ეროვნული ნაკრების ისტორია: საქართველო 0:2 ინგლისი (I ნაწილი)
1996 წლის ოქტომბრის ბოლოს საშინლად მოვიწამლე, ძალიან ცუდად გავხდი და ლამის ორი კვირა ვერსად გავედი. იმ დღეებში საკუთარ თავზე უფრო თბილისის დინამოზე ვნერვიულოობდი. უეფას თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში, პორტუგალიის ბოავიშტასთან საყვარელი კლუბის გამარჯვება საკუთარი თვალით ვნახე ეროვნულ სტადიონზე, მაგრამ საპასუხო შეხვედრის წინ გული ცუდს მიგრძნობდა, ერთი წლით ადრე ტიროლთან რაც მოხდა, იგივე არ განმეორდეს-მეთქი.
აურაცხელი რაოდენობის წამლები, ექიმები, დიეტა… შინ გამოკეტილს ერთი სული მქონდა როდის დადგებოდა პორტუში თამაშის დღე. ტელეტრანსლაცია კი არა, პირდაპირი რადიორეპორტაჟიც ვერ მოხერხდა. მხოლოდ ის შევიტყვე, რომ თბილისის დინამოსთან ერთად მყოფი დავით ქლიბაძე მატჩიწ მიწურულს, რამდენიმე წუთით ჩაერთვებოდა საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში.
იმ საღამოს, ძილ-ბურანში მყოფმა, უფროსი კოლეგის ხმა გვიან გავიგონე. ვერაფრით გაგახარებთ, 0:4-ს ვაგებთო, თქვა ბატონმა დათომ და რამდენიმე წუთში მასპინძლებმა მეხუთე ბურთიც გაიტანეს. ეს უკვე მეტისმეტი იყო! საშინლად გაწბილებულმა იმ დროს ერთობ პოპულარული ფანრიანი რადიო გამოვრთე და დავიძინე.
საყვარელი კლუბის განადგურებამ ხომ მომკლა, მაგრამ მეორე დილიდან იმაზე ნერვიულობა დავიწყე, ინგლისის ნაკრებთან საშინაო თამაში არ გამოვტოვო-მეთქი. ბრიტანელები ერთ კვირაში უნდა ჩამოსულიყვნენ. როგორც ჩანს, ძალიან მინდოდა მატჩზე დასწრება, რადგან ნელ-ნელა მოვმჯობინდი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დასუსტებული ვიყავი, სტუმრების სანახავად ავლაბარში, სასტუმრო მეტეხში მისვლა მაინც შევძელი. ძმაკაცთან ერთად ჯერ გლენ ჰოდლის პრესკონფერენციას დავესწარი, ინგლისელთა მწვრთნელთან სამახსოვრო ფოტოც გადავიღე და ავტოგრაფიც გამოვართვი, შემდეგ კი ჰოლში დევიდ პლატი, ტონი ადამსი და ტედი შერინგემიც ვნახე. სხვებს აღარ დაველოდეთ და ამას დღემდე ვნანობ.
ადამსთან დაკავშირებით სასაცილო ამბავი შემემთხვა. პლატი ვიცანი და ფოტოს გადაღება ვთხოვე. სიამოვნებითო, დამთანხმდა. იქვე მისი თანაგუნდელიც ამომიდგა მხარში. ის ვერ ვიცანი, მაგრამ მომერიდა თქმა, თქვენთვის ფოტო არ მითხოვია-მეთქი… „უცნობი“ ტონი ადამსი ყოფილა. ამის გამო ინგლისური ფეხბურთის მოყვარული მეგობრები დღემდე მაშაყირებენ…
თამაშის წინა დღეს, 8 ნოემბერს, რუსთაველის პროსპექტზე, გამომცემლობა მერანის შენობაში ბინადადებულ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მივაკითხე და როგორც სპორტულმა ჟურნალისტმა, ნაკრების თამაშზე დასასწრები პირველი მედიააკრედიტაცია მივიღე. იმ დროს ვიცოდი, რომ ჩემი პირველი სამსახური, თბილისის დინამოს ოფიციალური საკლუბო გაზეთი, თვის ბოლოს დაიხურებოდა.
ეს ამბავი სულაც არ მადარდებდა, მთავარი იყო ჩვენებს თამაში მოეგოთ. მეც და ძალიან ბევრს გულუბრყვილოდ გვწამდა, რომ საქართველოს იმ ნაკრებს ინგლისელების ძლევა შეეძლო. დღეს მხოლოდ მეღიმება მაშინდელ განწყობაზე, მიამიტური, ზერელე ფიქრები იყო და ამიტომ.
9 ნოემბერს, დილით, მაშინდელ ლოკომოტივის სტადიონზე მივედი: ქართველი ჟურნალისტები ინგლისელ კოლეგებს ფეხბურთს ეთამაშებოდნენ. სტუმრებს ლამაზი მწვანე მაისურები ეცვათ, ჩვენებს კი რუხი ფორმა, მკერდზე კოკა კოლას ლოგოთი. სიმართლე გითხრათ, ვისიამოვნე. ნოემბერი კი იდგა, მაგრამ მზიანი დღე გაგვითენდა, თან ჩხუბიც ვნახე, რაც იმ წლებში არავის უკვირდა. მერე შევიტყვე, რომ ერთ-ერთ ქართველს ტრევორ ბრუკინგისთვის ჩაურტყია მუშტი… დასრულდა თუ არა თამაში, დიდუბისკენ ფეხით წავედი. ხოლო იქ, ეროვნულ სტადიონზე რაც მოხდა, ახლაც ჩინებულად მახსოვს.
ამ წერილში 1996 წლის შემოდგომის იმ დღეებს გავიხსენებ, როცა ლამის მთელი ქვეყანა ინგლისელებთან მოსაგებად ვემზადებოდით. შედეგმა ყველას თავზარი კი დაგვცა, მაგრამ რაღაცნაირად გადავიტანეთ მარცხი. ასეთ ამბებს თითქოს მიჩვეულები ვიყავით, ის წლები ხომ, საერთო ჯამში, ერთი დიდი იმედგაცრუება იყო. საფეხბურთო მარცხი კი არა, ისეთი პერიოდი იყო, ქვეცნობიერად ყველამ ვიცოდით, რომ რამენაირად თავი უნდა გაგვეტანა და გადავრჩენილიყავით…
* * *
იმ ზაფხულს ინგლისმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტერი ვენეიბლზის მომზადებული მასპინძელთა გუნდი მაშინ ნახევარფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან, პენალტების სერიაში. ზუსტად ისე, როგორც ექვსი წლით ადრე, იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში. ვისაც ის ორი თამაში გახსოვთ, სტიუარტ პირსიც უსათუოდ გემახსოვრებათ: იტალიაში მან პენალტი გააფუჭა, უემბლიზე კი გაიტანა და ემოციისგან კინაღამ ჭკუიდან შეიშალა.
ტერი ვენეიბლზი ევრო 96-ის დასრულებისთანავე გადადგა თანამდებობიდან. საფეხბურთო ასოციაციას მისი მემკვიდრე დიდხანს არ უძებნია, ლონდონის ჩელსის თავკაცს, ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, 80-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელ მოთამაშეს გლენ ჰოდლს უხმო. ოცდათვრამეტი წლის კაცმა, ვინც სამწვრთნელო საქმეს ხუთი წლით ადრე შეეჭიდა სვინდონ თაუნში, ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
„იმთავითვე მწვავდა ნაკრების მწვრთნელად გახდომის სურვილი. ჩემს პირველ კონტრაქტში ჩავაწერინე კიდეც, რომ თუ ასეთი სამუშაო გამოჩნდებოდა, გუნდიდან წავიდოდი. ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი გზა იყო და ადრე თუ გვიან ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას შემომთავაზებდნენ. სულ ამისკენ მივილტვოდი…
ინგლისმა ევროპის პირველობაზე კარგად ითამაშა და ასევე გაგრძელება აწი ჩემზეა. თუმცა, ახალი სისტემა ვენეიბლზისგან განსხვავებული იქნება. მე საჩემო ფეხბურთელებს დიდ ძებნას არ დავუწყებ. ვინმეს ახლავე თუ ვიპოვნი, თორემ დრო არ ითმენს, თამაშები მოსაგები გვაქვს…
არაფერზე ვშფოთავ. მშვენიერი გუნდი ჩავიბარე და თუ ვინმეს ნერვიულობა სურს, ეს ჩემი საქმე არ არის. ფეხბურთის თამაშის წინ ღამე არასდროს გამიტეხია და არც მომავალში მექნება ეს პრობლემა…
პირველი თამაშისთვის ყველაფერს, რაც საჭიროა, ვერ მოვასწრებ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ თანამოაზრეთა გუნდი შეკრებილი მეყოლება…
არის რაღაცები, რომელთა შესახებაც ფეხბურთელებთან საგანგებოდ დავილაპარაკებ. სულელი უნდა ვიყო პირდაპირ უხეში ცვლილებებით რომ დავიწყო“, – ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე გლენ ჰოდლმა ჟურნალისტების უამრავ კითხვას უპასუხა.
იმ დროს ყველამ იცოდა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის დებიუტი 1 სექტემბერს იყო დანიშნული მოლდოვის დედაქალაქში. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ინგლისი კიშინიოვში მატჩით იწყებდა, წლის ბოლომდე კი კიდევ ორ საკვალიფიკაციო შეხვედრას გამართავდა: 9 ოქტომბერს პოლონეთთან უემბლიზე და 9 ნოემბერს თბილისში, საქართველოსთან.
ჰოდლის დებიუტი დიდებულად დასრულდა, მოლდოვაში ინგლისელებმა ნიკ ბარმბის, პოლ გესქოინის და ალან შირერის სამი გოლით გაიმარჯვეს, პოლონელებს კი ამ უკანასკნელის დუბლით სძლიეს – 2:1.
პოლონეთთან არცთუ დამაჯერებელი თამაშის გამო პრესამ გუნდი მწვავედ გააკრიტიკა, დეილი მეილის საფეხბურთო მიმომხილველმა ნილ ჰარმანმა კი აღნიშნა:
„ჰოდლს უამრავი სამუშაო აქვს ხვალიდან 9 ნოემბრამდე, როცა ჩვენმა ნაკრებმა თბილისში უნდა ითამაშოს. სხვისი არ ვიცი და მე კი უკვე ტანში მაჟრიალებს, როცა წარმოვიდგენ, რა შეიძლება მოხდეს საქართველოს დედაქალაქში“.
წლის უკანასკნელი მატჩისთვის მიწვეული ფეხბურთელების სია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 1 ნოემბერს გაავრცელა:
მეკარეები: დევიდ სიმენი (ლონდონის არსენალი), იან უოქერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), დევიდ ჯეიმსი (ლივერპული)
მცველები: გარეთ საუთგეიტი (ბირმინგემის ასტონ ვილა), სტიუარტ პირსი (ნოტინგემ ფორესტი), გარი ნევილი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტონი ადამსი (ლონდონის არსენალი), სოლ კემპბელი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), დომინიკ მატეო (ლივერპული)
ნახევარმცველები: პოლ ინსი (მილანის ინტერი, იტალია), პოლ გესქოინი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია), დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი), სტივ მაკმანამანი (ლივერპული), დევიდ ბეტი (ნიუკასლ იუნაიტედი), ენდი ჰინჩკლიფი (ლივერპულის ევერტონი)
თავდამსხმელები: დევიდ პლატი, პოლ მერსონი, იან რაიტი (სამივე ლონდონის არსენალი), ნიკ ბარმბი (მიდლსბრო), ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი), მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი), ტედი შერინგემი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), რობი ფაულერი (ლივერპული).
საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების შეკრება 3 ნოემბერს, საღამოს 18 საათზე დაიწყებოდა სასტუმრო ბარნემ ბიჩში. მომდევნო დღეს გუნდი ორჯერ ივარჯიშებდა, 5 ნოემბერს კი დილით ვარჯიში, საღამოს კი პრესკონფერენცია იყო დანიშნული. 6 ნოემბერს დელეგაცია (ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები, ოფიციალური პირები) საქართველოს დროით 20:15 საათზე თბილისს ესტუმრებოდა. სასტუმროში დაბინავების შემდეგ ჰოდლის ბიჭები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე პირველად ივარჯიშებდნენ.
7 და 8 ნოემბრის „თბილისური“ განრიგი ერთნაირი იყო: დილით მთავარი მწვრთნელის და ფეხბურთელების პრესკონფერენცია სასტუმრო მეტეხში, 17 საათზე კი ვარჯიში მატჩის მასპინძელ სტადიონზე. 9 ნოემბერს, საქართველოს დროით 17 საათზე, თამაში იყო დანიშნული, რომლის დასრულებისთანავე, 21:15 საათზე სტუმრები ლუთონის აეროპორტისკენ აიღებდნენ გეზს.
ინგლისელთა განრიგი გულშემატკივრებმა სარბიელიდან შეიტყვეს, ზურაბ მეძველიას და დავით მჭედლიშვილის რეპორტაჟიდან. ლონდონში გამართულ გლენ ჰოდლის პრესკონფერენციას ქართველი ჟურნალისტებიდან მხოლოდ ისინი დაესწრნენ. ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი შემადგენლობის გამოცხადებას და ჟურნალისტებთან შეხვედრას 31 ოქტომბერს გეგმავდა სასტუმრო პარკ ქორთ ოტელში, მაგრამ პოლ გესქოინთან დაკავშირებული ცნობილი ისტორიის გამო, მედიასთან შეხვედრა ერთი დღით დაგვიანდა.
გაზას მაშინდელი „თავგადასავალი“ კი ჩემი თაობის გულშემატკივრებს, ვფიქრობ, კარგად ემახსოვრებათ: გლაზგო რეინჯერსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვინც ევრო 96-ზე ბრწყინვალე გოლი გაუტანა შოტლანდიის ნაკრებს, სანაკრებო შეკრების წინ ცოლს, შერილს სცემა. ოჯახური სკანდალის ფოტოები არაერთ გაზეთში გამოქვეყნდა. ფანებმა ფეხბურთელი აითვალწუნეს და მწვრთნელს მისი ნაკრებიდან მოკვეთაც მოსთხოვეს. საზოგადოება თვლიდა, რომ გესქოინს თბილისში კი არა, კიდევ დიდხანს არ უნდა ეთამაშა ნაკრებში.
ჰოდლის პრესკონფერენციაზე მისულ ზურაბ მეძველიას და დავით მჭედლიშვილს, ისევე როგორც მათ ინგლისელ კოლეგებს, ფურცელზე დაბეჭდილი მთავარი მწვრთნელის ოფიციალური განცხადება დაახვედრეს:
„ბოლო ორი კვირაა გესქოინისა და მისი ოჯახის პრობლემებს ვარჩევდი. ამ ხნის მანძილზე მე და პოლი სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და გულდასმით ვისაუბრეთ. ამავე დროს იგი სამჯერ შეხვდა ფსიქოლოგს საჭირო რჩევა-დარიგებების მისაღებად. ერთ ასეთ სეანსზე მეც გახლდით. ზოგმა სეანსმა ხუთ საათსაც გასტანა. ამას გარდა, პოლს ხშირად ვესაუბრებოდი ტელეფონით.
ახლა მშვენივრად მესმის მისი და მისი ოჯახის პრობლემები, რომლებიც ზოგჯერ მინდორზეც იჩენს ხოლმე თავს. ამაზე ბევრს ვერას ვიტყვი, ვხვდები, რომ რაღაც-რაღაცები საყოველთაო სჯა-ბაასის საგანი არ უნდა გახდეს, ამიტომაც, ბევრი რამ ჩვენ შორის დარჩება. რაც მთავარია და სასიხარულო, პოლი არ გაურბის ამ პრობლემებს და მჯერა, ჩემი და ფსიქოლოგთა რჩევების დახმარებით, ის მათ მოაგვარებს.
ჩემი გადაწყვეტილება ასეთია: გესქოინი ითამაშებს საქართველოში. ეს მან დაიმსახურა. ცხადია, მის საქციელს არასდროს შევაფასებ ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ახლა მეც, ისე როგორც ყველა, მისგან მაღალ სტანდარტებს ველი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველანი ადამიანები ვართ და რაღაც პრობლემები ყველას გვაწუხებს.
პოლმა იცის, რომ უნდა შეიცვალოს, ჩვენ კი არ უნდა მოვიმოქმედოთ ისეთი რამ, რაც მას მომავალში ავნებს. ახლა ყველა ჩვენგანის მიზანი საქართველოში სასურველი შედეგის მიღწევაა“.
პრესკონფერენცია, რომელიც ნახევარ საათს გაგრძელდა, მხოლოდ გესქოინის ამბებს დაეთმო. არცერთი კითხვა თბილისში დანიშნული მატჩის შესახებ. ინგლისელთა მთავარ მწვრთნელს საქართველოში თამაშზე მხოლოდ სარბიელის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ისიც ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ. ჰოდლმა თქვა:
„თბილისში პირველად ათი წლის წინ ვიყავი. მახსოვს, საბჭოთა კავშირის ნაკრებს 1:0 მოვუგეთ კრის უოდლის გოლით. ქალაქიც ლამაზი იყო და ხალხიც თბილი და სტუმართმოყვარე. ახლა ჯონ გორმანი (გლენ ჰოდლის თანაშემწე – ლ.გ.) იყო ჩასული თბილისში და მითხრა, რომ კარგი სიტუაციაა, სადაც კი გავიარე, ყველგან ბავშვები ბურთაობდნენ და საერთოდაც, ხალხი ფეხბურთზეა გადარეულიო. სასტუმროც მშვენიერი ყოფილა…
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექვსი თამაშის ვიდეოფირი ვნახე, მათ შორის ბოლო მატჩის იტალიასთან. თქვენმა გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, პერუჯის მეორე ტაიმი კი უბრალოდ ბრწყინვალე იყო…
გიორგი ქინქლაძე ძალიან კარგი და ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მე რაც ვნახე, საქართველოს ნაკრებს ქინქლაძის დარი კიდევ ოთხი-ხუთი მოთამაშე ჰყავს. ამას დაუმატეთ თქვენი ფანატიკური გულშემატკივრობა… დამიჯერეთ, თბილისში იოლ გასეირნებას არ ველი“.
პოლონელებთან უსახური გამარჯვების გამო ხომ გააკრიტიკეს ჰოდლი და თითქოს ეს არ კმარაო, ინგლისელთა თავკაცს გესქოინთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოც არანაკლებად მოხვდა. ყველა გამოცემას ვერ გავწვდები და რამდენიმე გაზეთში ამოკითხულ აბზაცებს გაგაცნობთ. ივნინგ სტანდარდით დავიწყებ:
„დღეს არად ჩააგდეს საზოგადოება და ეროვნულ გუნდში აიყვანეს ცოლის მცემელი კაცი. თბილისში ქულების მოპოვებას დახარბებულმა ინგლისური ფეხბურთის თავკაცებმა მორალი დაივიწყეს…
გაზა ეროვნული გმირია, ახალგაზრდებისთვის მაგალითი უნდა იყოს, ის კი ცოლს სცემს, ამიტომ მისი გაგზავნა უცხოეთში ინგლისის ღირსების დასაცავად გაუმართლებელია“.
დეილი მირორის ჟურნალისტმა ნაიჯელ კლარკმა პირადად ჰოდლს მიმართა:
„შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ გლენ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ თოკს, გაზას რომ გადაუგდე, ის ხელს მოკიდებს. შენ ძალიან პატიოსანი ხარ გლენ და გესმის, რომ ყველა ადამიანი ადამიანია, მაგრამ ისეთ რამ გააკეთე, შესაძლოა, სამსახურის დაკარგვად დაგიჯდეს.
დავუშვათ თბილისის მატჩამდე დარჩენილ დროში გაზა ტელეფონით ეჩხუბოს შერილს (ეს ყველას ესმის ხოლმე, ვინც მის სართულზე ცხოვრობს) და ეს გაბრაზება თბილისის სტადიონის მინდორზე გადაიტანოს. მაშინ? გაფრთხილებ გლენ, მხოლოდ დროის საკითხია როდის გიღალატებს გაზა.
შენ გამგებიანი კაცი ხარ გლენ. შენ გაუგე გაზას, მაგრამ მისთვის ერთი კარგი პანღური რომ გეკრა, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ გაზა მხოლოდ პანღურის ენას გაიგებს“.
არ მინდა ისე გამოჩნდეს, თითქოს გესქოინის გამოძახების გამო ჰოდლს მხოლოდ აკრიტიკებდნენ. ინგლისელთა თავკაცს დამცველებიც ჰყავდა და იმავე დეილი მირორში, კლარკის ზემოხსენებული წერილის გვერდით მისი კოლეგის, ჰარი ჰაროსის სტატია დაიბეჭდა. ჟურნალისტი თქვა:
„ჩემი აზრით ჰოდლმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ ჯერ არავის დაუწესებია ის ზღვარი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც ფეხბურთელი გუნდიდან გაირიცხება.
კარგით, ცოლის მცემელი უნდა გაირიცხოს. ლოთი? (აქცენტი ტონი ადამსზე, რომელმაც ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა რამდენიმე წლით ადრე – ლ.გ) გამოსწორებული ნარკომანი? (პოლ მერსონის გახმაურებული ისტორია – ლ.გ) საჭესთან ნასვამი მჯდომი? (იგულისხმება რობი ფაულერი – ლ.გ.)
მოკლედ, ჰოდლს რომ გაზა გაეგდო, მისთვის სხვებიც უნდა მიეყოლებინა. ჩვენს ფეხბურთში იმდენი ცოდვილია, ჰოდლს ნაკრების შესადგენად მონასტრების ჩემპიონატის ყურება და გუნდის მათით შედგენა მოუწევს.
და ბოლოს, არცერთი სხვა ერი და ქვეყანა არ გააგდებს კაცს ეროვნული გუნდიდან პირადი პრობლემების გამო. რა, არ ათამაშა ჰოლანდიამ კლუივერტი, მიუხედავად იმისა, რომ ევრო 96-მდე ცოტა ხნით ადრე მან მანქანით ადამიანი მოკლა“?
მსგავსი შინაარსის წერილები გამოქვეყნდა გაზეთ სანშიც. ეს გამოცემა, ინგლისის მთავარი გუნდის მხარდამხარ, საქართველოს ნაკრების შესახებაც უამბობდა მკითხველს. მაგალითად სტივ ჰოვარდმა მცირე ჩანახატი მიუძღვნა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ალექსანდრე ჩივაძეს და აღნიშნა, რომ თავის პოტენციალით საქართველო მსოფლიოს ოცეულში უნდა იყოს, მაგრამ ჩივაძის გამო ეს არ ხერხდებაო.
ჰოვარდის წერილში ამ სიტყვებსაც ამოიკითხავდით: „ალექსანდრე ჩივაძის უპირველესი მიზანი საკუთარი კარის უსაფრთხოებაა და მხოლოდ მერე – შეტევა. პერუჯაში მატჩის ბოლო ოც წუთამდე ქართველები ცენტრს არ გადასცილებიან, მერე კი აღმოჩნდა, რომ შეტევაც კარგი სცოდნიათ, ისეთი, რომ იტალიელები დააბნიეს კიდეც“.
გლენ ჰოდლს, პოლ გესქოინს და ინგლისის ნაკრებს დროებით აქ დავემშვიდობები და ჩვენ ამბებზე გადავინაცვლებ, იმ მოვლენებს გავიხსენებ, რაც ინგლისელთა სტუმრობას უძღოდა წინ.
თბილისის დინამოთი დავიწყებ, სადაც 1996 წლის ზაფხული და შემოდგომა გავატარე, როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნე, საკლუბო გაზეთში რიგით კორესპონდენტად ვმუშაობდი. დინამო მაშინ ჯერ კიდევ ნაკრების საბაზო გუნდი იყო და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ევროსეზონი პორტუგალიის ბოავიშტასთან 0:5 განადგურებით დაასრულა. უეფას თასის 1/16-ფინალის პირველ მატჩში, 15 ოქტომბერს, თბილისელებმა კახი გოგიჩაიშვილის ზუსტი პენალტით დაამარცხეს მეტოქე, თუმცა საპასუხო შეხვედრაში, 29 ოქტომბერს პორტუში, დუ ბესაზე 0:5 განადგურდნენ. ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის მანძილზე დინამომ ყველაზე მწარე მარცხი იწვნია.
დავით ყიფიანის გუნდმა პირველი ტაიმი 0:2 დათმო: რასელ ლატაპიმ მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, ჯიმი ფლოიდ ჰასელბეინკმა კი 25-ე წუთზე მეორე ბურთი გაუტანა ირაკლი ზოიძეს. პირველი ტაიმის მიწურულს დინამო ათი ფეხბურთელით დარჩა, მსაჯმა ზვიად ჯელაძე გააძევა. შესვენების შემდეგ ჯერ ჰასელბეინკმა შეასრულა დუბლი (55), შემდეგ ლატაპიმ (67), ხოლო ბოლოსწინა წუთზე ჟოზე ტავარეშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:5.
ბოავიშტასთან ორ თამაშს შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდული ნაკრები გუნდების თამაში ბათუმში გაიმართებოდა. ასევე ითქვა იმის შესახებაც, რომ საქართველო-ინგლისის თამაშის აფიშები გერმანიაში დაიბეჭდებოდა.
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, 21 ოქტომბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნოდარ ახალკაცის, სფფ-ის გენერალური მდივნის დავით კვინიკაძის და ალექსანდრე ჩივაძის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
„16 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე გვატემალა – კოსტა-რიკა, სტადიონზე ცხრა ათასი უბილეთო გულშემატკივარი შეიაპარ, რამაც საშინელი ჭყლეტვა გამოიწვია. შედეგი საშინელია, ოთხმოცზე მეტი დაღუპული და ასზე მეტი დასახიჩრებული. ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, ფიფამ გამოგვიგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენი ჩემპიონატის პირველი დივიზიონის თამაშებში წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი გვატემალაში დაღუპული გულშემატკივრების ხსოვნას. ეს ცერემონიალი ჩატარდა მერანი-გურიის მატჩის წინ და განმეორდება დღესაც“, – ამ სიტყვებით დაიწყო ჟურნალისტებთან შეხვედრა ნოდარ ახალკაცმა, შემდეგ კი დასძინა:
„უბილეთო მაყურებლები არც ჩვენი სტადიონებისთვისაა უცხო. იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამორიცხული მსგავსი ტრაგედია ჩვენთანაც განმეორდეს, ეროვნულ სტადიონზე გარკვეული სამუშაოები ჩატარდა. დასაშვებზე მეტად ტრიბუნების გადატვირთვა არ შეიძლება. გაზეთების და ტელევიზიების მეშვეობით გულშემატკივრებს უკვე ვაცნობეთ, რომ ბილეთები უკვე იყიდება, ფასი 5, 10, 12 და 20 ლარია. ხუთლარიანი ბილეთები საფეხბურთო სკოლებში განაწილდება…
ჩვენ უკვე ვესაუბრეთ ქვეყნის პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს და გარკვეულ საკითხებში დახმარება ვთხოვეთ. ახლა, როცა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაციაა, ფიფა და უეფა მკაცრად ეკიდება ბილეთების გაყიდვის საკითხს და ისინი ითხოვენ, რომ ტრიბუნებზე ზუსტად იმდენი მაყურებელი იყოს, რამდენი ბილეთიც გაიყიდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა შეცდომა, შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს, გულშემატკივრების სტადიონის ტერიტორიაზე შესვლა მაქსიმალურად გაკონტროლდება…
ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელი ტელეკომპანია მოაწყობს საქართველო-ინგლისის მატჩის ტელეტრანსლაციას. იცით, აქედან სატელიტური გადაცემა არ ხერხდება, ჯერ ვუკავშირდებით მოსკოვს, შემდეგ სხვა ქვეყნებს“…
გავიდა რამდენიმე დღე და გაირკვა, რომ საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელი, ნაკრების კაპიტანი ალან შირერი თბილისში ვერ ითამაშებდა. ევრო 96-ის ბომბარდირმა საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და მინიმუმ ექვსი კვირით ჩამოშორდა ფეხბურთს. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ შირერის არყოფნაში გლენ ჰოდლი მის თანაგუნდელს, ნიუკასლ იუნაიტედის კიდევ ერთი ფორვარდს, ლეს ფერდინანდს უხმობდა.
28 ოქტომბერს სახელმწიფო მინისტრის, ნიკო ლეკიშვილის კაბინეტში საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების გარდა არაერთი დარგის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ყველა უწყების თანამშრომლები, რომლებიც ინგლისთან მატჩის საორგანიზაციო საკითხებში იყვნენ ჩართულნი.
იმ შეხვედრაზე ითქვა ფიფას ახალი კანონის შესახებ, რომლის მიხედვით მატჩის დაწყებამდე, ორი ქვეყნის ჰიმნის გარდა, ფიფას ჰიმნის აჟღერებაც სავალდებულო გახდა. სფფ-მ საამისოდ სამხედრო-სასულე ორკესტრი დაიქირავა.
ნიკო ლეკიშვილის კაბინეტში გამართულ თათბირზე ყველაზე მეტი ყურადღება უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო. პოლიციის თბილისის სამმართველოს უფროსმა დემურ მიქაძემ დაადასტურა, რომ თამაშის დღეს ეროვნულ სტადიონზე უსაფრთხოებას 3 600 პოლიციელი დაიცავდა, ხოლო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კიდევ რამდენიმე ათეული თანამშრომელი ინგლისელ გულშემატკივრებზე იქნებოდა მიმაგრებული.
მიქაძემ არმიის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ ნაკრების წინა თამაშების მსგავსად, ჯარისკაცები არ გამოეყვანათ. დედაქალაქის პირველი პოლიციელის თქმით, სამხედროები ტრიბუნების პირველ რიგში მოქალაქეების ადგილებს იკავებდნენ, რაც არასასურველ, უაზრო კონფლიქტებს იწვევდა. ჯარისკაცების დახმარება ნიკო ლეკიშვილმაც არ მოიწონა და ამ ხერხს საბჭოთა დროის გადმონაშთი უწოდა. თათბირის დასასრულს გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები თამაშამდე ყოველ ორ დღეში გამართულიყო…
ბოავიშტასთან არნახული მარცხის შემდეგ ხმა დაირხა, დინამოში დიდი წმენდა იწყებაო, მაგრამ კლუბის დირექტორატის წევრმა რომან შოთაძემ, 2 ნოემბერს, სარბიელელ მამუკა კვარაცხელიასთან ინტერვიუში განაცხადა:
„მინდა ერთი რამ ხაზგასმით ვთქვა და ყველა ჭორები გავფანტო: ჩვენ არავის გაშვებას არ ვაპირებთ გუნდიდან, პირიქით, დინამო უნდა გავაძლიეროთ და ამ სეზონში ჩემპიონები უნდა გავხდეთ. ახლა რომ ვინმე გავუშვათ, გუნდს როდისღა ავაწყობთ? ჯერ ამ გუნდზე რამდენი გვიწვალია, ფაქტიურად მაქსიმუმი გააკეთეს ბიჭებმა, სამი ეტაპი გაიარეს! ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა რომ გავუშვათ რამდენიმე კაცი, რა დონეზე ვიქნებით? მოკლედ, სტრატეგიული გეგმა ასეთია, უფრო დეტალურად კი მერაბ ჟორდანიას ჩამოსვლის შემდეგ ვიმსჯელებთ“.
ევროსარბიელზე მწარე მარცხის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატში დინამო კვლავ უკონკურენტო იყო. პორტუგალიიდან დაბრუნების შემდეგ ყიფიანის გუნდმა თელავის კახეთს უმასპინძლა და ალექსანდრე იაშვილის დუბლით 2:0 სძლია. დინამომ ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან ზედიზედ მეთერთმეტე თამაში მოიგო! საოცარი იყო ბურთების შეფარდებაც – 49:9!
2 ნოემბერს, როცა პირველობის მეთოთხმეტე ტური დასრულდა, ალექსანდრე ჩივაძემ და ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა ვლადიმერ გუცაევმა გაფართოებული შემადგენლობები დაასახელეს, ჩივაძემ ოც, ხოლო ახალგაზრდების მთავარმა მწვრთნელმა თვრამეტ ფეხბურთელს უხმო.
ჩივაძის რჩეულთა შორის მოხვდნენ ირაკლი ზოიძე, ნიკა ტოგონიძე, დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე, მურთაზ შელია, ზაზა რევიშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, ლევან კობიაშვილი, გია ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, გოჩა ჯამარაული, გელა ინალიშვილი, გიორგი ღუდუშაური, შოთა არველაძე, გოჩა გოგრიჭიანი, მიხეილ ჯიშკარიანი და გიორგი დემეტრაძე.
გუცაევმა კი ესენი მიიწვია: დავით ასლანაძე, მირიან მალაყმაძე, გივი დიდავა, შალვა ხუჯაძე, გიორგი დავითნიძე, ლევან სილაგაძე, გიორგი ლომიძე, გოგა გახოკიძე, გიორგი კიკნაძე, ლევან ქებაძე, მიხეილ საჯაია, მიხეილ ფოცხვერია, ალექსანდრე იაშვილი, მიხეილ აშვეთია, ლევან ცქიტიშვილი, ვახტანგ იაგორაშვილი, ვალტერ გუჩუა, ვლადიმერ გაბედავა.
ორივე გუნდი დიღომში, დინამოს ბაზაზე დაბინავდა. 3 ნოემბერს, დილით, ეროვნულის პირველ ვარჯიშში მხოლოდ ათი ფეხბურთელი მონაწილეობდა, მხოლოდ ისინი, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ.
ერთი დღის შემდეგ ნაკრებს ტრაბზონსპორის ლეგიონერები შოთა არველაძე და გიორგი ნემსაძე დაემატნენ, რამდენიმე საათში კი ბაზაზე რუსეთის კლუბებში მოთამაშე მურთაზ შელიამ, ზაზა რევიშვილმა და მიხეილ ჯიშკარიანმა შეაბიჯეს.
კახი ცხადაძე და გიორგი ღუდუშაური 4 ნოემბერს, საღამოს ჩამოვიდნენ თბილისში და მეორე დილით მიაკითხეს ბაზას. მათთან ერთად უნდა ყოფილიყო გიორგი ქინქლაძეც, თუმცა მას ფრანკფურტში თვითმფრინავზე დააგვიანდა და მხოლოდ 6 ნოემბერს, დილით შეძლო ბაზაზე მისვლა, თემურ ქეცბაიასთან და გოჩა გოგრიჭიანთან ერთად.
ჩივაძის გადაწყვეტილებით, 5 ნოემბერს ბაზაზე ჟურნალისტებიც შეუშვეს, ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მთავარმა მწვრთნელმა მედიის კითხვებს უპასუხა. ახალი არაფერი, მორიგე კითხვა-პასუხი იყო: ყველა საუკეთესო აქ არის… ტრავმები არავის აწუხებს… ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ მატჩის დღეს, დილით გაირკვევა…
ღია ვარჯიშს დაესწრო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილიც, რომელმაც კოლეგებს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება შეატყობინა. ჟურნალისტებმა იცოდნენ, რომ ინგლისთან მატჩზე ჩვეულებრივი, სეზონის სტარტზე მიღებული აკრედიტაციით შევიდოდნენ, მაგრამ სფფ-ის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა გადაწყვიტა, რომ 1996-1997 წლების სეზონისთვის გაცემული მედიასაბუთით თამაშს ვერავინ დაესწრებოდა. ამ ამბავს სპორტულ ჟურნალისტთა აღშფოთება მოჰყვა. ფედერაციამ, აქაოდა პრობლემები ისედაც არ გვაკლიაო, დახმარება ელგუჯა ბერიშვილს სთხოვა.
სსჟა-ს პრეზიდენტმა ბაზაზე შეკრებილი კოლეგები დაამშვიდა: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შევთანხმდით, რომ სეზონის აკრედიტაცია ძალაში დარჩება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულად ამ თამაშზე დასწრების სურვილი ძალიან ბევრმა გამოთქვა, გადავწყვიტეთ მხოლოდ ამ მატჩისთვის დამატებითი საშვები გავცეთ. ხსენებულ საბუთს მედიის შესაბამისი წარმომადგენლები თამაშის წინა დღეს, პარასკევს, 8 ნოემბერს მიიღებენ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისში. კიდევ ერთი სიახლე: ტრადიციული პრესის ლოჟა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩის საპატიო სტუმრებს დაეთმობათ, ჟურნალისტები კი ქვევით ჩაინაცვლებენ“.
რაც უფრო ახლოვდებოდა ინგლისის ნაკრების სტუმრობის დღე, მით უფრო მეტს წერდა ბრიტანული პრესა ქართველ ფეხბურთელებზე და საქართველოზე. სანის, დეილი მირორის, დეილი მეილის, ივნინგ სტანდარდის და სხვა გამოცემების კორესპონდენტები ჰოდლის ბიჭებზე ადრე ესტუმრნენ თბილისს და მკითხველს მატჩის მასპინძელი ქალაქიდან უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.
გაზეთი სანი: „გაზას პრობლემებზე ქართულმა გამოცემებმა ლამის ინგლისურებს გაუსწრონ. ამიტომ, ჩივაძე კარგადაა ინფორმირებული ყოველივეზე. იგი ეთანხმება ჰოდლის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ თავადაც ასე მოიქცეოდა. ჩივაძის თქმით, მან კარგად შეისწავლა ინგლისის ნაკრები და მიაჩნია, რომ ეს გუნდი ინგლისის ისტორიაში საუკეთესოა. ჩივაძეს განსაკუთრებით მოსწონს დევიდ სიმენი და დაცვა“.
ივნინგ სტანდარდის ჟურნალისტმა ეროვნული გუნდის და დინამოს ნომერ პირველ მეკარესთან, ირაკლი ზოიძესთან ჩაწერა ინტერვიუ, საქართველოს და ქართული ფეხბურთის შესახებ კი ვრცელი ჩანახატი მოამზადა:
„ირაკლი ზოიძე, საქართველოს ნაკრების მეკარე, მოდური სათვალით, გემოვნებიანი ჩაცმულობით და BMW-თი წარმატებული ფეხბურთელის მაგალითი და თბილისელი გოგონების თაყვანისცემის ობიექტია. ოზურგეთელ ზოიძეს თავის დროზე სეპარატისტებთან ომში წასვლა სურდა, მაგრამ არ გაუშვეს, მისი ბევრი მეგობარი კი იქ დაიღუპა…
ირაკლის მიაჩნია, რომ ალან შირერი უძლიერესი თავდამსხმელია და კმაყოფილებას ვერ მალავს, რომ ის თბილისში ვერ ითამაშებს. „თუმცა მაინც ძალიან ძნელი თამაში გველის“, – ამბობს თბილისის დინამოს კაპიტანი, რომელიც, მართალია, დიღმის მყუდრო საწვრთნელ ბაზაზე მოცილებულია ქალაქის პრობლემებს, მაგრამ ბევრ რამეში მაინც ისეთივე ქართველია, როგორიც სხვები. თუნდაც იმით, რომ მისი მანქანის საქარე მინა ისევე გაბზარულია, როგორც უმრავლესი მანქანისა…
ინგლისში მარცხენამხრივი მოძრაობაა, დანარჩენ ევროპაში მარჯვენამხრიანი, ქართველებისთვის კი ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს – ისინი ცენტრში სიარულს ამჯობინებენ და ქალაქის ქუჩებში ისევე დადიან, როგორც ჩვენში ჩქაროსნულ ტრასაზე…
საქართველოში ბევრს სურდა ფეხბურთზე სიარული და საერთოდ, ცხოვრება, მაგრამ ისინი ომში დაიღუპნენ. მათ შორის იყო ფეხბურთელი ზაზა ბენდელიანი, ვისაც მისი მეგობრები ახლაც დიდი პატივით იხსენებენ და მისი სახელობის ტურნირსაც ატარებენ. ომობდა გრიგოლ ცაავაც, რომელიც გადარჩა, ფეხბურთსაც დაუბრუნდა, მაგრამ ომის სტრესისგან ვერ გათავისუფლდა და კარიერა დაამთავრა…
ფეხბურთს ქართველებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოედანი მათთვის ხანდახან ბრძოლის ველს უტოლდება. ამიტომ, ჰოდლს და მის ბიჭებს შაბათს მხოლოდ თერთმეტ კაცთან როდი ექნებათ სათამაშო, მათ წინააღმდეგ მთელი ერი იქნება“.
დეილი ტელეგრაფის ჟურნალისტი ბრაიან ბათლერი თბილისს მეორედ ეწვია და კვლავ ნაკრებთან ერთად. 1986 წლის მარტში, როცა ბათლერი პირველად ესტუმრა საქართველოს დედაქალაქს, ინგლისმა საბჭოთა კავშირს ამხანაგური თამაში 1:0 მოუგო. ინგლისელებს მაშინ ბობი რობსონი წვრთნიდა და ის გუნდი მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. ბათლერმა დაწერა:
„ინგლისის ნაკრებისთვის ეს თამაში მეასეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. რა თქმა უნდა, ამის გამო სამეფო კარისგან ჰოდლი მისალოც წერილს არ უნდა ელოდოს, მაგრამ კარგი იქნება, თუ მისი გუნდი თბილისში მეფურად ითამაშებს. ისე, მე თუ მკითხავთ, კარგი ნებისმიერი ანგარიშით მოგება იქნება…
საქართველოში წამსვლელებს გაფრთხილებთ: მთავარი საშიშროება ქართული სტუმართმოყვარეობაა: მათი სასმელი სასიკვდილოა, სუფრასთან ჯდომისას ქართველებს დროის შეგრძნების უნარი ეკარგებათ, ადღეგრძელებენ ყველას და ყველაფერს რომის პაპიდან დაწყებული მულტფილმის გმირებით დამთავრებული. გეშინოდეთ ქართველების, მათი ეროვნული პოემის მთავარი გმირი ვეფხვის ტყავით შემოსილი კაცია“.
დეილი ექსპრესი: „ძალიან კარგი, რომ გაზას პირველი თამაში ცნობილი მოვლენების შემდეგ თბილისში შედგება. აქ შუქი არ არის და საღამოობით ქალაქი უკუნეთში იძირება. ასე რომ, ჰოდლს სასტუმროში არავის ძალით დაკავება არ მოუხდება.
სასტუმრო მეტეხში, სადაც ჩვენები იცხოვრებენ, მდებარეობს ბრიტანეთის საელჩო და მის თვალს არაფერი გამოეპარება. საკვირველია, მაგრამ ყველა დიდი ოტელისგან განსხვავებით, მეტეხში ბოზები არ არიან. ბრიტანეთის ელჩის თანაშემწემ მაიკლ ჰენქიქსმა თქვა: სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ მთელი ქალაქი მოვიარე და ერთი ბოზიც კი ვერსად ვნახე. არადა, მეგონა, ისევე როგორც სოცბანაკის ყოფილ ქვეყნებში, აქაც ტელეფონის რეკვით შეგვაწუხებდნენ – ქალი ხომ არ გნებავთო…
გესქოინის და მისნაირი ტემპერამენტის პატრონ ჩვენს ფეხბურთელებს ნებისმიერ ცდუნებას ჩაუხშობს ცივი წყალი, სტადიონის გასახდელში რომ მოდის. შევარდნაძემ მართალია შეაჩერა ომი, მაგრამ ცხელ წყალსა და გათბობას ვერ მიაღწია. ამიტომ, ქართველები შიშით ელიან მორიგ ზამთარს…
მართალია სტადიონი გაივსება, მაგრამ ტრადიციულად, ყოველი მეოთხე უბილეთოდ შეიპარება“.
I ნაწილის დასასრული
(გაგრძელება 4 დეკემბერს)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 27 ნოემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი
* – 2025 წლის 27 ნოემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
