რიო 2016-ის ვალი გაიზარდა

რიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დავალიანება 3-ჯერ გაიზარდა. ახლახანს გამოქვეყნებული მონაცემებით, რიო 2016-ის ვალი დაახლოებით 113 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დეკემბრის მონაცემით ის 32 მილიონ დოლარს შეადგენდა.

რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ვალების დარეგულირების თხოვნით ბრაზილიის მთავრობას კარგა ხნის წინ მიმართა. 2017 წელს რიო 2016 დახმარებისთვის საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც – IOC – შეეხმიანა, მაგრამ უარი მიიღო.

დავალიანების დიდი წილი იმ კომპანიებზეა, რომელიც ორგანიზატორებს თანამედროვე არენების მოწყობაში ეხმარებოდნენ. სხვა კრედიტორებს შორისაა ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტიც – მათი ვალი 4 მილიონი დოლარია.

უცნაურია, მაგრამ რიო დე ჟანეიროს ყოფილმა მერმა ედუარდო პაესმა შარშან განაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს ქალაქისთვის ვალი არ დაუტოვებია. ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, ოლიმპიურმა თამაშებმა რიო დე ჟანეიროს და გარეუბნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 თებერვალი)

ka_GEGeorgian