გავიდა.

ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები, შესარჩევი ტურნირის გავლით, პირველად თამაშობს ევროჩემპიონატზე. ისევე, როგორც გერმანია 2024-ის ჯგუფში, ახლაც მესამე ტურში გადაწყდება, შეძლებს თუ არა საქართველო, ამჯერად უკვე რამაზ სვანაძის ახალგაზრდული გუნდი, პირველი ეტაპის დაძლევას.

მეტოქე კვლავ პორტუგალიაა და ის ევრო 2025-ის ერთ-ერთი ფავორიტია, ხოლო ამ წუთისთვის ჯგუფის ლიდერიც. დღევანდელ თამაშს ქალაქი ტრენჩინი უმასპინძლებს.

გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა:

„ნაკრებმა ბევრი რამ დაამტკიცა, მათ შორის ისიც, რომ ხვალინდელი თამაშის ანგარიშის მიუხედავად, გუნდი შედგა და ის ერთ-ერთი საუკეთესოა ასაკობრივების ისტორიაში. წარმატებული იყო ახალგაზრდულის წინა თაობა და წარმატებულია ესეც…

რთული თამაში გველის. ჩემი გუნდის მთავარი მიზანი სასურველი შედეგის მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, რომ საამისოდ ყველაფერი გაკეთდება…

არ ვიცი რა ანგარიშით დასრულდება პორტუგალიასთან მატჩი, მაგრამ მსურს ბიჭებს მივმართო: მოედანზე უნდა ვნახო ის გუნდი, რომელიც ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში გვყავდა“.

რამაზ სვანაძე ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ზედიზედ მეორე ევროჩემპიონატზე მონაწილეობს და ჯგუფურტ ეტაპზე კვლავ ხვდება პორტუგალიას. პირველი შეხვედრა მწვრთნელს და ჩვენი ფეხბურთის ქომაგებს კარგად უნდა ახსოვდეთ. 2023 წლის 21 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველომ გიორგი გაგუას და საბა საზონოვის გოლებით 2:0 დაამარცხა მეტოქე. იმ გამარჯვებით საქართველომ ევრო 2023 დაიწყო, დღევანდელი თამაშით კი ჩვენი გუნდი ჯგუფს ასრულებს.

ქართველ ჟურნალისტებს რამაზ სვანაძესთან ერთად შეხვდა საფრანგეთთან თამაშის ერთ-ერთი გმირი გიორგი აბუაშვილი. ფეხბურთელმა, ვინც 14 ივნისს ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საგოლე გადაცემა შეასრულა, თქვა:

„ამ ნაკრებს განსხვავებული ხასიათი აქვს და ვეცდებით სწორედ ეს ხასიათი, ეს ერთობა ვაჩვენოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ქვეყანა“.

მწვრთნელის და ფეხბურთელის სიტყვებში ბრძოლის სურვილს ვხედავ და ეს, დასამალი არაფერია, ძალიან მომწონს. რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ნაკრები პირველ რიგში მებრძოლი გუნდია და ეს, პოლონეთთან და საფრანგეთთან მატჩებს რომ თავი დავანებო, შესარჩევ ტურნირშიც დაამტკიცა. სწორად შერჩეული ტაქტიკით და თავდადებული თამაშით შეძლეს ბიჭებმა, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველებმა, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და ფინალურ ეტაპზე გასვლა.

მჯერა, რომ ეს გუნდი დღესაც ბოლომდე იბრძოლებს. სხვა საქმეა, ეყოფა თუ არა ჯანი და გამძლეობა ტრავმებით ისედაც დაზარალებულ ნაკრებს. პირველმა ორმა თამაშმა ნათლად გვიჩვენა, რომ ამ შემადგენლობას დაშავებულები ძალიან დააკლდნენ.

პორტუგალიის ეს ახალგაზრდული ნაკრები კი სიმპათიური გუნდია. რუი ჟორჟეს ბიჭებს პირველ შეხვედრაში, საფრანგეთთან, არ გაუმართლათ, თორემ სამი ქულით დაიწყებდნენ ჩემპიონატს. მეორე ტურში კი მათ უბრალოდ წალეკეს პოლონეთის ნაკრები, პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს, შესვენების შემდეგ კი ივარჯიშეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 5:0.

ორი ტურის შემდეგ პორტუგალიას ბურთების საუკეთესო შეფარდება აქვს ამ ევროზე, +5. მსგავსი შედეგი აქვს გერმანიასაც, მაგრამ მათგან განსხვავებით პორტუგალიას ჯერ გოლი არ გაუშვია. ეს მშრალი ციფრები ერთზე მიუთითებს: ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე დაცვაში საიმედოა, შეტევაში კი სახიფათო.

პორტუგალიის ამ ნაკრებიდან მიმომხილველები რამდენიმე ფეხბურთელს გამოარჩევენ, ყველაზე ხშირად კი მარჯვენა გარემარბზე, ჯოვანი კუენდაზე წერენ და საუბრობენ. ერთ-ერთ გამოცემაში წავიკითხე, რომ ეს თვრამეტი წლის ბიჭი სლოვაკეთი 2025-ის აღმოჩენა გახდება.

პორტუგალია-პოლონეთის შეხვედრა თუ ნახეთ, დამეთანხმებით: კუენდამ ლამის მარტომ მოუთავა საქმე მეტოქეს: მე-16 და 24-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, 30-ე წუთზე კი ენრიკე არაუჟოს დაეხმარა გოლის გატანაში. რა გასაკვირია, რომ უეფამ ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია.

გვინეა-ბისაუში დაბადებული ბიჭი სპორტინგის საკუთრებაა. ლისაბონური გრანდის პირველ გუნდში ის რუბენ ამორიმმა დააწინაურა განვლილი სეზონის სტარტზე, როცა 3 აგვისტოს, პორტუსთან პორტუგალიის სუპერთასზე ათამაშა. სპორტინგმა 3:4 წააგო, თუმცა კუენდამ ერთი გოლი გაიტანა და 17 წლის და 95 დღისა სახელოვანი გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.

სექტემბერში კლუბმა ახალი ხელშეკრულება გაუფორმა, კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ასი მილიონი ევრო ჩაიწერა, ოქტომბერში კი კუენდამ პორტუგალიის ჩემპიონატშიც გაიტანა გოლი და უკვე სიმაო საბროსას და კრიშტიანუ რონალდუს მიღწევები დაამხო.

ტრიუმფით დასრულებული სეზონი (სპორტინგმა პირველობაც მოიგო და თასიც) თინეიჯერმა მშვენიერი სტატისტიკით დახურა: 3 გოლი 53 თამაშში, ცოტა ხნის წინ კი მისი მომავალი კლუბიც გაირკვა: სპორტინგმა დაადასტურა, რომ 2026 წლის ზაფხულში ჯოვანი კუენდა პრემიერლიგას, ლონდონის ჩელსის მიაშურებს.

პორტუგალიასთან მატჩი საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენმა გუნდმა ჯგუფი მოიგო, მეოთხედფინალში D ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში კი რამაზ სვანაძის ნაკრების მეტოქე დანია იქნება.

დანია ერთადერთია, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი და ფლეი ოფი საწყისი ორი ტურის შემდეგ გაინაღდა. სტარტზე უკრაინასთან დრამატული გამარჯვების შემდეგ, 3:2 (ამ შეხვედრას ქართველ მსაჯთა სამეული მოემსახურა – გოგა კიკაჩეიშვილი, დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია), დანიელებმა ნიდერლანდებსაც მძიმე ბრძოლაში აჯობეს – 2:1. მიხაელ რაიციგერის გაწვრთნილი ნიდერლანდები კი, გემახსოვრებათ, ის გუნდია, რომელმაც საქართველოს, შვედეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მოლდოვას და გიბრალტარს ყველა, ათივე შესარჩევი თამაში მოუგო.

დღესვე გაირკვევა A ჯგუფის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი, ესპანეთი იტალიას ტრნავაში დაუპირისპირდება. ფლეი ოფის საგზური მათ უკვე მოიგეს, ევროჩემპიონატის მასპინძელი სლოვაკეთი და რუმინეთი ორივემ დაჯაბნა.

დღის მთავარი კითხვა კი მაინც ესაა: შეძლებს საქართველო პორტუგალიის ზედიზედ მესამედ დამარცხებას? ვნახოთ, მატჩამდე რამდენიმე საათი დარჩა.

ლაშა გოდუაძე
ტრენჩინი, სლოვაკეთი
2025 წლის 17 ივნისი
ფოტო: Nakrebi.ge
*-2025 წლის 17 ივნისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian